განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით

\"\"


2013 წლის 29-31 მაისს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ დიცის, დვანისა და პერევის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების  გავლების  ფაქტის  შესახებ.  განსაკუთრებით  აღმაშფოთებელია საქართველოს სამი მოქალაქის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტები, რომლებსაც უკანასკელი დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება და კონსტიტუციური უფლებები სრულიად უგულვებელყოფილია. კერძოდ, სახეზეა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა სამოქალაქო და  სოციალური-ეკონომიკური უფლებების  შეზღუდვა.

მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს  საქართველოს მოქლაქეები და შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების  დარღვევა.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას გამოყენოს მის ხელთ არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა დასაცავად.

მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს უზრუნველყონ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება   2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებისა   დარღვევის, მოქალაქეების გატაცების ფაქტებისა და საქართველოს საზღვრის ოკუპაციის შესახებ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული  ინიციატივა