''ქართული იდეის'' კოორდინირებული ქსელი Facebook-ზე
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფეისბუქზე ხელოვნური მხარდაჭერის შემქმნელი და ოპონენტთა მადისკრედიტირებელი გვერდების ქსელი გააქტიურდა, რომელსაც ულტრამემარჯვენე პარტია „ქართული იდეა“ მართავს. პოლიტიკური პოლარიზაციისა და აგრესიის გაღვივების მიზნით, აღნიშნული ქსელი მკვეთრად ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, მიზოგინიურ და ძალადობრივი შინაარსის პოსტებს ავრცელებს. გამომწერების აზრზე ზეგავლენისთვის, გვერდები სისტემატურად მანიპულირებენ საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური გრძნობებით. ღირებულებებითი მანიპულაციებით წარმართული კამპანიები, სოციალურ მედიაში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აქამდეც გამოავლინა. ამ შემთხვევაში, „ქართული იდეა“ მსგავსი ტაქტიკით აწარმოებს ფეისბუქ კამპანიას, რომელიც ხშირად იშველიებს სასულიერო პირებისგან გაჟღერებულ დისკრედიტაციულ ან/და მხარდამჭერ გზავნილებსაც.
„ქართული იდეის“ კოორდინირებული ქსელი 11 გვერდისგან შედგება, საიდანაც 5 ანონიმურია, დანარჩენი კი პარტიის ღიად მხარდამჭერი. გვერდები "ლიბერალიზმი კლავს", "ახალგაზრდული", "პოლიტიკური ნაკვალევი", "დიდ ხარ შენ უფალო" და „ქართული გვერდი“ შეფარულად მოქმედებენ, თითქოს ისინი რელიგიური, ნაციონალისტური ან ზოგადად პოლიტიკური მოვლენების გამშუქებელი გვერდები არიან. თუმცა, ისინი არაკეთილსინდისიერად იყენებენ პლატფორმის შესაძლებლობებს და პარტიის ღიად მხარდამჭერ გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალას კოორდინირებულად ავრცელებენ. ქსელის ტაქტიკა ერთგვაროვანია - პირველ ეტაპზე, „ქართული იდეის“ ლიდერები იწყებენ ე.წ. ლაივ ვიდეოს პირად ან პარტიის ოფიციალურ გვერდებზე. შემდგომში, ვიდეოს ნახვების გაზრდის მიზნით, ანონიმური გვერდები დროის ერთ მონაკვეთში აზიარებენ აღნიშნულ ვიდეოებს. რიგ შემთხვევებში, კამპანია დასპონსორებულ პოსტებს მოიცავს, რომლის ავტორები ანონიმური გვერდები არიან, რათა დაფარული იყოს დისკრედიტაციული და მხარდამჭერი ნარატივების რეალური გამავრცელებლის ვინაობა.
CrowdTangle-ით გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, შექმნის დღიდან 7 ივნისის ჩათვლით, „ქართული იდეის“ კოორდინაციული ქსელის ჯამური ინტერაქცია 3.83 მილიონია და ჯამში, მოცემულ გვერდებს 216,191გამომწერი ჰყავთ.
-----
წყარო: ფეისბუქ გვერდი „ქართული იდეა - qartuliidea.ge“
-----
„ქართული იდეის“ გვერდების კამპანია
კოორდინირებული ქსელის სათავეში რატი ყაველაშვილი ფიგურირებს. ის სტიქაროსანია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში დეკანოზ თადეოზ სარალიძესთან, რომელმაც, ბავშვთა მიმართ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამო, საპატრიარქოსგან საეკლესიო სასჯელი მიიღო. აღსანიშნავია, რომ თადეოზ სარალიძე, 2020 წელს, „ქართული იდეის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და მრევლს არჩევნებში პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
რატი ყაველაშვილი მართავს ქსელის ჯგუფს „დიდ ხარ შენ უფალო“ და მინიმუმ ორ გვერდს - „დიდ ხარ შენ უფალო“ და „ქართული გვერდი“. „დიდ ხარ შენ უფალო“ რელიგიური შინაარსის ანონიმური გვერდია. გვერდის აღწერაში მითითებულია პოსტების მოჩვენებითი შინაარსი: „აქ იხილავთ: ხატებს, ლოცვებს, ვიდეოებს, და სხვადასხვა სიახლებს“. რეალურად, გვერდი აქვეყნებს რელიგიურ მასალას გამომწერების მოზიდვისა და მომხმარებლების ნდობის მოპოვების მიზნით, შემდგომში კი მოზიდულ ფართო აუდიტორიას „ქართული იდეის“ მხარდამჭერ, ანტილიბერალურ და ძალადობრივ ნარატივებს აწვდის. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბრის თვეში, „ქართული იდეის“ ლიდერები სწორედ ამ გვერდს იყენებდნენ ლაივ ჩართვებისთვის.
-----
წყარო: ფეისბუქ გვერდი „დიდ ხარ შენ უფალო“
-----
ამავე სახელით მოქმედ ჯგუფში ყაველაშვილი აზიარებს „ქართული იდეის“ ლიდერების პირდაპირ ჩართვებს, „ალტ-ინფოს“ გადაცემებს, სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ პოსტებს და სასულიერო პირების საკვირაო ქადაგებებს. ჯგუფი მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ კამპანიასაც ეწევა, რომელმაც ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა, ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა. საზოგადოებამ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, „ქართულმა იდეამ“ კი სახალხო დამცველის მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო. პარტიის თქმით, სახალხო დამცველს პანსიონში „გარყვნილების და სიბილწის პროპაგანდის“ შეტანა სურს. ამის გამო, ჯგუფმა „დიდ ხარ შენ უფალო“ და „ქართული იდეის გვერდმა“, სახალხო დამცველის მადისკრედიტირებელი მასალების გავრცელება დაიწყეს. ამ მიზნით გაზიარებულ პოსტებს შორისაა გია გაჩეჩილაძის მოძრაობა „აი იას“ და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ მასალები, ასევე სამთავრობო მედია POSTV-ის ანტილიბერალური გადაცემები.
-----
წყარო: ფეისბუქ ჯგუფი „დიდ ხარ შენ უფალო“
-----
მსგავსია „ქართული გვერდის“ ტაქტიკაც და მასალაც, რომელიც, ასევე, შენიღბულად მოქმედებს. „ყველაფერი ქართული, ქართული ამბები, ქართული სიმღერები, ქართული მუსიკა, ქართული ლექსები“ - ვკითხულობთ გვერდის აღწერაში, თუმცა გვერდი არც სათაურში და არც პირველად ინფორმაციაში არაა გაცხადებული, რომ იგი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ნაციონალისტურ და რელიგიურ პოსტებში კი შერეულია „ქართული იდეის“ ლიდერების მოწოდებები და შემოთავაზებები ლევან ვასაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობა "ერში" გასაწევრიანებლად.გვერდზეა მითითებული რატი ყაველაშვილის იუთუბ არხიც, რომელზეც, საკვირაო ქადაგებებთან ერთად, კონსპირაციული, ოპონენტების მადისკრედიტირებელი და "ქართული იდეის" მხარდამჭერი ვიდეოები ქვეყნდება. გვერდი ხშირად მანიპულირებს დავითგარეჯის საქმით, ავრცელებს ქსენოფობიურ განცხადებებს და ლიბერალებს ანტიეროვნულებად აიდენტიფიცირებს დავითგარეჯის საქმის ირგვლივ არსებული შეხედულებების გამო.
-----
წყარო: ფეისბუქ გვერდი „ქართული გვერდი / Georgian Page“
-----
შენიღბულად მოქმედებენ გვერდები „ახალგაზრდული“, „ლიბერალიზმი კლავს“ და „პოლიტიკური ნაკვალევი“, რომლებიც, ძირითადად, „ქართული იდეის“ ერთ-ერთი ლიდერის, რამინ აბესაძის, პირდაპირი ჩართვების გაზიარებით არიან დაკავებულები. პირდაპირი ჩართვების დაწყებიდან მალევე, გვერდები დროის მოკლე მონაკვეთში აზიარებენ მის ვიდეოებს, ამიტომ, სავარაუდოა, რომ აღნიშნულ გვერდებს სწორედ რამინ აბესაძე მართავს.
კოორდინირებულ ქსელში მოქმედი კიდევ ერთი გვერდი გურამ ფალავანდიშვილის დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ სახელწოდებას ატარებს. თუმცა, აქ გავრცელებული და დასპონსორებული მასალა პარტია „ქართული იდეის“ აქტივობების მხარდაჭერას ემსახურება. ამავე გვერდის ინფორმაციაშია მითითებული რელიგიური შინაარსის ვებ-გვერდი ZNEOBA.GE. რომელიც, ამჟამად, ივლისში დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო, ჰომოფობიურ კამპანიას ეწევა.
ყველა სხვა დანარჩენი გვერდი ("ქართული იდეა - qartuliidea.ge", "რამინ აბესაძე • Ramin Abesadze", "საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ქართული იდეა", "ფალავანდიშვილთან" და "ქართული იდეა 4 ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის") პარტიის სახელით ღიად მოქმედი/ოფიციალური გვერდია. სწორედ აღნიშნული პოსტების გავრცელებას ცდილობენ ანონიმური გვერდები უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლით, რისთვისაც მომხმარებლების რელიგიურ და ნაციონალისტურ ღირებულებებს იყენებენ.
პარტიის ლიდერები გზავნილებში პოზიციონირებენ, როგორც „სოდომიის“, კაზინოების, ნარკომანიისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ მებრძოლები. გვერდები ხშირად ავრცელებენ კონსპირაციებს „მსოფლიო მმართველობის“ და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ამასთან, გვერდები საზოგადოებას უქმნიან წარმოდგენას, თითქოს ყველა ღარიბ ოჯახს მალე სახელმწიფო შვილებს წაართმევს „იუვენალური კანონით“, ხოლო „შვილების დაცვას“ პარტია „ქართული იდეა“ იღებს საკუთარ თავზე. ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართულმა იდეამ“ სახალხო დამცველის გადადგომა მოითხოვა და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერა გამოუცხადა.პარტია მჭიდრო თანამშრომლობაშია ლევან ვასაძის მოძრაობა „ერთან“, კოორდინირებული ქსელების გვერდები კი ხშირად მოუწოდებენ საზოგადოებას ვასაძის მოძრაობაში გაწევრიანებისკენ. პერიოდულად, გვერდები აზიარებენ ფეისბუქის მიერ გაუქმებული „ალტ-ინფოს“ მასალებსაც.
-----
გვერდების კოორდინირებული, არაავთენტური ქცევა
სოციალური მედიის კოორდინირებული ქცევის ერთ-ერთი გამოვლინებაა იდენტური პოსტის რამდენიმე გვერდზე, დროის ერთ, მოკლე, ინტერვალში გაზიარება. ამ მეთოდის მიზანი ფართო აუდიტორიაზე გასვლაა, რაც ხელოვნურად ზემოქმედებს საზოგადოებაში სასურველი პოლიტიკური დისკურსის სწრაფ და სისტემურ ჩამოყალიბებაზე. “ქართული იდეის“ გვერდები, ხშირად, ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ პირდაპირი ჩართვების (Live) ვიდეოებს დროის ძალიან მცირე ინტერვალებში, რაც მათ კოორდინირებულ ქცევაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ გვერდების პოსტების 43% ფოტოს სახით ქვეყნდება, რომელთა ინტერაქცია (მოწონებების, კომენტარების, გაზიარებებისა და ემოციების ჯამი) ჯამური ინტერაქციის ნახევარს შეადგენს. თუმცა, საშუალო ინტერაქცია ერთ პოსტზე გაცილებით მაღალია პირდაპირი ჩართვების ვიდეობის შემთხვევაში.
-----
-----
კოორდინირებულ ქცევას „ქართული იდეის“ ქსელი განსაკუთრებით მაშინ მიმართავს, როცა პარტიას საზოგადოების სწრაფი მობილიზაცია ესაჭიროება. საზოგადოების გახლეჩვისკენ მიმართული კოორდინირებული არაავთენტური ქცევის კარგი მაგალითია მოცემული შემთხვევა, სადაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რამინ აბესაძე აუდიტორიას კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს ნინოწმინდის პანსიონატის "გარყვნილების და სიბილწის პროპაგანდისტებისგან დასაცავად“. სწორედ ამ დროს, მთავრობის კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტები მშვიდობიან აქციას მართავდნენ პანსიონატში სახალხო დამცველის შეშვების მოთხოვნით. "ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩავშალოთ და მათ ვერ შეძლონ ამ აქციის ჩატარება. თმებით არიან სათრევი ეს ხალხი“ - ამბობს რამინ აბესაძე პირდაპირ ჩართვაში. მისი ძალადობრივი მოწოდებები კოორდინირებულად გაზიარდა გვერდებზე რამდენიმეწუთიან შუალედში. გამზიარებლებს შორის იყვნენ ანონიმური გვერდები: „დიდ ხარ შენ უფალო“, „ახალგაზრდული“, „ლიბერალიზმი კლავს“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“. შედეგად, მშვიდობიანი და ძალადობრივი აქციების დამთხვევა კონფლიქტში გადაიზარდა, პოლიციამ კი რამინ აბესაძე და სამი მოქალაქე დააკავა.
-----
კანცელარიასთან ძალადობრივი შეკრების მოწოდების კოორდინირებული გავრცელება „ქართული იდეის“ ანონიმურ ქსელში
-----
კანცელარიასთან ძალადობრივი შეკრების მოწოდების კოორდინირებული გავრცელება „ქართული იდეის“ ანონიმურ ქსელში
-----
კოორდინირებული ქცევა შეინიშნება გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების პოსტების გავრცელების დროსაც. ზოგიერთ შემთხვევაში, გამავრცელებელი ან პოსტის პირველწყარო გურამ ფალავანდიშვილის პირადი პროფილიცაა. გამავრცელებლებს შორის ფიგურირებს „ქართული გვერდიც“.
-----
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდების გავრცელება „ქართული იდეის: ანონიმურ ქსელში
-----
ალექსანდრე ფალავანდიშვილის პირდაპირი ჩართვის გავრცელება „ქართული იდეის“ ანონიმურ ქსელში
-----
დასპონსორებული მადისკრედიტირებელი კამპანია ეკლესიის სახელით
საკუთარი კამპანიის აუდიტორიამდე მისატანად “ქართული იდეა” აქტიურად იყენებს Facebook რეკლამებსაც. სპონსორდება ორი გვერდის მიერ, ქართული იდეა - qartuliidea.ge და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, გამოქვეყნებული პოსტები.
-----
წყარო: ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკა
-----
დასპონსორებული პოსტები ძირითადად რამდენიმე თემის ირგვლივ ტრიალებს.
-----
წყარო: ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკა
-----
“ქართული იდეის“ არაავთენტური კამპანიები პარტიის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება და ხშირად მადისკრედიტირებელ ხასიათსაც ატარებს. ბოლო დროს, ერთ-ერთი მადისკრედიტირებელი კამპანია „რიონის ხეობის მცველების“ წინააღმდეგ წარიმართა, სადაც საკვანძო როლი პარტიასთან დაკავშირებულ მეუფე სპირიდონს ეკუთვნოდა. ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირი და სინოდის წევრია, რომელიც უმაღლეს სასულიერო პირთა კრებას წარმოადგენს.
ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო პროტესტი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მსხვილმასშტაბიანი ჰესის ასაშენებლად, კომპანია "ენკამ" რიონის ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. აქტივისტები წელიწადნახევრის მანძილზე აპროტესტებენ კონტრაქტის პირობებს და მოითხოვენ მშენებლობის შეჩერებას, კვლევების გასაჯაროებას, ნებართვების გაუქმებას, სეისმური რისკების შესწავლას. რიონის ხეობიდან თბილისში, მრავალრიცხოვანმა პროტესტმა 23 მაისს გადმოინაცვლა. აქციას შეუერთდნენ პარტია „ქართული იდეის“ წარმომადგენლებიც. ისინი, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდრე ფალავანდიშვილთან ერთად, 24 მაისს, სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ და ლგბტ სამკლაურის მოხსნა მოსთხოვეს, შემდეგ კი აქციიდან გააძევეს.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტთა მადისკრედიტირებელი კამპანია „ქართულმა იდეამ“ მას შემდეგ წამოიწყო, რაც გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტის ერთ-ერთ ლიდერს, მაკა სულაძესა და ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას, მაკა სულაძემ მათმოუწოდა, შეეწყვიტათ ლგბტ სიმბოლოებით აქციის მონაწილეების გამიჯვნა. დაპირისპირების შემდეგ, "ქართული იდეის" გვერდებმა ორი დღით შეწყვიტეს პოლიტიკური ხასიათის პოსტების გამოქვეყნება.
