არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENEMO) გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში
ENEMO უპირობოდ გმობს რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სუვერენულ ევროპულ ქვეყანაში და დემოკრატიაში.
ENEMO დგას უკრაინის ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ყალბი მტკიცებულებების და უსაფუძვლო ბრალდებები გახდა საბაბი რუსეთის მიერ უკრაინის მიწაზე და უკრაინის ხალხზე არაპროვოცირებული და სრულიად გაუმართლებელი თავდასხმის, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიკვდილი და აიძულა ათასობით ადამიანი დაეტოვებინა ქვეყანა და მეზობელ ქვეყნებში შეეფარებინა თავი.
მთელი მსოფლიო მოწმეა, თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტი პუტინი, ტოტალიტარული მმართველი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ძირს უთხრის დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და არჩევნების მთლიანობას და ახორციელებს ზეწოლას რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე, ცდილობს მეზობელი დემოკრატიის განადგურებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით ეს ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, კერძოდ, გაეროს წესდების და რუსეთის სხვა ვალდებულებების, რომლებიც გაწერილია პარიზის ქარტიაში, ჰელსინკის დასკვნით აქტში და ბუდაპეშტის მემორანდუმში.
რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს, ისინი ასევე წარმოადგენს უკრაინელი ხალხის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მძიმე დარღვევას.
ასევე დაგმობილი უნდა იყოს ბელარუსიის ტერიტორიის გამოყენება სუვერენულ ქვეყანაზე აგრესიის განხორციელების მიზნით, რომლის თანხმობაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმმა გასცა.
ENEMO მოუწოდებს აშშ-ს, ევროკავშირს, ეუთო-ს წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სასწრაფოდ შემოიღონ უფრო მკაცრი სანქციები რუსეთისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ზეწოლა მოახდინონ პრეზიდენტ პუტინზე, რომ მოხდეს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გააუქმოს რუსეთის გადაწყვეტილება ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
ENEMO ხაზს უსვამს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას.
ENEMO-ს მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებაში უცვლელი რჩება.