ბლოგი

ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის ინიციატივა - რუსული პროპაგანდის ახალი იარაღი: კრემლისტური ანგარიშების გააქტიურება პლატფორმა X-ზე

 

14 სექტემბერს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გორში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე ისაუბრა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „აგვისტოს ომი“ „გარედან დავალებით”, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ გააჩაღა.

 
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.” - ბიძინა ივანიშვილი

 

ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების  კრიტიკა მოჰყვა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრების მხრიდან ნეგატიური შეფასებებიც გაზიარდა[1]. მას შემდეგ მთავრობის სხვა წარმომადგენლები და პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ბიძინა ივანიშვილის განცხადების ინტერპრეტაციას და შემსუბუქებას ცდილობდნენ.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ინიციატივას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში მოქმედი რუსული/პრორუსული ანგარიშების მხრიდან. 14-15 სექტემბერს, საყურადღებო იყო აქტიურად გაჩაღებული საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი), სადაც კრემლისტური პროპაგანდისტული ანგარიშები აღნიშნულ განცხადებას ორგანიზებულად,  პოზიტიურ ჭრილში ეხმიანებოდნენ. შესწავლილი ანგარიშები რუსული და საერთაშორისო აუდიტორიისთვის პრორუსული გზავნილების გავრცელებას ემსახურებიან. მათი ჩვეული პოსტები უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლებას და მიმდინარე ომში, დასავლეთის ბრალეულობას შეეხება. ანგარიშების ნაწილი პოსტებს იდენტური ტექსტით ათავსებს, რომლებსაც შემდგომ საეჭვო ანგარიშები აზიარებენ. „სამართლიანი არჩევნები“ გთავაზობთ კრემლისტური პროპაგანდისტული ანგარიშების აქტივობის მიმოხილვას, რომლებიც სოციალურ ქსელ X-ზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას რუსული პროპაგანდისთვის იშველიებდნენ. მონაცემთა შეგროვებისთვის გამოყენებული იქნა პლატფორმის გაფართოებული ძებნის ფუნქცია (Advanced Search)[2].

 

  1. კრემლისტური ანგარიშების გააქტიურება სოციალურ ქსელ X-ზე

პლატფორმა X-ზე 14-15 სექტემბრის პერიოდში,  ბიძინა ივანიშვილის გორში გამოსვლის გაზიარებებს შორის, მრავლად იყო მისი გამოსვლის შესახებ რუსულ ენაზე გამოქვეყნებული პოსტები. გამზიარებლების დიდი ნაწილი ვიდეოს პოზიტიურ კონტექსტში, ერთმანეთის იდენტური ან მსგავსი გზავნილით ავრცელებდა. აღნიშნული ანგარიშები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს გამოსვლას უწონებდნენ და მიმართვის ნაწყვეტს თავისი კედლებისთვის ჩვეული, რუსული პროპაგანდის გასაგრძელებლად იყენებდნენ. შესწავლილი ანგარიშების  ნაწილი პლატფორმა X-ზე ყოველდღიურ რეჟიმში, ერთმანეთის მსგავს მასალას აზიარებს.

ორგანიზაციის დაკვირვებით, პლატფორმა X-ზე მოქმედი ანგარიშების ნაწილი, რომლებიც დადებითად შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, რუსული პროპაგანდის გატარებისთვის გამოიყენება. იგივე ანგარიშები საკუთარ პროფილებზე აქტიურად აზიარებენ კრემლისტურ გზავნილებს, ამართლებენ რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს, ხაზს უსვამენ მის პოლიტიკურ დომინაციას, აკრიტიკებენ დასავლეთს, წარმოაჩენენ უკრაინელებს როგორც ნაცისტებს და სხვ.

ანგარიშების ნაწილის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან პროფილზე რეალური სახელი და ფოტო არ ფიგურირებს.   შესწავლილი ანგარიშების ნაწილი პოპულარობით გამოირჩევა. ისინი სიახლეებს რუსულ და ინგლისურ ენებზე ათავსებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების გამზიარებლებს შორის შეხვდებით იდენტურ ანგარიშებს. მსგავსს აქტივობას ორგანიზებული ხასიათი აქვს და პოსტებზე წვდომის (reach) გაზრდას უნდა ემსახურებოდეს. შესწავლილი ანგარიშების ნაწილზე  ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც ერთი და იმავე ვიდეოს გაზიარებით გამოქვეყნდა. ვიდეოს რუსული სუბტიტრები ადევს. მსგავსი ვიდეო სუბტიტრებით იძებნება რუსულ იუთუბ (YouTube), რუთუბ (Rutube) და ვკონტაკტეს (VKontakte) არხებზე.

 

სურათი 1. Stella Moscow „ჩვენ, ყირიმელები ბედნიერი ვართ სამშობლო რუსეთთან შეერთებით“.
პოსტი: „მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ოსებს ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 წლის ომის გამო.დღეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო არც ქართველი და არც ოსი ხალხის ნება”

 

სურათი 2. „მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ოსებს ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 წლის ომის გამო.დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი”

 

ანგარიშების პროპაგანდის შესაძლო გავლენაზე მათ პოსტებზე მაღალი წვდომა წარმოადგენს. მაგალითისთვის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის პოსტს ანგარიშიდან @MyLordBebo  აქვს 511 გაზიარება და  496.8 ათასი ნახვა[3].  აღნიშნული ანგარიში ცნობილია, როგორც პროკრემლისტური. ის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსეთის სასარგებლოდ ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში არაერთხელ ამხილეს[4].

 

სურათი 3.„ნიურნბერგის სასამართლო პროცესი ნატოს ადგილზე მოკავშირეებისთვის! ამჟამად უზარმაზარი გეოპოლიტიკური მოვლენა ხდება! საქართველოს სურს გაერთიანება ოსეთთან, რომელსაც რუსეთი იცავს და საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა (სწორად) არა დაპირისპირების, არამედ დიპლომატიის და მეგობრობის გზა. ისინი ასევე ასუფთავებენ ამერიკის მარიონეტმოკავშირეებს, რომლებმაც საქართველო ომში ჩააგდეს! ‼️ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ნიურნბერგის სასამართლო პროცესი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც ოსეთის წინააღმდეგ ომი 2008 წელს დაიწყეს! მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს ოს ხალხთან „გულწრფელ შერიგებას“. ????️ „გპირდებით, რომ საქართველოს ნიურნბერგის სასამართლო პროცესი ძალიან მალე გაიმართება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთანავე, როდესაც ომის წამქეზებელნი სასამართლოს წინაშე წარდგებიან, როცა ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების ნგრევაზე ყველა პასუხისმგებელი მიიღებს უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს, აუცილებლად ვიპოვით ძალას, ბოდიში მოვიხადოთ."-> ეს იქნება დიდი გეოპოლიტიკური ძვრა, ვინაიდან ნატოს ყოფილი მარიონეტული და ფერადი რევოლუციის ქვეყანა თავისუფლდება უცხოური გავლენისგან და შეძლებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას კონფრონტაციის გარეშე.თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში იქნება უცხოური გავლენისა და პროტესტის ქარიშხალი!”

 

საეჭვო ანგარიშების ნაწილი ერთმანეთის იდენტურ პოსტებს ვიდეოს დართვის გარეშეც ათავსებდა. Მათი ნაწილი სიახლეს აზიარებდა კრემლისტური სააგენტო RT და Sputnik-დან. სიახლის გაზიარებისას პლატფორმა X-ზე მოქმედი ანგარიშები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის გამო ქართველებს აქებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა აღნიშნულმა რუსულმა სამთავრობო სააგენტოებმა, RIA Novosti-სთან ერთად, გააშუქეს კონფლიქტის იდენტური აღწერის დართვით, რომ „საქართველო 2008 წელს თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს, რის შემდეგაც რუსეთს, (რუსეთის) მოქალაქეების დაცვა მოუწია’. წორედ ეს კრემლისტური გამოცემები მოექცნენ აშშ-ის სანქციების ქვეშ, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობის და მსოფლიოში, ფარული გავლენის ოპერაციების გატარების გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, RT წარმოადგენს კიბერ შესაძლებლობების სუბიექტს, რომელიც სცდება მედიასაშუალების სტატუსს და უცხოეთში,  დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედებს. გამოძების თანახმად, სააგენტოს მოლდოვის 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაც ჰქონდა.

პლატფორმა X-ზე კრემლისტური ანგარიშების გაზიარებებს შორის იყო მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც ის ომის დაწყებას ასევე მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა. ანგარიშები მიესალმებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს და აღნიშნავდნენ, რომ ეს „სიმართლე“ რუსებისთვის ყოველთვის ნათელი იყო.

სურათი 3. „საქართველო აპირებს თავისი 2008 წლის აგრესიის გამო, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო წამოწყებული, ოსებს ბოდიში მოუხადოს. ეს იქნებოდა საოცრად ძლიერი და სწორი ნაბიჯი. მსგავსი ქმედება იმსახურებს მაქსიმალურ პატივისცემას.”

სურათი 4. „საქართველოს ხელისუფლებას აქამდე არ შეეძლო ეთქვა სიმართლე, იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ომი საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე. რუსეთი ამის თაობაზე 2008 წელს საუბრობდა, მაგრამ ყველა საპირისპიროს ამტკიცებდა”
„სიმართლე ადრე თუ გვიან თავს იჩენს” 

 

  1. შესწავლილ ანგარიშებზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის პოზიტიურად გაზიარების კონტექსტი და ძირითადი გზავნილები:

 

გზავნილი 1: საქართველოსა და უკრაინაში გაჩაღებულ კონფლიქტებში რუსეთის უდანაშაულობაზე ხაზგასმა

შესწავლილი ანგარიშების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის გამოსვლას რუსეთის ბრალეულობის გასამართლებად იხმობდა. ანგარიშები გამოსვლას უკრაინის კონტექსტში აზიარებდნენ და  აღნიშნავდნენ, რომ  უკრაინის შემთხვევაშიც „ნათელი მოეფინებოდა“ რუსეთის უდანაშაულობას.

სურათი 5. „ნუთუ, 2008 წელს  საქართველოც ანალოგიურად გამოიყენეს. 13 წლის შემდეგ კი რუსეთის სამხედრო ქმედებები ოფიციალურად ლეგიტიმურად იქნა აღიარებული. იგივეს აღიარებენ უკრაინასთან მიმართებაში, ადრე თუ გვიან. ისინი შეცვლიან პოლიტიკოსებს ნატოს ქვეყნების ხელმძღვანელობაში და იტყვიან, რომ ეს წინა პოლიტიკოსების შეცდომა იყო...“

 

სურათი 6. „საქართველოს ხელისუფლებას სურს ბოდიშის მოხდა 2008 წელს ოსებსა და ქართველებს შორის ომის გამო, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო. მხოლოდ უკრაინელები ცხოვრობენ თავიანთ პარალელურ რეალობაში და თვლიან, რომ ყველაფერში რუსეთია დამნაშავე.“

 

 

გზავნილი 2: საქართველოს ქება დანაშაულის აღიარების გამო

კრემლისტური ანგარიშები აქებდნენ ქართველებს 2008 წლის აგვისტოს ომის „დანაშაულის აღიარების“ გამო და ამდენი წლის შემდეგ, „ჭეშმარიტების სინათლეზე გამოტანას“ მიესალმებოდნენ. კრემლისტური ანგარიშების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს „ღირსეულ“ საქციელს უწონებდა და პატივისცემას უცხადებდა. მსგავსი შინაარსის ან/და იდენტური პოსტი რამდენიმე კრემლისტურმა ანგარიშმა გამოაქვეყნა.

 

სურათი 7. „საქართველო აპირებს ბოდიშის მოხდას ოსებისთვის 2008 წელს სააკაშვილის მიერ გაჩაღებული აგრესიის გამო.“
„ძლიერი ნაბიჯია!როგორი ადეკვატურია ივანიშვილი!“
„ასე გამოიყურება  სახელმწიფო, რომელსაც ნამდვილად მშვიდობა სურს. ალამს ვუთვლით <<მშვიდობის ინიციატივებს 404>>“

 

სურათი 8. „საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას ბოდიში მოიხადოს 2008 წლის ოსებსა და ქართველებს შორის ომის გამო, რომელიც სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გარედან ბრძანებით წამოიწყეს!
ყოჩაღ, რომ აღიარეთ!
აი, უკრაინელებს კი  დონბასში რუსების გენოციდი არ ეპატიებათ! “

 

სურათი 9. „...კარგია, რომ ამდენი წლის შემდეგ სიმართლე საბოლოოდ გაირკვა.იმედი მაქვს სამხრეთ ოსები და ქართველები იპოვიან გზას მშვიდობისკენ, როგორი ფორმითაც ეს შესაძლებელია.

