ბლოგი

„ქართული ოცნების“ კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებულ ბავშვთა მშობლები, რომლებიც სახელმწიფოსგან თანამედროვე მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ, რამდენიმე თვეა, თბილისში აქციებს მართავენ. ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ და ამ მიზნით მთავრობის კანცელარიას რამდენიმე განცხადებით მიმართეს. 18 აპრილს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, მშობლების პროტესტის მხარდამჭერები პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაში დაადანაშაულა ჯანდაცვის მინისტრმა და დადო პირობა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომუნიკაცია ექნებოდა როგორც საზოგადოებასთან, ისე მშობლებთან.

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტის პარალელურად, სოციალურ ქსელებსა და პროპაგანდისტულ მედიაში მორიგი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელშიც, როგორც წესი, კოორდინირებულად მონაწილეობენ პარტია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიები, ცრუ მედიები, სოციალური ქსელების გვერდები, ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები, თავად პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები. ჩამოთვლილი აქტორები საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად, როგორც წესი, ან სრულად იდენტურ  ან მსგავს გზავნილებს იყენებენ.

„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, მსგავსი კოორდინირებული კამპანია 20 აპრილს გააქტიურდა. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სხვადასხვა აქტორი პრეპარატებს, რომლებით უზრუნველყოფასაც მშობლები ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის საშიშად წარმოაჩენს. 20 აპრილს პროპაგანდისტულმა და ცრუ მედიამ იდენტური სტატია გამოაქვეყნა მკურნალობის საფრთხეებისა და არაფექტიანობის შესახებ. თავდაპირველად სტატია გამოქვეყნდა იმ გვერდებზე, რომლებიც სანქცირების შემდეგ იმედისა და POS TV-ის კონტენტის გასავრცელებლად გამოიყენებოდა. მითების დეტექტორის გამოძიებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ფლობს გვერდს „უსტარი“, რომელზეც აღნიშნული მასალა პირველად გავრცელდა.  რამდენიმე წუთში სტატია გამოქვეყნდა იმავე მიზნით შექმნილ კიდევ ერთ გვერდზე „ახლა“. „ახლას“ ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული პოსტი, დარეკლამებულიც იყო.

 

მოგვიანებით იდენტური სტატია სხვა პროპაგანდისტული მედიების  იმედის, prime time-ის, მარშალ პრესის, რეპორტიორის, მხარეს, რეზონანსის, კვირას, ნიუსჰაბის, და ongo-ს ვებ გვერდებზეც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ იდენტური სტატია გამოქვეყნდა ექიმ გიორგი ფხაკაძესთან დაკავშირებულ სამედიცინო მიმართულების ქსელზე, კერძოდ, ვებ გვერდზე შენი ექიმი და გაზიარდა ფეისქბუქგვერდებზე: Sheni.ge • შენი, SheniAmbebi.ge • შენი ამბები, supplement.ge

 

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი და მრავალჯერ გამოყენებული ტაქტიკით, კამპანიაში მედიის შემდეგ ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები ჩაერთნენ. დავით ჩიხელიძე, გია აბაშიძე, დავით ქართველიშვილი, ნინო ფოჩხუა და თამთა მეგრელიშვილი, რომლებიც წარსულში არაერთ დისკრედიტაციულ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ამჯერად ამტკიცებდნენ, რომ მედიკამენტები, რომლებსაც მშობლები ითხოვენ, უსაფრთხო და ეფექტიანი არ არის. მათი მოსაზრებები აქტიურად გაავრცელა პროპაგანდისტულმა მედიამაც.

 

მედიისა და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების შემდეგ ზემოხსენებულ კამპანიაში „ქართული ოცნების“ ლიდერებიც ჩაერთნენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აუცილებელია რისკები გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა მშობლებმა“, დედაქალაქის მერმა კი აღნიშნა, რომ მოიძია ინფორმაცია და არასწორი იქნება იმ პრეპარატების შემოტანა, რომელზეც „თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას“.