განცხადებები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას

განახლება: განცხადების გავრცელების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ცვლილების რეგისტრაცია დაასრულა.

2025 წლის 23 აპრილს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (შემდგომში - „სამართლიანი არჩევნები“) გამგეობამ ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი აირჩია. 30 აპრილს „სამართლიანმა არჩევნებმა” აღნიშნული ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიმართა, თუმცა სააგენტოს ეს პროცესი დღემდე არ დაუსრულებია, რითაც უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას.

„სამართლიანი არჩევნების” 30 აპრილის მიმართვის შემდეგ, 1 მაისს სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და ორგანიზაციას ხარვეზი დაუდგინა, რომელიც მეორე დღესვე, 2 მაისს, სრულად იქნა აღმოფხვრილი. სააგენტო ვალდებული იყო, ხარვეზის აღმოფხვრიდან მეორე დღეს გადაწყვეტილება მიეღო. მიუხედავად ამისა, ამ უწყებას 14 მაისამდე არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, ხოლო 14 მაისს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, მან კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და ახალი ხარვეზი დაადგინა, რომელიც, ასევე მეორე დღეს - 15 მაისს სრულად იქნა გამოსწორებული.

მიუხედავად ყველა ხარვეზის დროულად და სრულყოფილად აღმოფხვრისა, სააგენტო დღემდე კანონმდებლობის უხეში დარღვევით არ ასრულებს სარეგისტრაციო წარმოებას და არ ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციას. სარეგისტრაციო წარმოების უკანონოდ გაჭიანურება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და ნორმების უხეშ დარღვევას. 

სააგენტოს მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის ხელოვნური და უკანონო გაჭიანურება ხელს უშლის ორგანიზაციის სრულყოფილ ფუნქციონირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნება” ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს სხვადასხვა ხერხით ებრძვის და მაქსიმალურად ცდილობს, შეუზღუდოს საქმიანობა, „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ სააგენტოს აღნიშნული ქმედება სცდება სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს იღებს.