 

 

გზავნილი 3: „საქართველო, როგორც დასავლეთის მარიონეტი“ -  პარტია „ქართული ოცნების“ ქება „დასავლეთის გავლენებისგან“ თავდაღწევის გამო

კრემლისტური ანგარიშების მიერ გაზიარებულ გზავნილებში ხაზგასმული იყო დასავლეთის ზეწოლის როლი საერთაშორისო კონფლიქტებში. 2008 აგვისტოს ომიც სწორად დასავლეთის დაკვეთით წარმოჩინდა და ამის დასამტკიცებლად, კრემლისტური ანგარიშები, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს იშველიებდნენ. კრემლის პროპაგანდისტები საქართველოს დასავლეთის მარიონეტად წარმოაჩენდნენ და უწონებდნენ პარტია „ქართულ ოცნებას“ ამ მარწუხებიდან დაღწევას.

სურათი 10. „თუ საქართველო შეძლებს გაასამართლოს ომის პროვოკატორი, რომელმაც ქვეყანა მოკავშირე-მარიონეტი გახადა, დაიბრუნოს ოსეთი და მშვიდობით თანაიცხოვროს რუსეთთან.. მსოფლიო შეიცვლება. ეს გამოდგება მომავალში სხვა ქვეყნებთან ან ჩინეთთან უერთიერთობის ბაზისად. აშკარაა, რომ მშვიდობა არჩევანია“.

 

სურათი 11.„დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველების და არც ოსების სურვილი”

 

გზავნილი 4: დასავლეთის აგრესორად და საქართველოს ომში ჩამრთველად წარმოჩენა

ანგარიშების ნაწილი აღნიშნავდა ამერიკის და ნატოს ბრალეულობას როგორც აგვისტოს ომის, ისე უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. საეჭვო ანგარიშები ხაზს უსვამდნენ, რომ დასავლეთს არ სურს მშვიდობა, პარალელებს ავლებდნენ უკრაინასთან და აღნიშნავდნენ, რომ უკრაინაც ადრე თუ გვიან აღიარებს ნატოს ბრალეულობას.

 

სურათი 12. ვიცით, რომ აშშ-მა გამოიწვია ეს (ომი), როგორც უკრაინაში. საქართველომ ბოდიში მოიხადა 2008 წლის ომის დაწყებისთვის. ყოფილმა პრემიერმა კონფლიქტს მიზანმიმართულ პროვოკაცია უწოდა, რომელიც მიზნად ქართველებისა და ოსების გაყოფას ისახავდა.

 

  1. შესწავლილი ანგარიშების კრემლისტური აქტივობა

ანგარიშები, რომლებიც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის აგვისტოს ომისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივას პოზიტიურ ჭრილში ეხმიანებოდნენ,  პლატფორმა X-ზე აქტიურ კრემლისტურ პროპაგანდას ეწევიან. მათ პროპუტინისტური და მკვეთრად ანტიდასავლური პოზიცია უკავიათ. ანგარიშების ნაწილი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროიდან ამტკიცებს მის ლეგიტიმურობას, ხოლო ნაწილი 2022 წელს შეიქმნა და შექმნის დღიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლებას ემსახურება. ამავდროულად, ყველა შესწავლილი კრემლისტური ანგარიში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დასავლეთის ბრალეულობის გზავნილებს ავრცელებს და ევროკავშირს, აშშ-სა და ნატოს მთავარ მტრად მოიხსენიებს. უკრაინაში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენების ფონზე, პოსტებში აღნიშნულია რუსეთის ნატოსთან დაპირისპირების საფრთხე და რუსეთის მზაობა.

 

 

სურათი 13. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უფლებას მისცემს უკრაინას, მიაყენოს დარტყმა რუსეთის შუაგულში. 425-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 131-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 63-მა თავი შეიკავა. იმედია, ყველა ხვდება რომ მესამე მსოფლიო ომს ევროკავშირი იწყებს. იმედია, პუტინს ხელი არ აუკანკალდება, როდესაც ამის დრო მოვა.

 

საქართველოს შესახებ ამ ანგარიშებზე იძებნება იმ ტიპის პოსტები, რომლებიც საქართველოს დასავლეთთან კონფრონტაციაზე მიუთითებს. სხვადასხვა დროს პოზიტიურ ჭრილში ზიარდებოდა მმართველი გუნდის ლიდერების ანტიდასავლური გამოსვლებიც.

 

სურათი 14. „თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე აშშ-ის საქართველოზე ზეწოლის შესახებ: „საქართველო არ არის ვინმეს ვასალი, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ვინმე საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, გაანადგურებს მსოფლიოს და უკრაინის ბედს გაიმეორებს. ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანას.”

