სამართლიანი არჩევნების თანამშრომლები წყალდიდობის გამო დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებიან
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლთა გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებს, რომელთა წევრები წყალილობის შედეგად დაიღუპნენ; ვუსამძიმრებთ ზოოპარკის ადმინისტრაციას დაღუპული თანამშრომლების, ასევე იმ ცხოველების გამო, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა.
მადლობას ვუხდით ყველა იმ მაშველს და მოხალისეს, რომელიც სტიქიის ღამეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანების სტიქიისგან გადასარჩენად, ცხოველების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად იბრძოდა.
13-14 ივნისის მძიმე ტრაგედიამ საქართველოში უპრეცედენტო სოლიდარობა და თანაგრძნობა გააღვივა, ორი დღის მანძილზე არ წყდება ქალაქის ქუჩებში მოხალისე ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, თავისი წვლილი შეიტანონ ქალაქის მოწესრიგებასა თუ დაზარალებული ადამიანების დახმარებაში.
„სამართლიანი არჩევნების“ თითოეული თანამშრომელი, ამ მძიმე დღეებში, ისევე როგორც თბილისის ყველა მაცხოვრებელი, ეხმარება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და მომავალშიც გააგრძელებს მათ დახმარებას.
წყალდიდობის მასშტაბები, რომელმაც სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იმედი გვაქვს, რომ დააფიქრებს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქებს, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ ეკოლოგიური საკითხები და არ მოახდინონ მათი იგნორირება.
„სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომლები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული ოფისებიდან, ხელფასის ნაწილს გადავრიცხავთ წყალდიდობის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად.