სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კიდევ ორი სარჩელი დააკმაყოფილა.
2026 წლის 30 აპრილს და 7 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და უკანონოდ ცნო მაია ჩოლოყაშვილის და გიორგი მისრიაშვილის სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
მაია ჩოლოყაშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში 2011 წლიდან მუშაობდა, ხოლო გიორგი მისრიაშვილი - 2008 წლიდან.
2021 წლის 25 ნოემბერს, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაცია, თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მომუშავე პირთა კომპეტენციის დასადასტურებლად ტესტირება დაინიშნა ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. ტესტირებაზე არ ყოფილა პროფესიული კითხვები, დადგენილი არ ყოფილა კომპეტენციის დადასტურების მინიმალური ზღვარი.
მოსარჩელეებმა წარმატებით გაიარეს როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპები, თუმცა, სხვა თანამშრომლებთან ერთად, გიორგი მისრიაშვილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო ვინც დატოვეს, მათ შორის მაია ჩოლოყაშვილს ახალი ხელშეკრულებები გაუფორმდათ. თუმცა, ესეც დროებითი აღმოჩნდა და ახალი მინისტრისთვის მიუღებელი კადრების წმენდის ახალი ტალღა 2022 წელს, 9 თვის შემდეგ კვლავ რეორგანიზაციით დაიწყო, რა დროსაც 2022 წლის 15 იანვარს თანამშრომლები კვლავ გაათავისუფლეს სამსახურიდან და საფუძვლად მიუთითეს, რომ მათი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას. საკადრო წმენდის ამ ტალღაში მაია ჩოლოყაშვილიც მოყვა.
აღსანიშნავია, რომ არცერთი რეორგანიზაციის დროს გასაუბრების პროცესებს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები და მათ ნაცვლად კომისიაში მოწვეული ექსპერტების რანგით მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც არ იყვნენ სფეროს წარმომადგენლები და ძირითადად იყვნენ იურისტები, რომლებიც სვამდნენ ზოგად კითხვებს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა მოსარჩელეთა საქმიანობასთან. ამავდროულად, არ ხორციელდებოდა გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩაწერა
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა.
„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას შრომით დავებში სამართლიანი და არადისკრიმინაციული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@isfed.ge