 

სურათი 15. „არა ლგბტ -> არა ევროკავშირი! ევროკავშირი აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ანტი-ლგბტ კანონის გამო”

 

სურათი 16. „ბათუმში რუსი უხსნის ქართველ ჟურნალისტებს, რომ საქართველო სოხუმს ტანკებით დაესხა თავს, რუსეთი კი აფხაზეთს დაეხმარა! სიმართლე და შეცდომები უნდა იყოს აღიარებული და შემდეგ, ყველაფერი კარგად იქნება!”

 

სურათი 17. “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში მაიდანისა და უკრაინიზაციის პრევენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს..”

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 8 აგვისტოს იგივე კრემლისტურ ანგარიშებზე გაზიარებული იყო გზავნილი „რუსეთმა დაიცვა სამხრეთ ოსეთი და გაანადგურა სააკაშვილის ნაცისტები“.  მსგავსი პოსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფილზეც გამოქვეყნდა.

 

 

სურათი 19. 2008 წლის 8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მოღალატეობრივი შეტევა განახორციელა. რუსეთმა შეაჩერა ეს დანაშაულებრივი ჩარევა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოება უზრუნველყო, მათი დამოუკიდებლობის ცნობით.

 

სურათი 20. “16 (15) წლის წინ რუსეთმა დაიცვა სამხრეთ ოსეთი საქართველოს ხელისუფლების აგრესიისგან”

 

დასკვნა

საინფორმაციო ოპერაციებში ჩართულმა ანგარიშება, რომლებიც სოციალურ ქსელ X-ზე  რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული ცდილობენ რუსეთის აგრესიის გამართლებას, კამპანიური ხასიათით მხარდაჭერა გამოუცხადეს ბიძინა ივანიშივლის „აგვისტოს ომისთვის“ ბოდიშის მოხდის ინიციატივას.  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარის გორში გაკეთებული განცხადება კრემლისტურმა აქტორებმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისტორიული სამართლის დამახინჯებისა და რუსეთის ბრალეულობის შესახებ აღქმების შეცვლის მიზნით გამოიყენეს. 

მსგავსი პროპაგანდისტული ოპერაციები გავლენიანი პოლიტიკური მანიპულაციების  სახეა, როდესაც ოფიციალური პოლიტიკური პირების მხრიდან გაკეთებული შიდა განცხადებები გამოყენებულია განხეთქილების გასაძლიერებლად და დემოკრატიული წესრიგის შესასუსტებლად. კრემლისტური სააგენტოების და ანგარიშების მობილიზება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში, მოახლოვებულ არჩევნების პერიოდში, რუსეთის საინფორმაციო ჩარევის საფრთხეს. მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება უნდა ებრძოდეს რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მათი გზავნილები და ნარატივები წარმოადგენს საყრდენ მასალას რუსი პროპაგანდისტებისთვის, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის გაძლიერებას, რეგიონის დესტაბილიზაციას და საქართველოს დასავლური ალიანსებისგან დაშორებას.

 

 

პუბლიკაცია შექმნილია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს zivik Funding Programme of the ifa Institut für Auslandsbeziehungen-ის მხარდაჭერით. ის ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს. 

 

 

[1]ნათია ცქიფურიშვილი, „ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? – შინდისის გმირის ცოლი”, Netgazeti, 15 სექტემბერი, 2024

https://netgazeti.ge/news/742018/ ;

თედო ჯორბენაძე, „„ვის მოვუხადოთ ბოდიში?“ – აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები ივანიშვილს პასუხობენ”, Batumelebi, 19 სექტემბერი, 2024

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/544740/ 

[2] პლაფტორმის უკანასკნელი შეზღუდვის გამო, API-ზე წვდომასთან დაკავშირებით, ანგარიშების აქტივობა ხელით იქნა შესწავლილი 

[3] მონაცემები 30 სექტემბრის მდგომარეობით.

[4] The Digital Forensic Research Lab,”After Prigozhin, Russia clamps down online”, Atlantic Council, February 29 2024 https://www.atlanticcouncil.org/in-depth-research-reports/issue-brief/after-prigozhin-russia-clamps-down-online/ ; 

Michael Manners, “Pro-Kremlin X Users Spread Misinformation About Ukraine Misuse of Western Aid”, Voice of America, 26 September 2023

https://www.voanews.com/a/pro-kremlin-x-users-spread-misinformation-about-ukraine-misuse-of-western-aid/7284406.html