ბლოგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და ანტიდასავლური გზავნილები 18-24 ნოემბერი

ფეისბუქზე ნიკოლოზ ღლონტის სახელით მოქმედებს ანგარიში, რომელიც აქტიურად ავრცელებს ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილებს. კერძოდ, იგი თავს ესხმის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ცალკეულ კრიტიკულ მედიასაშუალებებს. ამავე დროს, ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ხელისუფლების მხარდამჭერი პოსტებით გამოირჩევა. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოსახულების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ პროფილზე გამოსახული პირის ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და აღნიშნული ადამიანი, რეალურად, არ არსებობს.

 

 

   

ნიკოლოზ ღლონტის ანგარიშზე მითითებულია, რომ ის პოლონეთში ცხოვრობს და ვარშავის ეკონომიკური სკოლა (SGH Warsaw School of Economimcs) აქვს დამთავრებული. ანგარიშს ამჟამად 4.9 ათასზე მეტი მეგობარი ჰყავს. მისი პოსტების ნაწილი მაღალი ინტერაქციით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი პოსტი, რომელიც ნეგატიურად ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის, 15 ნოემბრის საპარლამენტო ტექსტს, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდზე, „გლდანელი“, რეკლამის სახით განთავსდა.

 

„მითების დეტექტორის“ თანახმად, ეს ანგარიში, რომელიც  ფეისბუქჯგუფსაც „ირაკლი ღარიბაშვილი-ქართული ოცნება“ მართავს, მანამდე პოლონეთში მცხოვრები სოციალური ქსელების მომხმარებლის,არტიომ სტეფანოვის, ფოტოს იპარავდა.. აღნიშნული მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამოვლენილი მოპარული ფოტო წაიშალა და პროფილზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო გამოჩნდა.

ერთი შეხედვით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოს რეალურისგან გასხვავება რთულია, თუმცა გარკვეულ დეტალებზე დაკვირვებით შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანის სახე ხელოვნურად შექმნილია.

  • თმა ფონთანაა შერეული. აღნიშნული ნიშანი არა მხოლოდ თმის, არამედ წარბების შემთხვევაშიც გვხვდება, რომელიც კანთან არაბუნებრივადაა შერეული.

  

  • ასიმეტრიულია ყურების ფორმა და ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოებზე ხშირია; ასიმეტრია გვხვდება ყბის მოყვანილობასა და კისერზეც; ხელოვნური ინტელექტი ასევე დახვეწილად ვერ ამუშავებს კბილებს, მისი კვალი  ტუჩის არეში და ცხვირის ნესტოებზეც შესამჩნევია.

 

საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი ყალბი ანგარიშის ფოტო  ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. 2019 წელს გიორგი აღაპიშვილის სახელით პოზიციონირებდა ფეისბუქგვერდი, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდა და გამომჟღავნების შემდეგ წაიშალა. 

 

„ხალხის ძალა“: უცხოეთიდან NGO-ების დაფინანსების არსებული პრაქტიკა სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის და მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქართული არასამთავრობო სექტორის დაფინანსება საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს და წინადადება, დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მომზადდება. მოძრაობა, რომელიც მმართველი პარტიიდან ფორმალურად გამოყოფილმა პოლიტიკოსებმა ჩამოაყალიბეს, ამტკიცებს, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზეა მიმართული, რომლებიც აგენტებად მოქმედებენ და აღნიშნული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. ის, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი სამოქალაქო ორგანიზაციებს ხმარდება, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რაც, „ფაქტმეტრის” მიხედვით, აშკარა ტყუილია.

წერილში აღნიშნულია, რომ უცხოური აგენტები მოქმედებენ ევროპაშიც, სადაც  სახელმწიფოების უმრავლესობას სუვერენიტეტი არსებითად დაკარგული აქვს.. „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული და ადამიანის უფლებებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტები დასავლეთიდან იყო ნაკარნახევი. მათივე თქმით, უცხოელი პარტნიორები გააგრძელებენ საუბარს უკუსვლაზე მანამ, სანამ აგენტების მმართველობა არ აღდგება.

გარდა ამისა, მოძრაობა განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს მიზნად. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ქართველიშვილმა, განაცხადა, რომ მოძრაობის სურვილია, „ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში და აგენტოკრატიის ველიდან კონსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან დააბრუნოს“.

ლევან ხაბეიშვილის დისკრედიტაცია პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ

16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. მალევე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებსა და „პოს ტივის“ ფეისბუქგვერდებზე აქტიურად დაიწყო მისი მადისკრედიტირებელი პოსტებისა თუ გადაცემების ტირაჟირება. ანონიმურ გვერდებზე დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებდნენ ხაბეიშვილთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვიდეოს. მათ შორის, მის მიერ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით წარსულში გაჟღერებული განსხვავებული პოზიციაც კანდიდატის უპრინციპობაზე ხაზგასასმელად გამოიყენებოდა. გაშარჟების საფუძველი გახდა ლევან ხაბეიშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში ნახსენები ფრაზაც - „ქურქუმალ ვაითი“. აღნიშნული ფრაზა სარკასტულად გავრცელებული იყო, როგორც ანონიმურ გვერდებზე, ისე ტელევიზიის მიერ მომზადებულ გადაცემებსა და გვერდზე განთავსებულ ირაკლი კობახიძის განცხადებაშიც.

 

პროსახელისუფლებო აქტორების მხრიდან კელი დეგნანის საწინააღმდეგო გზავნილები დეოლიგარქიზაციის კანონსა და დევიდ კრამერზე გაკეთებული განცხადებების გამო

21 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნა შესრულებული უნდა იყოს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნული განცხადება დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს და ამჟამად ამ კანონზე არც საქართველოდან და არც უკრაინიდან მოსაზრების წარმოდგენის მოთხოვნა არ არსებობს. განცხადების შემდეგ პროსახელისუფლებო ექსპერტები და „ხალხის ძალის” წევრები  აშშ-ის ელჩის კრიტიკა დაიწყეს.

ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები დეგნანის კანონპროექტით დაინტერესებას ეჭვქვეშ აყენებდნენ. ისინი ელჩს წინსწრებით, არმომხდარ ფაქტებზე საუბარში სდებდნენ ბრალს, რადგან უკრაინის კანონი ვენეციის კომისიის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. პროსახელისუფლებო აქტორების მტკიცებით, მიმდინარე პროცესები დეგნანთან წინასწარ არის შეთანხმებული. ექსპერტები ელჩს საქართველოს წინააღმდეგ შეტევისთვის უკრაინის გამოყენებაშიც სდებდნენ ბრალს.

დეგნანის საწინააღმდეგო გზავნილები ამერიკელი მკვლევრის, დევიდ კრამერის, განცხადების შესახებ მის კომენტარსაც უკავშირდებოდა. კრამერის განცხადება  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა, დეგნანმა კი განაცხადა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ სურდა, თუმცა, მისი აზრით, კრამერი საქართველოზე ზრუნავს და მისი წარმატება აინტერესებს. პროსახელისუფლებო ექსპერტები ელჩს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების კამპანიაზე მკაფიო განცხადებას არ აკეთებს.

Ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშრებით კოლექტიურ მოსაზრებებს შემდეგი ექსპერტები ავრცელებდნენ: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, ნინო ფოჩხუა, გია გაბრიჭიძე, ლევან ნიკოლეიშვილი, ირაკლი ლატარია, გია აბაშიძე, ედიშერ გვენეტაძე. იმავე შინაარსით მასალას ფეისბუქგვერდი „პოსტვ-ანალიტიკაც” ავრცელებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ვაშაძის გაშარჟება პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მისი შედარება მიხეილ სააკაშვილთან

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის საწინააღმდეგო პოსტები ფეისბუქის ანონიმურ გვერდებზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ვიზიტის დროს იგი სიტყვით გამოვიდა. ამ გვერდებზე, ვაშაძის დამცინავი პოსტები იდებოდა, რომლებშიც სიტყვით გამოსვლილსას მას მიხეილ სააკაშვილს ამსგავსებდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის დაცინვა პარლამენტში გამოსვლის შემდგომ

18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსაზრებებს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ირაკლი ღარიბაშვილის დამცინავი პოსტები განთავსდა, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას და ზოგადად ამ გამოსვლას მიემართებოდა.

 

 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებშისამართლიანი არჩევნებიყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები

 

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle- და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას.  
გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge