პრესრელიზები

არჩევნების დღის სიმულაცია 'სამართლიან არჩევნებში'

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ’’  (ISFED) 10 ივნისს, არჩევნების დღის სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის, ხმების პარალელური დათვლის (PVT) სიმულაცია განახორციელა.  

სიმულაციის დროს, დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) მეშვეობით უკავშირდებიან თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 იურისტის, 20 PVT ოპერატორისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისგან. სიმულაციის ერთი საათის განმავლობაში დამკვირვებელთა 98 პროცენტმა ანგარიშგება წარმატებულად განახორციელა.

დღევანდელი სიმულაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’ მისიის წინასაარჩევნო მომზადების ნაწილია და მიზნად ისახავდა დამკვირვებლების, ცენტრალური ოფისის ოპერატორების, მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციის სისტემის გამოცდას. სიმულაციაში მონაწილეობა ორგანიზაციის თითოეული დამკვირვებლისთვის აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების დღის მაღალი ხარისხით დაკვირვების უზრუნველსაყოფად. ,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ დამკვირვებელთა ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. შესაბამისი მასალები ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს უკვე გადაეცა და დღევანდელი წარმატებული სიმულაციის შემდეგ ,,სამართლიანი არჩევნები’’ დარწმუნებულია, რომ მისი სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღისთვის მზად არის.               

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.