ISFED ზესტაფონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს შეხვდა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აგრძელებს რეგიონებში შეხვედრების ციკლს. 16 ოქტომბერს შეხვედრები შედგა ზესტაფონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები და სხვა დაინტერესებული პირები.
დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნებისა” იურიდიული დახმარების მომსახურების შესახებ, რაც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში კონკურსებისა და ატესტაციის შედეგად, ასევე უკანონო გათავისუფლებისას დაზარალებულ პირთათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას.
აუდიტორია ინტერესით ეცნობოდა უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას.
შეხვედრებისას განიხილეს საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებიც. მონაწილეებს განემარტათ არსებული სისტემის ხარვეზები, ასევე სისტემის შეცვლასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის არგუმენტები. მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის სამართლიანობის გაუმჯობესების მიზნით წამოყენებულ მოსაზრებებს.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები გაესაუბრნენ და შესაბამისი მასალები გადასცეს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას.
შეხვედრები იმართება პროექტის -„საჯარო მოხელეთა ულებების დაცვა პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვას, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურისა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა ჩამოყალიბებას.