ბლოგი

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მადისკრედიტირებელი კამპანია სოციალურ ქსელებში

4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ, დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)“ სარჩელი და წალკისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქებში იმ საარჩევნო  უბნების შედეგები ბათილად ცნო, სადაც არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდა. მოსამართლემ შეამოწმა საარჩევნო უბნებში შევსებული ბიულეტენები და დაადგინა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადი იყო. გარდა ამისა, მან საარჩევნო ადმინისტრაციას სასამართლო სხდომაზე მოატანინა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი და ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლითაც, ასევე, დადასტურდა, რომ ხმის მიცემის დროს კენჭისყრის ფარულობა ირღვეოდა.  

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე სოციალური მედიის პლატფორმებზე - ფეისბუქსა და ტიკტოკზე - მოსამართლის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი გზავნილების გავრცელება დაიწყო. კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები (იმედი, Info9, ნიუსჰაბი, POSTV), ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ანგარიშები (ბრძენი კრიტიკოსი, სიმართლის დროა, რეალობა, მიხეილ განუბაჟებელი, პოლიტიკოსები 1 ლარიდან, @gigaiberieli, @newswavebuzz), პროსახელისუფლებო აქტორები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. აღსანიშნავია, რომ პოსტები დროის მცირე შუალედში, იდენტური გზავნილებით გავრცელდა.

ვლადიმერ ხუჭუას ბრალს ოპოზიციის მიმართ მიკერძოებაში სდებდნენ და მიუთითებდნენ, რომ მისი ცოლი ოპოზიციის მხარდამჭერია. პროსახელისუფლებო აქტორები სოციალურ მედიაში ხუჭუას ცოლს „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად მოიხსენიებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ხუჭუამ სწორედ მისი გავლენით მიიღო გადაწყვეტილება. მადისკრედიტირებელი შინაარსის პირველი პოსტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ტელეკომპანია „იმედმა” გამოაქვეყნა და დაარეკლამა. „იმედთან ერთად, მსგავს ნარატივებს „POSTV-ის“ გვერდები, ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ტიკტოკ ანგარიშები ავრცელებდნენ. აღსანიშნავია, რომ „POSTV - ანალიტიკის“ გვერდმა და ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ანგარიშებმა ერთი და იგივე ვიდეო დროის მცირე მონაკვეთში გამოაქვეყნეს. ამასთანავე, დისკრედიტაციის მიზნით, POSTV - ახალი ამბების“ გვერდზე მიუთითებდნენ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, დროს ხუჭუა პროკურორი იყო. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო აქტორები, მათ შორის, ანტიდასავლური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. ისინი, მოსამართლის გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მიზნით, ავრცელებდნენ გზავნილს, რომ აღნიშნული ქმედება „რადიკალური ოპოზიციის“ დავალება იყო. ფეისბუქზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, გაავრცელა სტატუსი, რომელშიც გადაწყვეტილების ინიციატორად დასავლეთი იყო წარმოჩენილი. აღნიშნული განცხადება Sputnik საქართველოს“ ტელეგრამ არხზეც გავრცელდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ხუჭუას ცოლი 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრობდა. აღნიშნული ვიდეო პროსახელისუფლებო მედიასაშუალებამ, „ნიუსჰაბმა, დაარეკლამა.

 

 

პოსტების ნაწილი სიძულვილის ენის შემცველი იყო. მათ შორის, ვრცელდებოდა სექსისტური და შეურაცხმყოფელი, გზავნილები. გამოქვეყნებულ პოსტებში, ძირითადად, მითითებული იყო, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მისმა ცოლმა მოახდინა გავლენა. ამასთანავე, მედიასაშუალება „POSTV ხუჭუას ოჯახის შესახებ ჰომოფობიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.