ბლოგი

ანგარიში: ტიკტოკი - პროპაგანდის ახალი ეკოსისტემა

 

1.    პლატფორმის ინფრასტრუქტურა

 

ტიკტოკი ვიდეო მასალაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმაა. კომპანიამ მოკლე ვადაში შეძლო მომხმარებელთა დიდი რაოდენობის მიზიდვა, რამაც, საზოგადოებისთვის კრეატიული თავისუფლების და ახალი შესაძლებლობების სივრცის შექმნასთან ერთად, პლატფორმა საინფორმაციო მანიპულაციების ერთ-ერთ კერადაც აქცია. პოლიტიკური კამპანიების წარმოების მიზნით, ტიკტოკის არხები საქართველოში 2020 წლიდან გამოჩნდნენ, თუმცა განსაკუთრებით გააქტიურდნენ 2021 წელს. შედეგად, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობები ფეისბუქს გასცდა და მასშტაბები კიდევ უფრო გააფართოვა. პოლიტიკურად მოტივირებული აქტორების ტიკტოკზე აშკარა გააქტიურებიდან გამომდინარე, “სამართლიანმა არჩევნებმა” პლატფორმაზე წინასაარჩევნოდ მიმდინარე ტენდენციები და  საინფორმაციო მანიპულაციები შეისწავლა.

ტიკტოკის შესახებ:

  • მსოფლიოს მასშტაბით, ტიკტოკის აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობა 3 მილიარდს აღწევს, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლებისა კი 1 მილიარდს. 2020 წელს, ის ყველაზე ხშირად გადმოწერადი აპლიკაცია იყო. [1] დღესდღეობით, სოციალური მედიის პლატფორმების მომხმარებელთა 1/3 სწორედ ტიკტოკზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქსა და ინსტაგრამს თითქმის 10 წელიწადი დასჭირდათ მომხმარებელთა ამ რაოდენობის მოსაზიდად.[2]
  • ჩართულობის მაჩვენებლით, ტიკტოკი ნომერ პირველი სოციალური მედიის პლატფორმაა, სადაც მომხმარებლები, თითო სესიისას, საშუალოდ 10.85 წუთს ხარჯავენ.[3]
  • ტიკტოკზე განთავსებული ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 წამია. ვიდეოზე შესაძლებელია ტექსტის და მუსიკის თანდართვა. ტიკტოკის, კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა დამოკიდებულია ვიზუალური კრეატიულობის, გზავნილის და დინამიურობის სინთეზზე.
  • ვიდეოების სათაურები მოიცავს როგორც აღწერილობით ტექსტის, ასევე ე.წ. ჰეშთეგების (#) დამატების საშუალებას. ჰეშთეგი საკვანძო სიტყვაა, რომელიც ამ სიტყვის ირგვლივ არსებულ ვიდეო მასალებს ერთ თემატიკას უკავშირებს და მასალას შესაბამის აუდიტორიაზე ავრცელებს.
  • მომხმარებლებს შეუძლიათ დამატებულ ვიდეოზე სხვა მომხმარებლის მონიშვნა. ტიკტოკი სხვა არხიდან ვიდეოს გაზიარების საშუალებასაც იძლევა. გაზიარებულ ვიდეოზე აღწერილობითი ტექსტის დამატებაცაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს შორის დისკურსის ჩამოყალიბებას და გავრცელებას უწყობს ხელს.
  • ტიკტოკის მომხმარებლები აპლიკაციაშივე არედაქტირებენ აუდიო და ვიდეო მასალას. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ კომენტარს ვიდეოს სახით უპასუხონ, რაც იდეების მიმოცვლას უწყობს ხელს.  ასეთ დროს, ვიდეოში კომენტარის ტექსტიც გამოჩნდება, ეს კი დამატებითი გზაა დისკუსიაში აუდიტორიის ჩასართავად.

 

 

2.    მეთოდოლოგია

 

მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებულია მკვლევარებისთვის და ციფრული მედიის მარკეტერებისთვის შექმნილი ანალიტიკური ხელსაწყო Analisa.io. ის 2019 წელს, სინგაპურში დაფუძნებული კერძო კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ტიკტოკისა და ინსტაგრამის პლატფორმების ანგარიშებზე რაოდენობრივი მონაცემების ავტომატურ შეგროვებას უზრუნველყოფს. ანგარიშის დასახელების მითითებით, ხელსაწყომ დაამუშავა ისეთი მონაცემები, როგორებიცაა დროის მიხედვით განაწილებული, ანგარიშებზე გამოქვეყნებული ვიდეოების და ნახვების რაოდენობა, ვიდეოთა ცალკეული და ჯამური ინტერაქცია, ჰეშთეგების კონტრიბუტორები, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჰეშთეგები და ხშირი საკვანძო სიტყვები ვიდეოების სათაურებიდან.

  • დაკვირვებისთვის შეირჩა 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე აქტიური, ტიკტოკის 63 არხი. შერჩეულ არხებს, ამ პერიოდში, გამოქვეყნებული აქვთ მინიმუმ 1 ვიდეო და პოლიტიკური მიზნით, ანონიმურად ან ღიად ეწეოდნენ მადისკრედიტირებელ, მხარდამჭერ ან პროპაგანდისტულ კამპანიებს.
  • შერჩეული არხები კატეგორიებად კლასიფიცირდა პოლიტიკური მიზნების შესაბამისად - ოპოზიციის მადისკრედიტირებელი, ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, მედიის მასალების გამტარი არხები, პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელი არხები, პარტიების მხარდამჭერი არხები.
  • ხელსაწყოს მეშვეობით, თითოეულ კლასიფიცირებულ კატეგორიაში გაიზომა არხების ჯამური ინტერაქციის და გამომწერთა მაჩვენებელი.
  • საინფორმაციო დისკურსში პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით, თითოეულ კატეგორიაში გამოირკვა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჰეშთეგები და სათაურებში გამოყენებული საკვანძო სიტყვები.
  • იდენტიფიცირდა ამა თუ იმ არხის, ასევე ამა თუ იმ ჰეშთეგის ათი ყველაზე ინტერაქციული ვიდეო.
  • შერჩეული არხების მიღმა არსებული საინფორმაციო დისკურსის აღწერის მიზნით, შემოწმდა კატეგორიებში იდენტიფიცირებული ჰეშთეგების ჯამური ინტერაქცია სრულიად ტიკტოკის პლატფორმაზე.

 

 

 ძირითადი მიგნებები:

  • ფეისბუქის მიერ გაუქმებულმა არაერთმა ცნობილმა ანონიმურმა და პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა.
  • შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა.
  • პოლიტიკურ შინაარსის არხებიდან, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღდეგო. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების გამოქვეყნებული ვიდეოების რაოდენობა 321-ით აჭარბებდა „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებს, ინტერაქციის მაჩვენებელი (მოწონება, კომენტარი) 19.5%-ით, ვიდეოების ჯამური ნახვების ოდენობა კი 30.7%-ით.
  • მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები რადიკალურად გაიზარდა.
  • ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება. პლატფორმაზე მხარდამჭერმა არხებმა საშუალო ინტერაქციის მეტი მაჩვენებელი დააგროვეს, ვიდრე დისკრედიტაციულებმა.

 

 

 

 

 

3.    ანონიმური დისკრედიტაციული კამპანიები

 

 საანგარიშო პერიოდში, ტიკტოკზე 24 ანონიმურად მადისკრედიტირებელი არხი აქტიურობდა, საიდანაც 14 ოპოზიციური პარტიების, 8 კი მმართველი ძალის წინააღმდეგ მოქმედებდა.

ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების გამოქვეყნებული ვიდეოების რაოდენობა 321-ით აჭარბებდა „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებს, ინტერაქციის მაჩვენებელი (მოწონება, კომენტარი) 19.5%-ით, ვიდეოების ჯამური ნახვების ოდენობა კი 30.7%-ით. ამგვარად, ტიკტოკზე ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ანონიმური კამპანია იყო მეტად მასშტაბური, მიაღწია აუდიტორიის უფრო ფართო ნაწილს და გამოიწვია მომხმარებელთა მეტი ჩართულობა.

 

 

 

 

3.1 ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი არხები

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედმა არხებმა ჯამში 471 ვიდეო გამოაქვეყნეს და 11,739,159 ნახვას მიაღწიეს, ინტერაქციის მაჩვენებელმა კი 220,989 შეადგინა.

 

ფეისბუქზე აქტიური დისკრედიტაციული გვერდების სახელებით მოქმედებდნენ ტიკტოკის აქტიური არხები @ukrainologi, @terentigldaneli, @mikheil_dagmashenebeli, @politikuri.sarkazmi და @juurnalistebi. აღნიშნული არხების ვიდეოები ფეისბუქზე გავრცელებული მასალის მსგავსი ან იდენტური იყო, რაც მათ უკან მდგომი აქტორების მიზანდასახულ და ორგანიზებულ ქცევაზე მიუთითებს.

 

არხები ყველაზე ხშირად, აუდიტორიისთვის მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილების მიწოდებაზე ორიენტირდებოდნენ - ჰეშთეგი #მიხეილსააკაშვილი მათ 191-ჯერ გამოიყენეს. 698 ათასზე მეტი ნახვით, 25200 მოწონებითა და 2400 კომენტარით, ყველაზე ინტერაქციული ვიდეო არხს @fortrending ეკუთვნოდა, რომელშიც სააკაშვილის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილე მის დანაშაულებრივ წარსულზე საუბრობდა. მაღალი ინტერაქციის გამომწვევ ვიდეოებს შორის მოხვდა ყოფილი პრეზიდენტის და სანდრა რულოვსის მადისკრედიტირებელი ვიდეოც, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს პარტნიორობას იუწყებოდა. აღნიშნული ვიდეოც არხმა @fortrend გამოაქვეყნა და 381 ათასზე მეტი ნახვა, 7,200 მოწონება და 420 კომენტარი მოიპოვა.ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა არხებმა ვიდეოებში მრავალგზის გამოიყენეს ჰეშთეგი #ნიკაგვარამია (50). ჰეშთეგს #სისხლიანი (45 გამოყენება) არხი @mihahamodi მიმართავდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ წარსულზე აპელირებდა. დისკრედიტაციის მიზნით, ჰეშთეგის #ნიკამელია გამოყენება 40-ჯერ დაფიქსირდა, #გახარია კი 22-ჯერ.

  

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ტიკტოკზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანიების აქტივობა და გზავნილები რადიკალურად გაზარდა. პოლიტიკოსის დაკავების მომდევნო დღეს, ანონიმურმა არხებმა რეკორდული, 51 ვიდეო გამოაქვეყნეს - თითქმის 5-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში. მასალის გავრცელების გახშირებული ტემპი მათ არჩევნების მე-2 ტურამდე შეინარჩუნეს.

 

 

 

 

 

 

 

3.2 „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედი არხები

მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედმა არხებმა, საანგარიშო პერიოდში, 150 ვიდეო გამოაქვეყნეს და 8,978,696 ნახვა დააგროვეს.ვიდეოებმა, ჯამში, 220,989 მოწონება და კომენტარი დააგროვეს, რითაც ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელი არხების მაჩვენებელს ჩამოუვარდნენ. 

არხების ყველაზე ხშირად გამოყენებად ჰეშთეგებში ფიგურირებს ისეთი ნეგატიური და სარკასტული ტერმინები, როგორებიცაა "ქოცური", "საქოცეთი", "ანტუნი", "სექტა", "ჭაობი". ძირითად პოლიტიკურ აქტორებად კი მოხსენიებულნი იყვნენ ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

ვიდეოების სიჭარბით არხი @varlamiaravidze გამოირჩეოდა, რომელიც, მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის ლიდერებსაც აშარჟებდა. ვიდეოთა სიმცირის მიუხედავად, ყველაზე მეტი ინტერაქცია დააგროვა არხმა @thesandroronio, რომლის ყველაზე გამოხმაურებადი პოლიტიკური ვიდეო „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეთა დისკრედიტირებას სარკასტული „ქუბებით“ ცდილობდა. დამცინავი იყო არხის @s.g.e.a მაღალ ინტერაქციული ვიდეოც, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტყველებაზე აპელირებდა.

მადისკრედიტირებელ არხებმა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შეცვალეს ტაქტიკა და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ვიდეოების გავრცელებაც წამოიწყეს. ამ მიზეზით, აღნიშნულ არხებზე, #მიხეილსააკაშვილი რიგით პირველი, #ნაციონალურიმოძრაობა კი რიგით მე-6 ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჰეშთეგი იყო. მხარდამჭერ ჰეშთეგებს შორის, ასევე, ფიგურირებდა #თავისუფლებამიშას.

  

4. მედიის მასალის გამტარი არხები

  

ტიკტოკზე მოქმედებდნენ მედიის მასალების გამტარი არხები, რომლებიც სახელწოდებით, ლოგოთი და საინფორმაციო მასალების ფორმით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ საინფორმაციო არხებს წარმოადგენდნენ, თუმცა გამოქვეყნებული ვიდეოები შერჩევითი იყო და სავარაუდოდ, პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა. ტიკტოკზე ამგვარი სამი არხი მოქმედებდა, რომლებმაც ჯამში 270 ვიდეო გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არხების და ვიდეოების რაოდენობის სიმცირისა, აღნიშნულმა სამმა არხმა უფრო მეტი ნახვა (20,995,634) და ინტერაქცია (642,715) დააგროვა, ვიდრე მადისკრედიტირებელმა, მხარდამჭერმა ან პროპაგანდისტულმა არხებმა.

საანგარიშო პერიოდში, 28 100 გამომწერის მქონე მხოლოდ ერთი არხის, @georgia_tv1-ს ვიდეოებმა 19 მილიონზე მეტ ნახვას მიაღწია. არხის ტაქტიკა, ფეისბუქის ზოგიერთი გვერდის მსგავსად, გასართობი მასალებით გამომწერების მოზიდვაზე იყო დაფუძნებული, რაც ვიდეოების მნახველთა გაზრდილი რაოდენობის შესაძლებლობას იძლევა. @georgia_tv1-ზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ვიდეოები შერჩევითი იყო და როგორც ოპოზიციური ლიდერების, ასევე კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ცდილობდა. არხებს შორის, @georgian__media შერჩევით სიახლეებს აქვეყნებდა ოპოზიციური პარტიის და მედიის მხარდასაჭერად, ამავე მეთოდით მოქმედი არხი @monakhazi კი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. აღნიშნული კატეგორიის არხების მიერ გამოყენებულ ჰეშტეგებს შორის მოხვდა #ჟურნალისტი (11), #მიხეილსააკაშვილი (7), #ნიკაგვარამია (5), #მთავარიარხი (5).


 

 

 

 

5.    მხარდამჭერი კამპანიები

 

საანგარიშო პერიოდში, ტიკტოკის 17-მა არხმა პარტიების მხარდამჭერი კამპანია წარმართა. აქედან, ოპოზიციის მხარდამჭერმა 13-მა ანგარიშმა 533 ვიდეო გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედმა 4-მა არხმა კი 204. ჯამური ინტერაქციის მხრივ, ოპოზიციის მხარდამჭერი არხების ეს მაჩვენებელი 88 962-ით აღემატება მმართველი პარტიის მხარდამჭერი არხების მაჩვენებელს.

 

 

 

ინტერაქციის მაჩვენებლით მხარდამჭერი არხები მხოლოდ  პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელ არხებს ჩამოუვარდებოდნენ და მნიშვნელოვნად უსწრებენ მადისკრედიტირებელ ანგარიშებს. დისკრედიტაციულები არხებზე, ვიდეოს ყოველ ათას ნახვაზე, 24.6-დან 26.83-მდე მომხმარებელი ერთვება ინტერაქციაში მაშინ, როცა მხარდამჭერ არხებზე იგივე მაჩვენებელი 35.5-ს აღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ მხარდამჭერი არხების მასალა ძირითადად პოზიტიური ხასიათისაა, ხოლო დისკრედიტაციული არხების ნეგატიური, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტიკტოკის პოზიტიური ხასიათის პოლიტიკურ კამპანიებში აუდიტორია მეტად ერთვება, ვიდრე ნეგატიურში.

ვიდეოების ნახვის მაჩვენებელი მიუთითებს მომხმარებელთა რაოდენობას, რომლებსაც სიახლეების ველში მოცემული ვიდეო გამოუჩნდათ, რაც ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ვიდეო ნამდვილად ნახა. მეორეს მხრივ, ინტერაქციის მაჩვენებელი გამოხატავს აუდიტორიის დაინტერესებას, რაც ვიდეოს მოწონებაში ან კომენტარში გამოიხატა. დაკვირვებული არხების მონაცემები აჩვენებს, რომ ვიდეოს აუდიტორიის საკმაოდ მცირე ნაწილი გამოხატავს ინტერესს შემდგომი მოქმედებებით.

 

 

5.1 ოპოზიციის მხარდამჭერი არხები

 

ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ ვიდეოებს 14 არხი ავრცელებდა, რომლებიც ცდილობდნენ ხელოვნურად ჩამოეყალიბებინათ ამა თუ იმ პარტიის მხარდასაჭერი საინფორმაციო დისკურსი. აღნიშნულმა არხებმა, საანგარიშო პერიოდში, 533 ვიდეო გამოაქვეყნეს და 15,325,027 ნახვა დააგროვეს.

 

 

ინტერვიუს ვიდეოზე თანდართული ტიტრები მხარდამჭერ არხზეარხებს შორის, @potidges გიგი უგულავას მხარდამჭერ კამპანიას ეწეოდა და ამავდროულად, “ქართული ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ხოლო @martalisityva ანა დოლიძის მხარდაჭერას ანონიმურად ცდილობდა.   მხარდამჭერმა არხებმა 65-ჯერ გამოიყენეს #გახარია. ტიკტოკზე ჰეშთეგს 15 კონტრიბუტორი ჰყავდა, რომელთა შორის, ყველაზე მეტი ინტერაქცია არხებმა @xo.taso და @gakhariagiorgi შეაგროვეს. პლატფორმაზე, ჰეშთეგით #გახარია/gakharia გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა მეტი ნახვა დააგროვეს (5,515, 360), ვიდრე #ნიკამელია/nikamelia (4,806,617). მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერმა არხებმა არჩევნების პირველი ტურის შემდეგაც გააგრძელეს გიორგი გახარიას მხარადმჭერი ვიდეოების გამოქვეყნება, აუდიტორიის ჩართულობა,ამ პერიოდიდან, ჰეშთეგზე #გახარია მკვეთრად შემცირდა.

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

5.2 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არხები

 

ტიკტოკზე აქტიური 4 არხი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა. ჯამში, მათ 205 ვიდეო გამოაქვეყნეს.„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ არხებზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა თითქმის ნახევარ მილიონ ინტერაქციას მიაღწია. მაღალი ინტერაქცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მიზნით მოქმედი @georgiantv11-დან გამომდინარეობს.

 

 

28,100 გამომწერით, არხის ზოგიერთმა ვიდეომ ასიათასობით მნახველს მიაღწია. დაკვირვების პერიოდში, ჯამში, არხმა 15 მილიონზე მეტი ნახვა, 408,321 მოწონება და 14,155 კომენტარი მოიპოვა. @georgiantv11-ის კამპანია, მეტწილად, პოლიტიკური საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის და ვაჟა სირაძის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული, რათა წარმოჩენილიყო აღნიშნული აქტორების პროფესიონალიზმი ოპოზიციური ოპონენტების პროვოკაციულ მოქმედებებთან გამკლავებისას. არხმა ჰეშთეგი #შსს 74-ჯერ, #საპატრულოპოლიცია 30-ჯერ, #ვაჟასირაძე კი 25-ჯერ გამოიყენა.  დროდადრო, არხი მადისკრედიტირებელ, სარკასტულ ვიდეოებსაც აქვეყნებდა, რომელთა ძირითადი სამიზნე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. მათგან, ვაჟა სირაძის და თინა ბოკუჩავას დაპირისპირების ერთ-ერთმა ვიდეომ მილიონამდე ნახვა დააგროვა.

მხარდამჭერ არხებს შორის აქტიურობდა არაანონიმური ანგარიშიც @davidtordia, რომელიც ფეისბუქზე „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული გვერდების, “ლიდერი 41” და “ანალიტიკური გვერდი” მმართველია.

 

6.    პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელი არხები

 

„სამართლიანი არჩევნები“ 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე აქტიურ 21 პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელ არხს დააკვირდა.  შესწავლილი არხები, ტრადიციისამებრ, საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური ღირებულებებით მანიპულირებას ცდილობდნენ. მათი გზავნილები მკვეთრად ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა, დისკრედიტაციის მთავარ სამიზნეებს კი „ნაციონალური მოძრაობა“ და კრიტიკული მედია წარმოადგენდნენ. საანგარიშო პერიოდში, პროპაგანდისტული არხები მაქსიმალურად შეეცადნენ პანდემიის და ვაქცინაციის ირგვლივ საზოგადოების არსებული შიშების კონსოლიდაციას და გამძაფრებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ.

 

რაოდენობრივი მონაცემები

პროპაგანდისტულმა არხებმა, საანგარიშო პერიოდში, 1,725 ვიდეო გამოაქვეყნეს და ჯამში 19,062,645 ნახვა დააგროვეს. აღსანიშნავია, რომ ნახვების საშუალო რაოდენობით, პროპაგანდისტული არხები ჩამორჩებიან პოლიტიკურად მადისკრედიტირებელ და მხარდამჭერ არხებს.

 

 

პროპაგანდისტული გზავნილების არხების ჯამურმა ინტერაქციამ (მოწონება, კომენტარი) 583,428-ს მიაღწია, რითაც მხოლოდ მედიის მასალების გამტარ არხებს ჩამოუვარდება. გამომწერების რაოდენობით ლიდერობდა არხი @georgianpage მაღალი ინტერაქციით კი, აღნიშნულ ანგარიშთან ერთად, გამოირჩეოდნენ @qartuli.suli და „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული არხები @altinfo1, @zurazukakishvili, @altinfofanpage.

 

პანდემია და ვაქცინაცია პროპაგანდისტულ არხებზე

 

დაკვირვებულმა არხებმა 64-ჯერ გამოიყენეს ჰეშთეგი #არაკოვიდფაშიზმს. სრულიად პლატფორმაზე აღნიშნულმა ჰეშთეგმა 1,4 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ჰეშთეგთან #არაკოვიდფაშიზმს ერთად, არხები პარალელურად ხმარობდნენ ჰეშთეგებს #ალტინფო/#altinfo (35), #არავაქცინას (11), #არასავალდებულოვაქცინაციას/კოვიდპასპორტებს (4). ამ საკვანძო სიტყვის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო @georgianpage, ინტერაქციის მოპოვების მხრივ კი @altinfo1 ლიდერობდა.

 

 

 

 

 

 

არხის შესახებ - georgianpage0

არხი georgianpage0, 13 ათასზე მეტი გამომწერით, ანტილიბერალურ და რელიგიური ნაციონალიზმით დამახასიათებელ გზავნილებს ავრცელებდა. მისი 10 ყველაზე ინტერაქციული ვიდეოდან, 8 კოვიდ პანდემიას და სავალდებულო ვაქცინაციას ეხებოდა. არხი ისეთ კონსპირაციულ მასალებს აქვეყნებდა, როგორებიც იყო ვაქცინის ექსპერიმენტულობა და ადამიანზე გენეტიკური მოდიფიკაციების ჩატარება, საავადმყოფოების ძალისმიერი მეთოდებით, ხელოვნურად გავსება. გავრცელებული მასალის დიდი ნაწილი „ალტ-ინფოს“ გადაცემების მონაკვეთები იყო. არხი პროაქტიულად ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას. georgianpage0-ზე გამოყენებულ ჰეშთეგებს შორის იყო #ნაციაადამიანი? (22), #მიშაციხეში (2), #ჟურნალისტები (3).


 

 

 

 

 

 

 

 

 

„ალტ-ინფოს“ ქსელი ტიკტოკზე

 

პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელ არხებზე ხშირად გამოყენებულ ჰეშთეგებს შორის მოხვდა #ლევანვასაძე. ჰეშთეგს 5 კონტრიბუტორი ჰყავს, საიდანაც ერთი, @varlamialavidze მის დისკრედიტაციას ეწეოდა. ტიკტოკზე აქტიურობდა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის არხიც. გამოქვეყნებულ 23 ვიდეოში ის მიხეილ სააკაშვილს აშარჟებდა, მედიისადმი სიძულვილს აღვივებდა და ჰომოფობიურ ნარატივებს ავრცელებდა.მას შემდეგ, რაც „ალტ-ინფოს“ ქსელი ფეისბუქმა არაერთხელ გააუქმა, რადიკალურმა დაჯგუფებამ ტელეგრამსა და ტიკტოკზე გადაინაცვლა. ტიკტოკზე ჰეშთეგს #ალტინფო/altinfo 19 კონტრიბუტორი ჰყავს, რაც პლატფორმაზე ამ ქსელის ფართო საკომუნიკაციო ოპერაციაზე მიუთითებს. საანგარიშო პერიოდში, ჰეშთეგებით #ალტინფო და #altinfo, ჯამში, 416 ვიდეო გამოქვეყნდა ტიკტოკის პლატფორმაზე, რამაც 4 მილიონზე მეტი ნახვა და 102,444 ინტერაქცია (ლაიქი, კომენტარი) დააგროვა. ჰეშთეგის ირგვლივ ყველაზე ინტერაქციული ვიდეოები მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას, ლიბერალურ მმართველობას, ეკლესიაზე მედიის თავდასხმას, ვაქცინის არაფექტიანობას და პანდემიის  ხელოვნურობას მიემართებოდა. „ალტ-ინფოს“ ჰეშთეგის პარალელურად, ხშირად გამოიყენებოდა ჰეშთეგი #არავაქცინას (23).

პროპაგანდისტულ არხებზე ყველაზე ხშირად გამოყენებული ჰეშთეგები ცხადყოფს, რომ არხები ფოკუსირდნენ ანტილიბერალურ, ანტივაქსერულ და „ნაციონალური მოძრაობის“ მადისკრედიტირებელ საკითხებზე.

 

7.    შეჯამება


ფეისბუქის მიერ გაუქმებული კოორდინირებული, ანონიმური თუ პროპაგანდისტული გვერდები წარმატებით ახერხებენ ტიკტოკის პლატფორმაზე მიგრაციას. საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების, მათი ვიდეოების და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ამ ვიდეოებზე აუდიტორიის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის დაცულობაზე მომუშავე სექტორმა დროულად წამოიწყოს პლატფორმაზე მიმდინარე პოლიტიკური და პროპაგანდისტული კამპანიების სისტემატიური მონიტორინგი.

არსებული ვითარება დამატებით მოითხოვს ტიკტოკის ანონიმური და პროპაგანდისტული არხების ვიდეოების შინაარსობრივ კვლევას. მნიშვნელოვანია არხების ქცევის შესწავლაც, რათა მათ ტაქტიკას ორგანიზაციები მონიტორინგის ეფექტური მეთოდოლოგიით დაუპირისპირდნენ. პლატფორმაზე განთავსებული მასალის სიჭარბის და კომპლექსურობის გამო, საჭიროა მკვლევართა და მონიტორთა უზრუნველყოფა ახალი, პლატფორმაზე მორგებული პროგრამული ინსტრუმენტებით. მსგავსად ფეისბუქისა, ტიკტოკზეც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება გაზომვა, თუ როგორ იცვლება ამომრჩევლის ქცევა დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და ზოგადად, მიზანმიმართული საინფორმაციო მანიპულაციების შედეგად.

ტიკტოკი საზოგადოებრივი აზრის რეალურ დროში დაკვირვების ინფრასტრუქტურას იძლევა. აღნიშნული, ერთის მხრივ, ახალი შესაძლებლობაა მავნე აქტორებისთვის, შეისწავლონ საზოგადოებრივი განწყობები და მათ მუდმივად განახლებადი პროპაგანდისტული გზავნილები და მეთოდები დაუპირისპირონ. მეორეს მხრივ, აუდიტორიის განწყობების დაკვირვება შესაძლებლობაა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურებისთვისაც, მიმდინარე დეზინფორმაციულ ნარატივებს მოარგონ კომუნიკაციის სტრატეგია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიც ვაქცინაციის კამპანიაა.

 

8.    დანართი

 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.

[1] ‘ტიკტოკი 2020 წლის ყველაზე გადმოწერად აპლიკაციად დასახელდა’. BBC. 10 აგვისტო, 2020. [დამოწმების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021]

[2] ‘ტიკტოკის მომხმარებელთა სტატისტიკები’. ბრაიან დინი, Backlinko. 11 ოქტომბერი, 2021. [დამოწმების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021]

[3] იქვე.