აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) გადადებული სამიტი - საქართველოს მოლოდინებისა და შედეგების შეფასება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რიგით მეექვსე სამიტის ჩატარება 2020 წლის 18 ივნისს ბრიუსელში იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ფიზიკურად სამიტი 2021 წლის მარტში გაიმართება. სანაცვლოდ, 2020 წლის 18 ივნისს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. 2021 წლამდე სამიტის გადადება შესაძლოა, საქართველოსთვის იქცეს შესაძლებლობად, რომ მომდევნო წლამდე მეტი იმუშაოს, რათა ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით კი ასოცირებული ქვეყნების მიმართ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეს. თუმცა, ჯერჯერობით, 18 ივნისს ჩატარებული ლიდერთა შეხვედრა, ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2021 წლის სამიტზე ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს მხოლოდ დარგობრივი ინტეგრაციის გაღრმავებას შესთავაზებს.