საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია
დღეს, 2 ოქტომბერს, 14 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, ორგანიზაციებმა: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და ჯამპსტარტ ჯორჯიამ საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია გამართეს.
ElectionsPortal.ge არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შექმნილი ვებგვერდია, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებას აწვდის მრავლისმომცველ და კომპლექსურ ინფორმაციას არჩევნების შესახებ საქართველოში. დარღვევების რუკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს სამი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ონლაინ და თავადვე გამოაქვეყნოს მის მიერ დაფიქსირებული ინციდენტები ელექტრონულად და უფასო SMS-ის გამოგზავნის საშუალებით ნომერზე 90039.
„ ჩვენი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა განათლება საარჩევნო საკითხებზე. ამ მიზნით ჩვენს ვებგვერდზე სპეციალური გვერდი შევქმებით, სადაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ვიდეოებია ატვირთული“,-ამბობს ნინო ლომჯარია, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.
Data.ElectionsPortal.ge-ის მეშვეობით კი შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორით, როგორიც არის: აქტივობა, არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიის შედეგები და სხვა. ვებ გვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ დონეზე, რომელიც მოიცავს რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს.
ლუის ნავარომ, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, პრეზენტაციაზე განაცხადა: „ვებ-გვერდი დააინტერესებს ყველა ადამიანს, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს. მონაცემთა ბაზა პოლიტიკურ პარტიებს დაეხმარება საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში და საშუალებას მისცემს წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრონ მათი პოტენციური მხარდაჭერის არეალები. ვებ-გვერდი ასევე დაეხმარება მკვლევარებს საარჩევნო ტენდენციების გარკვევაში. აქ საინტერესო ინფორმაცია ყველასთვის მოიპოვება“.