შრომით დავებზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება
ყველამ, ვისაც სასამართლოსთან შეხება ჰქონია, იცის, რომ საქმის მოგების შემდეგ იწყება მეორე - არანაკლებ რთული და ხანგრძლივი პროცესი, რაც გასაჩივრების პროცედურების ამოწურვას გულისხმობს. ამდენად, პირისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს უფლებების აღდგენას, ვიდრე ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ იქნება შესაძლებელი. სასურველი გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე პერიოდი სხვადასხვაგვარია და, შესაძლებელია, წლობით გაიწელოს, თუ მეორე მხარეს საქმის ყველა ინსტანციაში გასაჩივრების სურვილი ან/და ინტერესი აქვს. პრობლემას ამძაფრებს სასამართლოთა გადატვირთულობა, რომელიც სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და საქმეთა დროულ განხილვასა და გადაწყვეტას შეუძლებელს ხდის.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად იჩენს თავს შრომით სამართალში, როდესაც უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანი, რომლისათვისაც ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც ვერ ახერხებს დროულად დაბრუნდეს თავის პოზიციაზე და მიიღოს კუთვნილი კანონიერი შემოსავალი.
„სამართლიანი არჩევნები“ რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და ამ ხნის განმავლობაში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულთა დასაცავად, არაერთი დავა აწარმოვა. პრაქტიკაში, როცა საქმე კონკრეტული ადამიანის ბედს ეხება, კიდევ უფრო ნათლად ჩანს, ადამიანის უფლებებისა დაცვისა და კუთვნილი სოციალური გარანტიების მისაღებად დროული მოქმედების სასიცოცხლო მნიშვნელობა. ამ ბლოგის ფარგლებში, ორგანიზაცია გაგაცნობთ ზემოაღწერილი პრობლემის მაგალითს და მისი გადაჭრის გზას.
„სამართლიანი არჩევნების“ იურისტებმა აწარმოვეს მოქალაქის საქმე, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, იყო საჯარო მოხელე და საერთო ჯამში, ჰქონდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობის 20-წლიანი წარმატებული გამოცდილება. მთელი ამ დროის განმავლობაში, მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, ფასდებოდა წელიწადში ორჯერ და ეს შეფასებები ყოველთვის იყო მაღალი, როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხის, ისე დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის მხრივ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, ახლობლის ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გამო, მას მოსთხოვეს სამსახურიდან წასვლა. ამგვარ უკანონო მოთხოვნაზე უარის თქმის შემდეგ, ის ოფიციალურად გაათავისუფლეს. უფლებების დაცვაში დახმარების თხოვნით მან „სამართლიან არჩევნებს“ მომართა.
ორგანიზაციის იურისტებმა ამ ადამიანის დასაცავად მიმართეს სასამართლოს და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე პოზიციაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურება მოითხოვეს.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
მხოლოდ პირველ ინსტანციაში საქმის წარმოებაც კი, საკმაოდ ხანგრძლივ ვადებს უკავშირდება, დავა, კი, უკავშირდებოდა საჯარო მოხელის თანამდებობას. შესაბამისად, სასამართლო დავის დასრულებამდე, ამ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა გაართულებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამიტომაც, „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატის მიერ მოთხოვნილი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, კერძოდ - თანამდებობაზე უვადოდ სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, თუკი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და განმარტა, რომ „სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის რაიმე უფლების, ქმედების განხორციელების ან შესრულების დავალდებულების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან ასეთი აღსრულების შეუძლებლობა.“ სასამართლომ მოსარჩელე მხარის არგუმენტების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, რადგანაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოსარჩელე მხარეს მისდგომოდა გამოუსწორებელი ზიანი და, ფაქტობრივად, აზრი დაჰკარგოდა მის დავას.
მოწინააღმდეგე მხარემ უზრუნველყოფის ღონისძიება გაასაჩივრა და პარალელურად კონკურსიც გამოაცხადა სადავო პოზიციაზე. მოსარჩელის - „სამართლიანი არჩევნების“ დასაცავი პირის ინტერესების შესაბამისად, სასამართლოში მოთხოვნილი იქნა აღსრულების ფურცელი და განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მოსარჩელის სახელით, განცხადება წარდგენილ იქნა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში, რათა შეეწყვიტათ უკანონოდ გამოცხადებული კონკურსი და, ასევე, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით. ამ უკანასკნელისაგან მოპასუხეს ეცნობა, რომ არსებული სასამართლო განჩინებიდან გამომდინარე, სადავო პოზიციაზე კონკურსი უნდა გაუქმებულიყო, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
ყველაფრის მიუხედავად, მოპასუხე აგრძელებდა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონოდ იგნორირებას და ემზადებოდა კონკურსისთვის.
სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელის სასარგებლოდ, მაგრამ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისად, რადგან საქმე მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერაც მოპასუხეს აეკრძალა დავის დასრულებამდე, მოსარჩელის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა.
ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მოპასუხე აგრძელებდა სადაო პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს, რის გამოც მოსარჩელემ განმეორებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და კონკურსი გასაუბრების ეტაპზე, გასაუბრების დღეს გაუქმდა.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება
საქმის განხილვისა და მხარეთა პოზიციის მოსმენის შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ დაცვის ქვეშ მყოფის სარჩელი, ბათილად ცნო მისი გათავისუფლების ბრძანება, აღადგინა მის პოზიციაზე და მიაკუთვნა განაცდური ხელფასიც, ხოლო დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნა
მოსარჩელისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი აღსრულება შესაძლოა წლობით გაჭიანურებულიყო, მით უფრო, რომ მოპასუხეს გამოთქმული ჰქონდა გასაჩივრების მზაობა.
ასეთი პერსპექტივა მძიმე მდგომარეობაში აგდებდა მოსარჩელეს, რომლისთვისაც სამსახური და იქ მიღებული ხელფასი შემოსავლის ერთადერთ წყაროს და საარსებო საშუალებას წარმოადგენდა.
ორგანიზაციის იურისტებმა იმსჯელეს შექმნილი მდგომარეობისა და მოსალოდნელი განვითარების სცენარების შესახებ და მიმართეს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ისეთ საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილების დაყოვნებით გამოწვეული ფინანსური და მორალური ზიანის დადგომასთან დაკავშირებით და შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მოსარჩელისთვის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს დაუყოვნებლივ გადახდას და სამსახურში აღდგენას.
ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი პირი აღდგა სამსახურში, მიიღო მიკუთვნებული განაცდური და დღემდე აგრძელებს მუშაობას თავის პოზიციაზე.
აღწერილი დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებამ ერთგვარად განაპირობა ის, რომ მოპასუხე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაუსაჩივრებია.
პრეცედენტის მნიშვნელობა
სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შრომით დავებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია, რადგან ეს მექანიზმი ხშირად არ გამოიყენება არც სასამართლოს და არც მხარეთა მიერ. სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით ხშირად მიმართავენ სამშენებლო და სანებართვო დავებთან დაკავშირებით, თუმცა შრომითსამართლებრივი დავების შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მეტად მწირი პრაქტიკაა, რაც შესაძლოა გამოწვეულია იმით, რომ მოსარჩელეები ასეთი შუამდგომლობით სასამართლოს ნაკლებად მიმართავენ. ასევე, მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს საკანონმდებლო დათქმაც, რომლის მიხედვითაც დავის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ, თუ დამსაქმებელი გამართლდება, მოსარჩელეს მიღებული ხელფასის და მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება აქვს.
სასამართლოს მიერ ამ საქმეში დაუყოვნებლივი აღსრულების მხრივ დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის გამოყენება და გავრცელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა უფლებების უკეთ დაცვას, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ზოგჯერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასაც, კი.
ამასთან, ანგარიშგასაწევ დადებით ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ ასეთმა მიდგომამ შესაძლოა შეამციროს სასამართლოს დატვირთვა, პროცესებზე დახარჯული დრო და რესურსები, რადგან აღსრულების შემდეგ, მოპასუხე მხარე მეტად რწმუნდება გადაწყვეტილების სისწორეში და უარს ამბობს გააგრძელოს დავა დავისთვის, რომელსაც სამართლებრივი პერსპექტივა არ ექნებოდა და მხოლოდ რესურსების გაუმართლებელ ხარჯვას გამოიწვევდა, როგორც სახელმწიფო თუ ადგილობრივი სტრუქტურების, ისე სასამართლოსა და მოსარჩელის მიერ.