ბათუმის საქალაქო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამსახურში აღადგინა და განაცდური ხელფასი მიაკუთვნა
2 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ბეგლარ ცინცაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ის სამსახურში აღადგინა. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა.
2021 წლის 18 თებერვალს ბეგლარ ცინცაძე დაინიშნა ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე 10 თვის ვადით. ცინცაძე ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებდა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არასდროს დაკისრებია. 2022 წლის 10 იანვარს სამსახურში გამოცხადებისას მას, გაფრთხლების გარეშე, განუცხადეს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იყო დაკავებული პოზიციიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში არ ყოფილა მითითებული1 წელზე ნაკლები დროით შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა. ამდენად, სასამართლო დადგენილი პრაქტიკისა1 და კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება უვადოდ მიიჩნევა და დამსაქმებელს უფლება არ ჰქონდა გათავისუფლების საფუძლად ხელშეკრულების ვადის გასვლაზე მიეთითებინა.
ბეგლარ ცინცაძე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობაა, კერძოდ, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ცინცაძე საარჩევნო სუბიექტის „გახარია-საქართველოსთვის" ხელვაჩაურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სიის წევრი იყო.
ბეგლარ ცინცაძის ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატები მეგი ბაკურიძე და თეა თედლიაშვილი იცავდნენ.
ISFED, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge ზარი უფასოა.
1. სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი; ას 1418-2018 . 13 დეკემბერი 2019 წელი, №ას- 33-2020 17 ივნისი 2020 წელი