ცესკო ''სამართლიანი არჩევნების'' განცხადების არასწორ ინტერპეტაციას მიმართავს
"სამართლიანი არჩევნები" ეხმიანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას, ორგანიზაციის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ცესკოს განცხადება შეიცავს უზუსტობებსა და უსაფუძვლო ბრალდებებს ორგანიზაციის მიგნებების არასწორად ინტერპრეტირების ხარჯზე.
ცესკო, რომლის უპირველესი მოვალეობაა განიხილოს და გადაწყვიტოს დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილი დარღვევები, ხარვეზებზე რეაგირების ნაცვლად, ორგანიზაციის მიერ გამოკვეთილი ტენდენციების გაბათილებას ცდილობს, რაც ცესკოს მხრიდან ხარვეზების გამოსწორების კონსტრუქციული ნების ნაკლებობაზე მიუთითებს და ხელს არ უწყობს თანამშრომლობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.
ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი რამდენიმე საკითხი წარმოადგენს “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოვლენილი ტენდენციების და ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას და შეცდომაში შემყვანია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ცესკოს თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს განცხადება, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ხმას აძლევდა კანდიდატების სიაში წარმოდგენილ პირველ 8 კანდიდატს, რადგან 2 584 საარჩევნო უბანზე 8 ვაკანსიაზე 8, ან ნაკლები განცხადება იყო წარდგენილი.
„სამართლიან არჩევნების“ განცხადებაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სიაში პირველი 8 კანდიდატის შემოხაზვა საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობის პრაქტიკა იყო. ორგანიზაციას, ასევე, არ უგულისხმია ის უბნები, სადაც კანდიდატთა რაოდენობა 8 ან 8-ზე ნაკლები იყო. განცხადებაში სრულიად ნათლად არის მითითებული, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” მსგავსი ფაქტები - იმ შემთხვევებში გამოავლინა, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა 8-ს აღემატებოდა. განცხადებაში არ ყოფილა მითითება უბნების კონკრეტული რაოდენობის შესახებ, შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მსჯელობს ცესკო.
2. ცესკოს თქმით, შესაძლოა ხმამაღალიც კი იყოს ISFED-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები (მათი ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით) და მტკიცება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები, შესაძლოა წარმოადგენდეს ფაქტებით მანიპულაციას.
„სამართლიან არჩევნებს“ არ განუცხადებია, რომ პარტიული აფილაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უმრავლესობის შემთხვევაში იკვეთებოდა. ამასთან, კანდიდატების შესაძლო პარტიულ აფილიაციაზე მსჯელობისას ცესკომ მხოლოდ ერთი კრიტერიუმით იხელმძღვანელა - კონკრეტული პირი იყო თუ არა წარდგენილი პარტიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში, მაშინ როცა პარტიასთან კავშირის სხვა უამრავი ფორმა არსებობს. „სამართლიანი არჩევნები“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროფესიული წევრების პოლიტიკური აფილაცია სანდო საარჩევნო პროცესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციისგან შესაბამისად გააზრება და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
3. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას ჩრდილს აყენებს იმაზე აპელირება, რომ საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე არჩეულ პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული 2020 წლის არჩევნებზე.
აღსანიშნავია, რომ ცესკო ადასტურებს „სამართლიანი არჩევნების“ განცხადების სისწორეს სახდელდადებული პირის არჩევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 29 086 არჩეული წევრიდან ორჯერადი დისციპლინური სახდელი დაკისრებული ჰქონდა 4 პირს. თუმცა, მისივე მტკიცებით, ამის განზოგადება პროცესის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ორგანიზაციის რწმენით, საარჩევნო ადმინისტრაციას მეტ ჩრდილს აყენებს არა თავად პრობლემის არსებობა, არამედ ამ პრობლემის უარყოფა ან მისი დამალვის მცდელობა. „სამართლიანი არჩევნების“ მოვალეობას წარმოადგენს დარღვევების გამოვლენა და მათ შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის და დაინტერსებული პირების ინფორმირება, რათა დროული რეაგირებით აღმოიფხვრას ყველა ნაკლოვანება. „სამართლიან არჩევნებს“ სავსებით ნათლად ჰქონდა მითითებული, რომ დისციპლინირებული პირის არჩევა ერთეული შემთხვევა იყო და არ უცდია მისი განზოგადება.
4. ცესკოს თქმით, არასწორია შეფასება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა არაერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში დააფიქსირეს კანდიდატთა წინასწარ დამუშავებული სიები, რომლის მტკიცებულებებიც ორგანიზაციას ფოტო მასალის სახით გააჩნია.
ცესკოს განცხადების მიხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ის უპირობო ნდობას უცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ რეალურ განზრახვაზე მწირი ინფორმაციის მიუხედავად.
სამწუხაროდ, კანდიდატების წინასწარ, კონკურსამდე შერჩევა გავრცელებული პრაქტიკა იყო წლების განმავლობაში, რაზეც „სამართლიანი არჩევნები“ არაერთ განცხადებასა თუ ანგარიშში მიუთითებდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესის ფორმალურობა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
5. ცესკოს განცხადებით, ვერ გაიზიარებს ორგანიზაციის ვარაუდსაც, რომ კონკურსანტების განცხადებები ერთი პირის მიერ იყო შედგენილი, რადგან განცხადების სარეკომენდაციო ფორმა არსებობდა და ის ფაქტი, რომ კონკურსანტების განცხადებები იყო ერთგვაროვანი არ შეიძლება იყოს სპეკულაციების მიზეზი.
ნათელია, რომ "სამართლიანი არჩევნების" შეფასებაში საქმე ეხებოდა არა განაცხადის ფორმას, არამედ მისი შინაარსისა და კონკურსანტების ტექსტების ერთგვაროვნებას, რაც განცხადების სტანდარტული მოდელით ვერ აიხსნება. ცესკოს განცხადებაში აქცენტი შინაარსიდან ფორმაზეა გადატანილი.
6. ცესკომ საარჩევნო პროცესის დამაზიანებლად მიიჩნია ISFED-ის მიერ იმის აღნიშვნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები არ მონაწილეობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების არჩევებში, რადგან ხსენებული საარჩევნო სუბიექტებზე გავლენის ბერკეტი ცესკოს არ გააჩნია.
გაუგებარია, რაში მდგომარეობს ცესკოს არგუმენტი „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ, როცა ორგანიზაციას არ უმტკიცებია, რომ ცესკოს გავლენა უნდა მოეხდინა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი პირების ქცევაზე. ფაქტია, ოპოზიციის მიერ წარდგენილმა წევრებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს და თუ ცესკო ამას პროცესის ნაკლოვანებად მიჩნევს, უმჯობესი იქნებოდა მეტად ეზრუნა მათი ჩართულობის მისაღწევად.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ცესკო არ იზიარებს „სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებას, რომ გასაუბრებების პირდაპირი ტრანსლირების გამო, კონკურსანტები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, რადგან შეეძლოთ თვალი ედევნებინათ კონკურენტთან ინტერვიუსთვის. “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში, გასაუბრების ტრანსლირება ცალსახად დადებითად იყო შეფასებული. თუმცა ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ გასაუბრების ტრანსლირებაზე კანდიდატების ნაწილის უარმა, ნამდვილად შექმნა უთანასწორო გარემო კონკურენტებს შორის. სამწუხაროდ, ცესკომ განცხადების ამ ნაწილს გვერდი აუარა.
“სამართლიანი არჩევნების” მიზანია საარჩევნო პროცესის სრული მონიტორინგის მეშვეობით გამოავლინოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა საყურადღებო ტენდენციისა და მიგნების შესახებ, რასაც ორგანიზაცია 25 წელზე მეტია კეთილსინდისიერად ასრულებს. ორგანიზაციის შეფასებით, გამოვლენილი ხარვეზები საგულისხმო უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის, რათა დროულად შეძლოს გარეშე, ობიექტური თვალით დანახული ნაკლოვანების გასწორება. ამ პროცესში, ცესკოს კონსტრუქციულ თანამშრომლობას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, ისე ადმინისტრაციის ავტორიტეტის ამაღლებაზე.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მაღალი კვორუმითა (2/3) და მრავალპარტიული მხარდაჭერით, სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ასამაღლებლად. ორგანიზაცია აგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგს და თავის მიგნებებს პერიოდულად გააცნობს საზოგადოებას.