ბლოგი

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია − სამსახურიდან გათავისუფლების მთავარი მოტივი წინასაარჩევნო პერიოდში

Image: epe.brightspotcdn.com

საქართველოში, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილში, პროფესიული საჯარო სამსახურის, საჯარო სექტორში დასაქმების აღქმა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორსაა მისი კანონისმიერი მნიშვნელობისგან. გავრცელებული აზრია, რომ ამ სისტემაში დასაქმება, არა ცოდნასა და დამსახურებას, არამედ მმართველი ძალის კეთილგანწყობას უკავშირდება. შესაბამისად, ამ პრინციპით დასაქმებული პირებისგან მოვალეობის შესრულებაზე მეტად „ერთგულებას“ ითხოვენ და აფასებენ. ამდენად, ვიღებთ საჯარო სამსახურის იდეის დამახინჯებულ გაგებას, სადაც პროფესიული და პოლიტიკურ/პარტიული ინტერესები გაუმიჯნავია და მანკიერად არის გადაჯაჭვული.

ეს პრობლემა მეტად აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ. მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებებს, მათ შორის სამუშაო საათებშიც, ხშირად ესწრებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. გავრცელებულია საჯარო მოხელეებისგან, სამუშაო საათებში, მმართველი ძალისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაცია სოციალური ქსელით. არჩევნების მოახლოებისთანავე, მომეტებული სიმძაფრით იწყება საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა პოლიტიკური საიმედოობისა და „ერთგულების“ შემოწმება. „საეჭვო პირად“ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი, ვისაც პირადად, ან ოჯახის წევრის მეშვეობით, აქვს მეგობრული, ნათესაური, პროფესიული ან სხვა კავშირი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დასაქმებული, რომელიც ასეთ „პოლიტიკური ერთგულების ტესტს“ ვერ გაივლის და არასაიმედოდ მიიჩნევა, აიძულებენ წავიდეს სამსახურიდან, ხოლო უარის შემთხვევაში,  ათავისუფლებენ, შრომით ხელშეკრულებას უწყვეტენ, ან აღარ უგრძელებენ.

ამ მხრივ გამონაკლისი არც მორიგი  თვითმმართველობის არჩევნები აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ წინაასაარჩევნო პერიოდში ტენდენციის სახე აქვს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერებსა და მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ ზეწოლას სამსახურიდან წასვლის მიზნით, ან მათ გათავისუფლებას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. არჩევნების სპეციფიკიდან გამიმდინარე, პრობლემა განსაკურებით აქტუალურია მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშებში, მთელი საქართველოს მასშტაბით,  35-მდე  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი მოხვდა. ორგანიზაციამ 19 სარჩელი წარადგინა სასამართლოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქმეთა ნაწილზე, უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,  4 საქმეში, ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ აუკრძალა დამსაქმებლებს გათავისუფლებულ პირთა ადგილზე ახალი თანამშრომლის მუდმივ საწყისებზე დასაქმება, რათა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, ხელი არ შეეშალოს გათავისუფლებული პირების აღდგენა.

 სახალხო დამცველის 2021 წლის 1 სექტემბრის განცხადებით, 62 პირთან დაკავშირებით განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. მათი დიდი ნაწილი ზეწოლის შედეგად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ნაწილმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ზემდგომი პირები მას სთხოვდნენ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებიათ თანამდებობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დაიწყო დისციპლინური წარმოება.[1]

მმართველი ძალა და მისი კანდიდატები ცდილობენ საჯარო სამსახურის რესურსი პარტიული მიზნით გამოიყენონ, რასაც რუსთავის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის პოზიცია შეეწირა. სამსახურის ყოფილი უფროსის განცადებით, პოლიტიკური დევნა რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ინიციატივით ხორციელდება, რომელიც დაინტერესებულია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის პოლიტიკურ-საარჩევნო მიზნით გამოყენებაში, რასაც მოხელე ხელს უშლიდა. გათავისუფლებამდე მას მტრულ გარემოს უქმნიდნენ და აიძულებდნენ, წასულიყო სამსახურიდან. მას თანამდებობის დატოვება პირდაპირ მოსთხოვა რუსთავის მერმა. უკანონო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.  20 აგვისტოს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ხათუნა ბეგიაშვილი, ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების კვებისა და სანიტარული ნორმების ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტი. მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი გახდა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი ირმა მესხის (მერის ყოფილი მოადგილე, რომლის მიმართაც დაწყებული იყო პოლიტიკური დევნა) და ნინო ქვირიას (სოციალური სამსახურის გათავისუფლებული ხელმძღვანელის) მხარდასაჭერად.  პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მერის მოადგილემ, კახაბერ გურულმა  მას განუცხადა, რომ კითხვები უნდა დასვა პირადად, სამსახურში და არა სოციალურ სივრცეში.  20 აგვისტოს მას ფოსტით გაუგზავნეს  წერილი და შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლამდე შეუწყვიტეს.

წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობა დატოვეს პოლიტიკური თანამდებობის პირებმაც. გორის მერის ორმა მოადგილე  2021 წლის 11 მაისს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. მოგვიანებით მათ საჯაროდ განაცხადეს რომ მათზე მერის მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რადგან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას თანამოაზრეები იყვნენ. გორის მერმა კონსატანტინე თავზარაშვილმა ტელეკომპანიებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოადგილეები კი არ წავიდნენ, თვითონ გაათავისუფლა „რადგან ისინი გახარიას ეხმარებოდნენ“.

გორის მერმა სამსახურიდან, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით, გაათავისუფლა მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე.  ოფიციალურ საფუძვლად დისციპლინური გადაცდომა დასახელდა. გათავისუფლებული პირის თქმით, მას მანამდე მოსთხოვეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, ხოლო უარის თქმის შემდეგ აუდიტის სამსახურმა მის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. სიტუაცია გამწვავდა მის მიერ „TV პირველის“ ეთერში გაკეთებული კომენტარის შემდეგ, სადაც ამბობდა, რომ განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას სთხოვდნენ, რადგან ღიად უჭერდა მხარს გიორგი გახარიას გუნდს. გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ თანამშრომლის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი „TV პირველთან“ გაკეთებული განცხადება იყო. გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერიის სამსახურებმა და თავად მერმა სატელევიზიო განცხადება მიიჩნიეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის რეპუტაციისათვის დამაზიანებლად.

სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით უკანონო გათავისუფლების ფაქტები გვხვდება მუნიციპალური ა(ა)იპების შემთხვევაშიც. მაგალითად, ფოთში ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსს, გიორგი გახარიას გუნდის წევრებთან მეგობრული ურთიერთობის გამო, წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. უარის შემდეგ, ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ბრძანებაში გათავისუფლების არც  ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არის მითითებული.

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საჯარო სამსახურის პრინციპებად პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, დამსახურებაზე დაფუძნებულ საჯარო სამსახურს, მოხელის სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას განამტკიცებს. კანონის თანახმად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპიდან გამომდინარე,  საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის არ შეიძლება იქნას გამოყენებული. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამის საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში, „სამართლიანი არჩევნებისათვის“ ცნობილი ხდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო სექტორის სამსახურების უფროსების მიერ თანამშრომელთათვის მმართველი პარტიის მხარდამჭერთა მობილიზებისა და სიების წარდგენის დავალების ფაქტები.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი დასაბუთებით შეიძლება. დაცვის ასეთი მაღალი სტანდარტი არ მოქმედებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიმართ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ შრომითი უფლებები,  შედარებით,  უფრო დაცული გახდა შრომის კოდექსის რეფორმის შედეგად. შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით.

სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებისბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულიაპირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა,უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. დასაქმებულს უფლება აქვს, გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.“[2] 

საკასაციო სასამართლო, საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მიუხედავად, შეფასებას საჭიროებს მოხელის ნების გამოხატვის კანონიერება. პირის სურვილი, აღარ იყოს საჯარომოსამსახურე, გამომდინარეობს შრომის თავისუფალებიდან, რაც  მოიცავს პირის უფლებას, თავადგადაწყვიტოს იქნება თუ არა კონკრეტულ დაწესებულებაში დასაქმებული. ამ ფონზე, არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს.  თუმცა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ  მოხდეს დადგენა, რამდენად ნადვილი იყო მისი ნება და ხომ  იყო აღნიშნული  ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების შედეგი.[3]

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სასამართლო ორგანოებმა დავის ფარგლებში უნდა გამოიკვლიონ, რის შედეგად მოხდა ნების გამოხატვა, ეს პირის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, თუ სამსახურებრივი ვალდებულებების დაბალი შეგნებით, ადმინისტრაციის მიმართ უპირობო მორჩილების ან ძალადობრივი შედეგის თანმდევი  შედეგი იყო. სწორედ, ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი განისაზღვროსპირის ნების ფორმირების - შინაგანი სურვილი და მისი გარეგნული გამოხატულება თანხვედრა.[4]

პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში აუცილებლად უნდა შემოწმდეს, გათავისუფლება ხომ არ მოხდა შრომის კოდექსის მე-2 მუხლით  განსაზღვრული დისკრიმინაციული  საფუძვლის შედეგად. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, კერძოდ, თუ დასაქმებული უთითებს, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დისკრიმინაციული ხასიათის იყოს,  დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს საკუთარი ნების გამოვლენის კანონიერება და გათავისუფლების არადისკრიმინაციული ხასიათი. აღნიშნული პრინციპის დარღვევა  პირდაპირ არის პირის  გათავისუფლების  უკანონოდ მიჩნევის წინაპირობა. როდესაც მოსარჩელე დაობს დისკრიმინაციაზე, უპირველესად, უნდა შემოწმდეს ჰქონდა თუ არა განსხვავებულ მოპყრობას ადგილი, ხოლო როდესაც დადგინდება განსხვავებული მოპყრობა, უნდა შემოწმდეს იყო თუ არა მოპყრობა გონივრული და  კანონიერი მიზნის მქონე, რაც საბოლოოდ  გამოყენებული საშუალების  პროპორციულობის შეფასებას მოითხოვს.[5]

„სამართლიანი არჩევნები“ დემოკრატისათვის პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურისა და საჯარო სექტორში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისაგან დასაქმებულების დაცვის ფუნდამენტური მნიშვნელობის გათვალისწინებით, კვლავაც გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმების თავისუფალი, სამართლიანი, თანასწორი და  აპარტიული სისტემის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად.

 

დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორთა შეხედულებებს

 

-----

[1] სახალხო დამცველის განცხადება პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტების შესახებhttps://bit.ly/3tBVwTw 

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები _ დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7

[3] სამსახურიდან იძულებით წასვლაზე:

№ბს-663-659(კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი

[4] იქვე;

[5] სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: ბს-1185(კ-19) თარიღი, 07/10/2020