განცხადებები

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ დაცვის ქვეშ მყოფი, მარიამ კანდელაკის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა

2026 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მარიამ კანდელაკის საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი კანდელაკის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, ხოლო მოპასუხე ა(ა)იპ* „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

მარიამ კანდელაკი თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოში 2018 წლიდან მუშაობდა. 2025 წლის 1 თებერვლიდან უწყებაში დაიწყო რეორგანიზაცია, რომლის დასრულების ბოლო ვადად 1 მაისი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესში არ შემოწმებულა დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა და უნარები, ასევე, არ ყოფილა დადგენილი კადრების შესარჩევი რაიმე ზოგადი ან ინდივიდუალური კრიტერიუმები. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მომუშავე პირთა მხოლოდ ნაწილთან ჩაატარა ფორმალური გასაუბრება, ნაწილთან კი კომუნიკაცია საერთოდ არ შემდგარა.

მარიამ კანდელაკთან გასაუბრება არ ჩატარებულა. მას გათავისუფლების შესახებ 2025 წლის 7 მარტს სიტყვიერად აცნობეს, ხოლო 10 მარტს წერილობით გაუგზავნეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც, იგი სამსახურიდან 17 მარტიდან გათავისუფლდა. 

მარიამ კანდელაკმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ რეორგანიზაციის ბრძანება საკმარისი საფუძველი იყო კადრის დასათხოვნად, რაც მარიამ კანდელაკმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. მან მოითხოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება, ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება და სამუშაოზე აღდგენა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის საჩივარი დასაბუთებული იყო და ის სრულად დააკმაყოფილა. „სააპელაციო პალატა აღნიშნავს, მოქმედი სშკ-ის 147.1-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარეომებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისთვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინეტრესებს და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ლახავს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს”. 

ვინაიდან მოცემულ მომენტში სააგენტოს არ ჰქონდა ვაკანტური პოზიცია, სააპელაციო სასამართლომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილი ფულადი კომპენსაციით შეცვალა. სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი იცავდა.

ცნობისათვის, 2024 წლის 30 ნოემბერს საჯარო მოსამსახურეების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების შესახებ თბილისის მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ-ებში მოჰყვა დაუგეგმავი რეორგანიზაციის პროცესები. ამის საფუძველზე ბევრი საჯარო მოსამსახურე სამსახურიდან პროფესიული უნარების შემოწმებისა და ობიექტური კრიტერიუმების გარეშე გაათავისუფლეს. ამ მოვლენებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება. „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით, უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა ნაწილმა უკვე შეძლო რამდენიმე დავის მოგება.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ: info@isfed.ge

 


* არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი