ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედება ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში
7 ივლისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.
ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის - მომო“-ს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემია სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების ფინანსური და სოციალური დახმარების განსაკუთრებულ საჭიროებებს წარმოშობს. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, უშუალოდ, მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, სოციალური დახმარებების გაცემის პროცესში, აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა შეინიშნება სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა, რაც გამოიხატება პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატების მიერ სოციალური დახმარებების გაცემაში აქტიურად ჩართვასა და ამის ფართოდ აფიშირებაში.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მარტი-ივნისის თვეებში, პარლამენტის ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატის მიერ, სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიების ფარგლებში მოსახლეობისთვის სასურსათო ან/და სამედიცინო პაკეტების გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 252 მუხლით აკრძალული ქმედების - ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. მაჟორიტარი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრები არიან და მათ ნაწილს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, საჯაროდ აქვს გაცხადებული.
აღსანიშნავია, რომ ორ შემთხვევაში - გორსა და სენაკში, მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერით გამართული, უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური აქციის ორგანიზებაში ჩართული იყო ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“, რომლის მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყდვის შესახებ, „სამართლიანი არჩევნები“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის დროსაც მიუთითებდა.
ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები ასევე გამოვლინდა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მასთან აფილირებული ორგანიზაციის „მოძრაობა მომავლისთვის - მომოს“ საქმიანობაშიც, რომელმაც სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო გორსა და თელავში მოქალაქეებს სოციალური დახმარება გაუწია.
ორგანიზაციის დაკვირვებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ბეჭდვითი საინფორმაციო გამოცემა - „ჩვენი სოფელი“, მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო აგიტაციის ნიშნებს შეიცავს. სავარაუდოდ, პედაგოგების ფართო აუდიტორიის გულის მოგებას ემსახურება, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დაგეგმილი სავალდებულო გამოცდის გაურკვეველი თარიღით, შემოდგომისთვის გადადება.
განსაკუთრებით საგანგაშოდ უნდა შეფასდეს, მონიტორინგის დაწყების შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე განხორციელებული ირიბი ზეწოლის შემცველი სატელეფონო ზარი და მინიშნება, რომ, აქტიურობის შემთხვევაში, მის ბიზნესს პრობლემები შეექმნება.
სავარაუდოდ, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები გამოვლინდა ქუთაისსა და ხულოში. ქუთაისში უცნობი პირები „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ხულოში კი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული პირის ძმა აცხადებს, რომ მას აჭარის ა/რ თავმჯდომარის მამამ, არჩევნების პერიოდში, დახმარება სთხოვა, ხოლო, უარის შემდეგ, მისი ძმა დააპატიმრეს.
ISFED-მა ასევე რეკომენდაციებიც შეიმუშავა, კერძოდ:
ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს
- ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში.
- პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
- პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
- ქველმოქმედების განხორციელებისას, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;
- პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიური ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან. ასევე, არ უნდა დაუშვან თავისი მხარდამჭერების მიერ სხვა პარტიების შეხვედრებისა და კამპანიური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
- პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის, რათა ხელი შეეწყოს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
- სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და მოსახლეობას არ შეუქმნან განცდა, რომ გაცემული დახმარების უკან მმართველი პარტია დგას.
საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარული აქციების ორგანიზატორებს
- საქველმოქმედო აქციების ჩატარებისას არ დაარღვიონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვები და არ გამართონ მსგავსი ღონისძიებები პოლიტიკურ პარტიებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად; არ გამოიყენონ საქველმოქმედო აქცია რომელიმე პარტიის ან/და კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისთვის.
ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან ევროკავშირის შეხედულებებს.