პოლიტიკის დოკუმენტები

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კენჭისყრის პროცესში: საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შეფასება

პოლიტიკის დოკუმენტში განხილულ იქნა კენჭისყრის პროცესის ავტომატიზებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ელექტრონული აპარატი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. 

საარჩევნო პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, ბევრი ქვეყანა იყენებს სხვადასხვა სახის თანამედროვე ტექნოლოგიას. მათ რიცხვს შეურთდა საქართველოც, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა სულ ცოტა 70% მისცემს ხმას. ავტომატიზებული იქნება ამომრჩეველთა რეგისტრაციისა, ბიულეტენების გაციფრულებისა და შედეგების დათვლის პროცესი. 

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი ტექნოლოგიები 2023 წლის 29 აპრილის და 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისას  უკვე გამოსცადა. კერძოდ,  გამოყენებულ იქნა ორი ტიპის აპარატი: ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი, რომელიც საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის ვინაობის შემოწმებასა და რეგისტრაციას ახდენს და ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატი, რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველი საარჩევნო ყუთში ბიულეტენს ათავსებს.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა.

რაც შეეხება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესს, საქართველოში შემოტანილი ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატი შედარებით მოძველებული ტექნოლოგიაა, რომელიც ყველა გამოწვევას ვერ პასუხობს. მის ნაცვლად, სასურველია, გამოყენებულ იქნას ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები, რომელიც გამორიცხავს ბიულეტენების ბათილობას მათი არასწორად შევსების გამო და იძლევა შესაძლებლობას, სრულად აღკვეთოს ისეთი მანკიერი გამოცდილება, როგორიც არის საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გატანა (ე.წ. „კარუსელი“). გარდა ამისა, ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატისგან განსხვავებით, მათმა გამოყენებამ შეიძლება უკეთ უზრუნველყოს კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვა.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