ცესკოს დაკომპლექტების ახლად მიღებული წესი კვლავ არ პასუხობს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ვერ პასუხობს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ გამოწვევებს და არ ითვალისწინებს ევროკავშირის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით არჩევა. ეს ფაქტორები აზიანებს ცესკოს დამოუკიდებლობას და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ერთი პარტიის გავლენის განმტკიცებას განაპირობებს. საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესს.
2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ევროინტეგრაციის გზაზე მომავალი პროგრესი დამოკიდებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე. საქართველოს მიერ გადასადგმელი ამ ნაბიჯების ნაწილია საარჩევნო მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებებიც. ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვს ცესკოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
,,სამართლიანი არჩევნებიც” საკუთარ ანგარიშებსა და განცხადებებში ყოველთვის ხაგზასმით მიუთითებდა საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ინსტიტუციის დამოუკიდებლობის გარანტირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი მისი ფორმირების წესია. სწორედ ამიტომ, არსებითი მნიშვნელობა აქვს ცესკოს დაკომპლექტების - პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების თანამდებობაზე განმწესების - მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ - ითვალისწინებდა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა თუ პროფესიული წევრების უფლებამოსილების სრული ვადით - 5 წლით ასარჩევად საჭირო იყოს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ პოლიტიკური კონსენსუსი. ასეთი კვორუმის მიუღწევლობის შემთხვევაში, დაბალი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე კანდიდატების თანამდებობებზე განმწესება დასაშვები იქნებოდა 6 თვით.
2023 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პარლამენტმა არსებითად გადაუხვია ზემოაღნიშნული შეთანხმების სულისკვეთებას. ცესკოს პროფესიული წევრების სრული ვადით ასარჩევად საკმარისი გახდა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც ცესკოს ერთპარტიული გადაწყვეტილებით დაკომპლექტების შესაძლებლობას აჩენს. ამასთან, შეიკვეცა პრეზიდენტის როლი ამ პროცესში და ფაქტობრივად ფორმალობამდე დავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცესკოს წევრის/თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ერთი და იმავე კანდიდატის მაქსიმუმ ორჯერ წარდგენის შესახებ ჩანაწერი ამოღებულ იქნა 2023 წლის ცვლილებების შემდეგ.
ცესკოს დაკომპლექტების წესის პრობლემურობა აღნიშნული იყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებაში, მოგვიანებით კი, ევროკომისიის 8 ნოემბრის გაფართოების დოკუმენტში. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ სრულად უნდა გაიზიაროს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაცია ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით.
ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივი მოსაზრებები 2023 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნეს, რომელშიც გაკრიტიკებულია როგორც 2023 წლის ცვლილებები ცესკოს პროფესიული ნაწილის დაკომპლექტების შესახებ, ისე სექტემბერში პირველი მოსმენით მიღებული ახალი კანონპროექტი. ამ ორგანიზაციების ერთობლივ მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა მმართველ პარტიას მიანიჭა სრული კონტროლი კანდიდატის წარდგენის პროცესზე და ისინი იძლევიან ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლებლობას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. დოკუმენტში ხაზგასმულია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერისა და შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებით შეთავაზებული ანტი-ჩიხური მექანიზმის მნიშვნელობაც. ამავე დოკუმენტში უარყოფითად შეფასდა ცესკოს თავმჯდომარეობის/პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და ნომინირების უფლებამოსილების საქართველოს პრეზიდენტისთვის ჩამორთმევაც. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ეს მოსაზრებები და მესამე მოსმენით მიღებულ ვერსიაში არსებითი ცვლილებები არ შეიტანა.