ხანმოკლე დუმილი მეუფე სპირიდონის ვიდეომ დაარღვია, რომელიც რატი ყაველაშვილის მართულმა გვერდმა - „დიდ ხარ შენ უფალო“ გამოაქვეყნა. ვიდეოში მეუფე სპირიდონი "რიონის ხეობის მცველებს" მონანიებისკენ მოუწოდებს, "სოდომ-გომორის ცოდვის" გამო. აღნიშნული მადისკრედიტირებელი ვიდეო გვერდმა დაასპონსორა. 7 ივნისის მდგომარეობით, მას 53 000 ნახვა და 6 ათასამდე მოწონება აქვს. გამოქვეყნებიდან სამი წუთის ინტერვალში, ვიდეო გაზიარდა სამ ანონიმურ გვერდზე. პოსტიგაზიარდა ჯგუფში „დიდ ხარ შენ უფალო“ და „ქართული იდეის“ ლიდერების პირად ანგარიშებზეც.
მეუფე სპირიდონის სახელით წამოწყებული კამპანია შემთხვევითი არ არის - ის სავარაუდოდ წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. სასულიერო პირების სტატუსი საზოგადოების რელიგიური ნაწილისთვის ავტორიტეტულია, მათი მხრიდან გახმოვანებული მესიჯები კი მეტად ეფექტურია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენისთვის.
-----
მეუფე სპირიდონის მიერ „რიონის ხეობის მცველების“ მადისკრედიტირებელი, დასპონსორებული ვიდეოს გავრცელება „ქართული იდეის“ ანონიმურ ქსელში
-----
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტთა მადისკრედიტირებელი კამპანია ამით არ შემოიფარგლა. გურამ ფალავანდიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის თანახმად, 400-დან 500 დოლარამდე თანხა დახარჯა „რიონის ხეობის მცველების“ ორი მადისკრედიტირებელი პოსტის დარეკლამებაში. ამ ორი რეკლამის პოტენციური მნახველი აუდიტორიის ოდენობა 2 მილიონ ფეისბუქ მომხმარებელს აჭარბებს. „ლიბერალი და ლგბტ აქტივისტების გულის მოსაგებად რიონელთა პროტესტი გაემიჯნა ჯვარს“ - ვკითხულობთ გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების მიმართვაში, რომელიც 300-399 დოლარადაა დასპონსორებული, დეკლარაციაში კი ავტორად ლევან ჩხაიძეა მითითებული.
-----
„რიონის ხეობის მცველების“ დისკრედიტაციის მიზნით დასპონსორებული პოსტები ფეისბუქ გვერდზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“
-----
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ სხვა დასპონსორებულ კამპანიებს შორისაა გურამ ქართველიშვილის მადისკრედიტირებელი პოსტი <100$ სარეკლამო ბიუჯეტით, ულტრაკონსერვატიული ნაციონალისტური მედია „ალტ ინფოს“ მხარდამჭერი კამპანია 500-600$ ბიუჯეტით, ნინოწმინდის პანსიონისა და მეუფე სპირიდონის მხარდამჭერი კამპანიები 600$-მდე ბიუჯეტით.
შეჯამება
ფეისბუქზე „ქართული იდეის“ კოორდინირებული კამპანია ამოფარებულია რელიგიურ ღირებულებებს და ანონიმურ გვერდებს, მისი შედეგი კი აგრესიის გაღვივება და საზოგადოების დაპირისპირებაა. ფეისბუქის პოლიტიკის თანახმად, პლატფორმაზე კოორდინირებული არაავთენტური ქცევა აკრძალულია. თავად კონტენტი შეიძლება არ არღვევდეს ფეისბუქის წესებს, თუმცა მათი შეფარვითი ქმედებები უკვე საკმარისია ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. „ქართული იდეის“ მხრიდან სიძულვილის ენა, აგრესიისკენ მოწოდება, კონსპირაციების გავრცელება და ანონიმური კამპანიების წარმოება დამაზიანებელია როგორც კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული, თანაბარი საარჩევნო გარემოსთვის, ასევე პლურალისტური დემოკრატიის და შემწყნარებელი საზოგადოების განვითარებისთვის.
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიცია