დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 19 ივლისი - 1 აგვისტო

 

გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის კამპანიის სანაცვლოდ თანხის აღების ბრალდებით 

24 ივლისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა, ტელეკომპანია „იმედმა“, „პოს ტვ“-მ და Pia.ge-მ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების სანაცვლოდ 11 500 აშშ დოლარი გადაუხადა. მედიასაშუალებებმა ინფორმაციის წყაროდ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) საფუძველზე გამოქვეყნებული დოკუმენტი დაასახელეს. თუმცა, როგორც ირკვევა, დოკუმენტის მიხედვით, თანხა კომპანია PR Newswire-მა მიიღო იმ პრესრელიზის გასავრცელებლად, რომელიც მარგველაშვილის პეტიციას ეხებოდა.  გიორგი მარგველაშვილის სახელით მომზადებულ პეტიციაში, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლები აწერდნენ ხელს, საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში გარდაცვალების შემთხვევაში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, პასუხისმგებლობაზე. პეტიციის ხელმომწერები, ასევე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ. 

პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ მარგველაშვილი ქვეყნის ინტერესების ღალატში იქნა დადანაშაულებული. მათთან ერთად, ინფორმაცია გაავრცელა ცრუ მედიის ფეისბუქგვერდმაც PrimeNews.ge. 

 

მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის FARA-ის დოკუმენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აქტიურად იქნა გამოყენებული გიორგი გაჩეჩილაძისა (უცნობი) და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებული პროსახელისუფლებო მოძრაობის - „არ აგარევინებთ“ და ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი სხვა გვერდების მიერ. ამავე თემაზე გავრცელდა სარკასტული შინაარსის მიმებიც. 

 

 

სარკასტული გზავნილები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით 

24 ივლისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ, ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას მათი გაერთიანების შესახებ აცნობეს. პოლიტიკოსების მოცემულ გადაწყვეტილებას აქტიური გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ სხვადასხვა ფეისბუქგვერდზე. გამოხმაურებათა ძირითადი ნაწილი სარკასტული შინაარსის იყო. 

  

ფოტომანიპულაცია -  მმართველი პარტიის ლიდერების რუს ტურისტებად გამოსახვა 

27 ივლისს ბათუმში რუსული საკრუიზო გემი „Astoria Grande“ შემოვიდა. 22 ივლისს სოჭიდან გამოსულ ამ ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც ძირითადად რუსი ტურისტები იყვნენ. ლაინერის შემოსვლის შემდეგ მედიაში მასზე მყოფი ზოგიერთი ტურისტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადებები და მუქარისა და უხამსი ჟესტები ამსახველი კადრები გავრცელდა, რასაც ფეისბუქზე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ფოტომანიპულაციების გამოქვეყნება მოჰყვა. რუსი ვიზიტორები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ლიდერების სახით იყვნენ გამოსახული. გავრცელდა გზავნილები საქართველო ხელისუფლების პრორუსულობის შესახებაც. 

 

 

ბათუმში რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ის ვიზიტთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის საწინააღმდეგო გზავნილები 

31 ივლისს ბათუმში რუსული საკრუიზო გემის განმეორებით შემოსვლასა და გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გემზე რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ცნობილი სახეებიც იმყოფებოდნენ, ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20-ზე მეტი პირი დააკავეს. პროტესტის პარალელურად, ფეისბუქზე პროსახელისუფლებო ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილის, განცხადებები გავრცელდა,  რომელშიც აქციის ორგანიზატორად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმოჩენილი. განცხადებებში ნიკოლეიშვილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მიმართავდა.   

 

აქციის წინააღმდეგ სარკასტული ვიდეო გამოაქვეყნა მოძრაობის „არ აგარევინებთ“ ფეისბუქგვერდმაც.  

 

გარდა ამისა, პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით, ხელისუფლების მხარდამჭერმა ფეისბუქის მომხმარებელმა, გაბი კამაევმა, გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აქციის მონაწილეების მცირე რაოდენობაზე იყო საუბარი. ვიდეოს გავრცელებაში 54 საეჭვო/ყალბი ანგარიში და გვერდიც იყო ჩართული.  

 

აღსანიშნავია, რომ ვინაობის დასაფარად ყალბი ანგარიშები სხვადასხვა სოციალური ქსელიდან იპარავენ ფოტოებს. მაგალითად, ანგარიში სახელწოდებით Nini Kapanadze ცნობილი ჩოგბურთელის ელენა რიბაკინას ინსტაგრამიდან აღებულ ფოტოებს იყენებს.  

 

ამ ვიდეოს გამზიარებლებს შორისა იყო პროფილი Anita Jgernaia, რომელსაც პროფილის ფოტო რუსი ფიტნეს ინსტრუქტორის, fitness.elly ინსტაგრამის ანგარიშიდან აქვს მოპარული.  

 

ამ პროფილებისა და გვერდების ნაწილი ახლადშექმნილია, უმრავლესობა კი რამდენიმე თვეა ავრცელებს პროსახელისუფლებო, ანტიდასავლურ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მადისკრედიტირებელ გზავნილებს. მათ შორის, გამავრცელებელი ანგარიშების ნაწილი ჩართული იყო „პროგრესული კონსერვატიზმის” სახელით მოქმედი ფეისბუქგვერდის ანტიამერიკული გზავნილების გავრცელებაშიც. 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ    

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.