ბლოგი

როგორ შეუძლია სამართლიან სასამართლოს საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობა

კარგ, სამართლიან სასამართლოს ქვეყნის განვითარებაში მრავალმხრივი წვლილის შეტანა შეუძლია. დავის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საქმის სათანადო სამართლებრივი რეგულირებისათვის, რაც თავისთავად ღირებული მიზანია, არამედ, ასევე სახელმწიფოს განმტკიცებისთვის, მოქალაქის თვითშეგნებაში ინსტიტუტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის, მიკუთვნებულობის განცდის გაჩენისათვის.  

საქართველოს სინამდვილეში გამოწვევას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებთა სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იზოლირებისა და ბარიერების დაძლევა, რაც ამ ინტეგრაციას აბრკოლებს.

სახელმწიფოსთან მიკუთვნებულობის განცდის გასაჩენად უმნიშვნელოვანესი საკითხია მმართველობის სამართლიანობის რწმენა. სასამართლოს, როგორც ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობის კანონიერების მაკონტროლებლისა და სამართლიანობის დაცვის გარანტორის როლი, ამ მხრივ ფუნდამენტურია.

„სამართლიანმა არჩევნებმა“, უფასო იურიდიული დახმარების პროექტის ფარგლებში, აწარმოვა სამოქალაქოსამართლებრივი საქმე, რომელიც ეხებოდა მარნეულში მცხოვრები მოქალაქის უფლებების დაცვას.

ლეილა მირზოევი პროფესიით ფსიქოთერაპევტია, ცხოვრობს მარნეულში. ქართული ენის არცოდნის გამო ეთნიკურ უმცირესობას ბევრი გამოწვევა აქვს, ამიტომ ლეილამ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა სახელმწიფო ენის ცოდნის გავრცელებაში.

ლეილა მირზოევი 2018 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში" დამხმარე მასწავლებლის პოზიციაზე. 2018 წლიდან ლეილა მუშაობდა სოფელ თაზაკენდში ქართული ენისა და ლიტერატურის დამხმარე მასწავლებლის პოზიციაზე, ხოლო მოგვიანებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში. ლეილა მირზოევი მუშაობდა არამხოლოდ დამხმარე პედაგოგად, არამედ შეთავსებული ჰქონდა სხვა, უამრავი ვალდებულებაც. მას არც ერთხელ  მიუღია შენიშვნა და მის მიმართ არ დაწყებულა დისციპლინური წარმოება, ითვლებოდა სანიმუშო მასწავლებლად. 2020 წლიდან ლეილა, ასევე, ასწავლიდა საგანს - მე და საზოგადოება, აქტიურად იყო ჩართული სასკოლო პროექტებში და მუდმივად ზრუნავდა სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისა და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის.  

2022 წლის ზაფხულში ლეილა მირზოევს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკლეს ხელფასი, რაზეც გამოთქვა პრეტენზია, თუმცა ნაცვლად სახელფასო სხვაობის გასწორებისა, მომდევნო თვეში კვლავ დააკლეს ხელფასი. ამ პრობლემაზე რეაგირებისა და სკოლაში არსებული გადაცდომების გამო, ლეილა მირზოევმა მიმართა შრომის ინსპექციას. ამას მოჰყვა სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ გაღიზიანება და 2023 წლის 18 იანვარს ლეილას შეატყობინეს, რომ აღარ გამოცხადებულიყო სკოლაში, რადგან მის შრომით ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. 

ლეილა მირზოევმა გადაწყვიტა თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიემართა, თუმცა გარშემო ყველა, როგორც თანამშრომლები, ისე მეგობრები არწმუნებდნენ, რომ უსამართლობასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, რომ ქართული სასამართლოს წინაშე ვერ შეძლებდა თავისი სიმართლის დამტკიცებას და სასამართლო მის მხარეს არ იქნებოდა. ამის მიუხედავად, ლეილამ გადაწყვიტა უსამართლობასთან ბრძოლის მაგალითი მიეცა და „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით მიმართა სასამართლოს.

ამ საქმეში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ლეილა მირზოევის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების შემდეგ არაერთი წერილის მიუხედავად, სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს” არათუ დასაბუთება, არცერთ წერილზე პასუხი ელექტრონულადაც კი არ გაუცია და მირზოევის ყველა მიმართვა იყო უგულებელყოფილი.

მოპასუხე მხარემ, სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა” არ ცნო სარჩელი, მეტიც, სადავოდ ხდიდნენ ლეილა მირზოევის მუშაობის დაწყების თარიღს და ამბობდნენ, რომ ლეილა მირზოევი არა 2018 წლიდან, არამედ 2020 წლიდან იყო დასაქმებული, რადგან ლეილა მირზოევს არ ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების მისთვის განკუთვნილი ეგზემპლარი. თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატის ჩართულობით, მოძიებული იქნა საბანკო ამონაწერი, ხელფასის ჩარიცხვის შესახებ, რითაც უდავოდ დადასტურდა, რომ ლეილა ნამდვილად იყო დასაქმებული 2018 წლიდან.

ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, ლეილა მირზოევთან არსებული შრომითი ურთიერთობა უნდა ჩათვლილიყო უვადოდ.

მოპასუხე მხარე ასევე აცხადებდა, რომ ლეილა მირზოევი დასაქმებული იყო განათლების სამინისტროს კონკრეტულ ქვეპროგრამაში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში აღარ იყო ქართული ენისა და ლიტერატურის დამხმარე პედაგოგის საჭიროება.

სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ადვოკატის არგუმენტები და ბათილად ცნო ლეილა მირზოევის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ასევე მოპასუხე მხარეს სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს” დააკისრა ლეილა მირზოევის სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლების მომენტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების  აღსრულებამდე.

სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსი ადგენს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების საფუძვლებს, რომელთა შორისაა: კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულება; სეზონური სამუშაოს მოცულობა და სხვ.; ამასთან, შრომის კოდექსის თანახმად, თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში ვადიანი ხელშეკრულების დადება შესაძლებელი იქნებოდა თუ ის „...დაიდო და ითვალისწინებდა კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზანს, რაც ურთიერთობის ერთჯერად ხასიათზე გაამახვილებდა ყურადღებას, თუმცა რეგიონის სპეციფიკის (ქართული ენის სათანადო ცოდნის პრობლემა) გათვალისწინებით, მხარეთა ურთიერთობის პრაქტიკა საწინააღმდეგოზე მიუთითებს. ამიტომ, „კონკრეტული სამუშაოს“ კრიტერიუმი მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს. რაც შეეხება „სხვა ობიექტურ გარემოებას“, ამ ნაწილშიც მოპასუხემ ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს თავი, სახელდობრ, ვერ დაასაბუთა ვერც მტკიცებულებები წარმოადგინა ამ მხრივ, თუ რა სხვა ობიექტური ვითარება არსებობდა, რაც გაამართლებდა ვადიანი ხელშეკრულების არსებობას;

ამდენად, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცე, სარწმუნო და ობიექტური მტკიცებულებები იმისა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო დროებით საწყისებზე. აპელირება ტერმინზე „დამხმარე მასწავლებელი“ და ერთი წლის პროგრამაზე, როგორც „თავისთავად“ და „მეტყველ“ მტკიცებულებაზე, არ არის საკმარისი საფუძველი ამ გარემოების ასეთად მიჩნევისათვის. არც პროგრამის დებულებები და არც ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტები ამ მიუთითებენ მოსარჩელის შრომის დროებით ხასიათზე.“

სასამართლოს დასკვნით, რადგან მხარეებს შორის ურთიერთობა ატარებს უვადო ხასიათს, ეს ნიშნავს, რომ ვადა განმსაზღვრელი კრიტერიუმი აღარ არის, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს დამსაქმებლის აპელირებას იმაზე, რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.

სასამართლოს მსჯელობის თანახმად, მის მიერ მხარეთა შორის არსებული შრომითსახელშეკრულებო ურთიერთობის უვადოდ მიჩნევის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოა დამსაქმებლის გადაწყვეტილება, ვადაზე მითითებით ხელშეკრულების შეწყვეტილად (დასრულებულად) მიჩნევის შესახებ. ამდენად, დამსაქმებელი არ იყო უფლებამოსილი თავისი ინიციატივით დაესრულებინა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან. ამდენად სასამართლოს დასკვნით, მირზოევს სამსახურიდან გათავისუფლება იყოს უკანონო და, შესაბამისად, ბათილი.  

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შეფასებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მიუთითებს ასეთი გადაწყვეტილების უკანონობაზე მისი გამოტანის (გამოცემის) მომენტიდან. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის რესტიტუციის (უფლებებში აღდგენის) საკითხზე, რაც რელევანტურად შეიძლება განხორციელდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, ანუ იმ თანამდებობაზე აღდგენით, რაც დასაქმებულს ეკავა გათავისუფლებამდე. მოპასუხის მიერ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო, სასამართლომ დაადგინა, რომ „თანამდებობა, რაც გათავისუფლებამდე ეკავა მოსარჩელეს, კვლავ არსებობს და ის ვაკანტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ, გადაწყვეტილების ბათილობის კვალობაზე, როგორც სამართლებრივი შედეგი, ის აღდგენილ უნდა იქნეს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დამხმარე მასწავლებლის (ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების (ესის/CLIL) მასწავლებელი) თანამდებობაზე.“ 

იძულებითი განაცდურის მხრივ, სასამართლომ იმსჯელა იმ ზიანზე, რაც მირზოევს მიადგა უკანონო გათავისუფლების მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სახით. შრომის კოდექსის მიხედვით, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს თქმით, მოსარჩელის ზიანი ამ შემთხვევაში იყო ის ხელფასი (შრომის ანაზღაურება), რასაც ის მიიღებდა, რომ არ მომხდარიყო მისი უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლება და შრომის ანაზღაურების შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ეს თანხა უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს მოპასუხის მიერ.

მოპასუხე მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა, ,,სამართლიანი არჩევნების” დახმარებით, ლეილა მირზოევმა კვლავ გაიმარჯვა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

მნიშვნელოვანია, რომ ლეილა მირზოევმა, არამხოლოდ დაიცვა თავისი უფლებები, არამედ იქცა ბევრი ადამიანის მოტივატორად თავის სოციუმში, რომელთაც არ ჰქონდათ  სამართლიანობის აღდგენის რწმენა.