სიახლეები

ISFED ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმიანება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმაურება, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.

ვფიქრობთ, რომ მსგავსი კადრების მიზანმიმართულად გავრცელება, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, არის შანტაჟის მცდელობა პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებსა თუ სხვა სუბიექტებზე.
"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერის გაკეთება.

მოქმედმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ გაანადგურა ე.წ. „ფარული ჩანაწერები“. თუმცა გავრცელებული ვიდეო-კადრები საპირისპიროს ამტკიცებს. ხოლო, თუ აღნიშნული კადრები ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ჩაიწერა, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირებას მათზე შანტაჟის გზით გავლენის მოსახდენად.

დღეს გავრცელებულმა ჩანაწერებმა, ნათლად დაადასტურა ის ბრალდებები და ეჭვები, რომელსაც ფარული ჩანაწერების არსებობასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ პოლიტიკოსები თუ სხვა პირები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს მედია საშუალებებს, არ გაავრცელონ ფარული ჩანაწერები და პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას.