ბლოგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 2-13 მარტი

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ძალადობრივად წარმოჩენა

„ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფმა, „ხალხის ძალამ”, 14 თებერვალს „უცხოური გავლენის აგენტებზე” კანონპროექტის ინიცირება დააანონსა. კანონპროექტის კომიტეტზე განხილვის დღიდან პარლამენტთან რუსული სტილის კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა. აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც   მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 10 მარტს უმრავლესობამ ინიციირებული კანონპროექტი გაიწვია.

აქციების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებსა და ანგარიშებზე აქტიურად ვრცელდებოდა აქციებიდან კადრები, რომლებშიც აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული. ეს გვერდები მიუთითებდნენ იმაზე, რომ აქცია არა მშვიდობიანი, არამედ ძალადობრივი ხასიათის იყო. აქციის მონაწილეებს რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობაშიც ადანაშაულებდნენ.  გვერდები, აქციის დისკრედიტაციას მის პოლიტიკურ მიზნებზე აპელირებითაც ცდილობდნენ. კერძოდ, ისინი მიუთითებდნენ აქციაზე მყოფ და სიტყვით გამომსვლელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და ხაზს უსვამდნენ, თითქოს აქციის სადავეები ხელში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდო.

 

 

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდების დაცინვა

ფეისბუქზე ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედი გვერდები აქციის მონაწილე ახალგაზრდების საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდნენ. კერძოდ, დასცინოდნენ სიტყვით გამომსვლელებს, ავრცელებდნენ აქციაზე ცეკვის ვიდეოს და მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებად წარმოაჩენდნენ. ამასთანავე, ეს გვერდები აქციის მონაწილე საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მადისკრედიტირებელ გზავნილებს ავრცელებდნენ.

 

 

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის საწინააღმდეგო კამპანია  რელიგიური მოტივებით

ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებსა და ანგარიშებზე აქტიურად ვრცელდებოდა '„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „სტრატეგია აღმაშენებლისა" და '„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების მადისკრედიტირებელი გზავნილები. გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის საწინააღმდეგო გზავნილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსული კანონპროექტის განხილვის პერიოდსა და უშუალოდ აქციების მიმდინარეობისას მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და ქმედებებს შეეხებოდა. ქალი დეპუტატებისა და სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, შემთხვევაში კი საპარლამენტო მოსმენისას მათ ემოციურ ფონზე დაცინვასა და დაფიქსირებულ პოზიციებზე ცინიკურ გამოხმაურებებს ეთმობოდა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილს გვერდებზე ეკლესიასთან დაპირისპირებულად წარმოაჩენდნენ. აღნიშნულმა კამპანიამ არა მხოლოდ ონლაინ სივრცეში, არამედ ქუჩებშიც პლაკატების სახით გადაინაცვლა.

 

 

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის გავრცელება პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა და ანონიმური გვერდების მიერ

13 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ოფიციალურად ჩაგდების შემდეგ, ანონიმურად მოქმედ გვერდებსა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდებზე გავრცელდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეო რგოლი სახელწოდებით „რა ეწერა კანონის პროექტში, რომლის მიღებასაც პარლამენტი გეგმავდა?". ვიდეოში მანიპულაციურად იყო ახსნილი რეესტრის მოქმედების დეტალები, კანონი დადებით კონტექსტში იყო განხილული და აღნიშნული იყო, რომ ასეთი კანონები თითქოს სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. „POSTV ანალიტიკის“ გვერდიდან ვიდეო სხვადასხვა ჯგუფში პროსახელისუფლებო ექსპერტმა, გია აბაშიძემ, გაავრცელა.

 

 

 

„ხალხის ძალისა" და „ქართული ოცნების" ლიდერების საწინააღმდეგო გზავნილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე, „ხალხის ძალის'' და მმართველი პარტიის ლიდერების საწინააღმდეგო გზავნილები ფოტომანიპულაციების გამოქვეყნებით და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების დაცინვით  ვრცელდებოდა.  კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები მოიხსენიებოდნენ, როგორც მოღალატეები და პრორუსულები. შეურაცხმყოფელი დასათაურებებით ვრცელდებოდა კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მიხეილ ყაველაშვილის ფოტოსურათებიც, რომლებიც პოლიტიკოსის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს მიემართებოდა და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს დამაკნინებლად წარმოაჩენდა. 

 

 

 

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის გაწვევის შემდგომ მმართველი ძალის გაშარჟება

 ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე კანონპროექტის გაწვევის შემდგომ აქტიურად ვრცელდებოდა ფოტომანიპულაციები, რომლებიც მმართველი ძალის წარმომადგენლების შეშინებულ და რთულ მდგომარეობაში ყოფნაზე მიუთითებდა. მათი ნაწილი ხაზს უსვამდა ე.წ Gen Z თაობის უპირატესობას და „ქართულ ოცნებასთან" მიღწეულ წარმატებასაც.

 

 

 

 ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge

 

 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებსდა შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.