პრესრელიზები

სამართლიანმა არჩევნებმა 2021 წლის სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა

21 დეკემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მედიუმს სოციალური მედიის პლატფორმები წარმოადგენდა, რომელთა შორის იყო ტიკტოკი, ტელეგრამი და ინსტაგრამი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ფეისბუქი სარგებლობდა.

2 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, არჩევნებში მონაწილე 48 პოლიტიკური გაერთიანებიდან, აქტიური ფეისბუქგვერდით 30 პოლიტიკური პარტია სარგებლობდა. მოცემულ პერიოდში ფეისბუქზე ყველაზე აქტიური პარტიის „საქართველოსთვის“ ძირითადი გვერდი იყო. მას „ლელოს“ ძირითად ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა მოჰყვებოდა. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ძირითად ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობით მესამე ადგილზე იყო, თუმცა პოსტებზე მომხმარებელთა ინტერაქციით ის ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას უსწრებდა.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, ფეისბუქზე აქტივობითა და მომხმარებელთა ინტერაქციის მაჩვენებლით 5 კანდიდატი გამოირჩეოდა. მათ შორის ყველაზე აქტიური ანა დოლიძე იყო. მმართველი პარტიის კანდიდატის, კახა კალაძის, ოფიციალური ფეისბუქგვერდის მიერ უფრო ნაკლები პოსტი გამოქვეყნდა, ვიდრე დოლიძის, მელიასა და გახარიას გვერდებზე, თუმცა მისი ფეისბუქგვერდი უსწრებდა ყველა სხვა კანდიდატის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებზე რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამურ რიცხვს. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა არჩევნების მეორე ტურისთვისაც. აღსანიშნავია, რომ  ფეისბუქზე ინტერაქციის რაოდენობის მიხედვით თბილისის მერობის 5 ლიდერი კანდიდატის თანმიმდევრობა ემთხვევა თბილისის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგებში მათ მიერ დაფიქსირებულ შედეგს.

მუნიციპალური არჩევნების პირველი და მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში 110 საჯარო მოხელის ფეისბუქის კედელზე სამუშაო საათებში 662 სააგიტაციო შინაარსის პოსტის გამოქვეყნების შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მხარდაჭერას გამოხატავდა და ოპოზიციური პარტიების, ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოსთვის“, წინააღმდეგ იყო მიმართული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ სააგიტაციო პოსტები მხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა გამოაქვეყნეს.

2021 წლის არჩევნებისთვის, ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, სოციალურ მედიაში, დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანიები, ძირითადად, ანონიმურად წარიმართებოდა. ამ ტიპის გვერდებზე ქვეყნდებოდა პოსტები ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშულებებისა თუ მიმდინარე საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციის მიზნით. არაოფიციალურად მიმდინარე პოლიტიკური/სარჩევნო კამპანიის მასშტაბი და შინაარსი, პოლიტიკურ ველში არსებული პოლარიზაციის მაღალი ხარისხის გამოძახილს ან ამ პროცესის გამაღრმავებელ ფაქტორსაც შეიძლება, წარმოადგენდეს. საარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა ანტიოპოზიციურ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების ოდენობას,  თუმცა მომხმარებლების რეაქციები, კომენტარები და გაზიარებები 4-ჯერ ჩამორჩებოდა ანტიოპოზიციურ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე ინტერაქციას.

მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ 35 გვერდზე სულ 4,291 პოსტი გამოქვეყნდა, პოსტებზე ინტერაქციამ (რეაქცია, კომენტარი, გაზიარება) კი 286,754 შეადგინა. გვერდებზე „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელ გზავნილებთან ერთად, მხარდამჭერი/პოზიტიური გზავნილები, ძირითადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ქვეყნდებოდა. ოპოზიციის წინააღმდეგ საარჩევნო პერიოდში ფეისბუქზე 40 გვერდი იყო აქტიური. მათ 2,406 პოსტი გამოაქვეყნეს, რომლებზეც ინტერაქციის საერთო ჯამი 1,250,497 იყო. ანონიმურად მოქმედ ანტიოპოზიციურ გვერდებზე გამოქვეყნებული 479 პოსტი დასპონსორებული იყო, რაზეც, ჯამში, 6,375 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

საარჩევნო პერიოდში კოორდინირებული გვერდების პოსტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების, „მთავარი არხის“, „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „კავკასიას“, დისკრედიტაცია იყო. ამ მხრივ, აქტიურად ქვეყნდებოდა პოსტები მედიების მენეჯერებისა და ინდივიდუალური ჟურნალისტების მიმართ. პოსტების ნაწილი მიმართული იყო მედიასაშუალებების მართლმადიდებელ ეკლესიასთან მებრძოლ ძალად წარმოსაჩენად. ამ მხრივ, სპონსორდებოდა პოსტები, სადაც მმართველი პარტია ეროვნულ, ეკლესიის მოკავშირე ძალად, ხოლო ოპოზიცია და მასთან აფილირებული მედიასაშუალებები ეკლესიის მტრებად იყვნენ წარმოჩენილი.

შედარებით მცირე რაოდენობის პოსტები გამოქვეყნდა პროსახელისუფლებო მედიის, „იმედისა“ და „პოსტივის“, წინააღმდეგაც. ძირითადად, ხაზი ესმებოდა მათ მიერ მოვლენების მიკერძოებულად გაშუქებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. პოსტების ნაწილი „იმედს“ პრორუსულ ტელევიზიად წარმოაჩენდა.

მედიის გარდა, არჩევნების პერიოდში ანტიოპოზიციური გვერდები სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც აქტიურად ესხმოდნენ თავს. კოორდინირებული გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „სამართლიანი არჩევნები“ იყო. ამ მხრივ, კოორდინირებულ ქცევასთან ერთად, სახეზე იყო არაავთენტური ანგარიშების გამოყენება, რომელთა საშუალებითაც გვერდების უკან მდგომი პირები ცდილობდნენ პოსტების ინტერაქციის გაზრდას და მათ გავრცელებას მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე ჯგუფებში.

კვლავ თვალშისაცემი იყო ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედი ფეისბუქგვერდების აქტიურობა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის მსგავსი გვერდები ადგილობრივ დონეზეც გააქტიურდნენ. საარჩევნო პერიოდში 21 ცრუ მედიის გვერდზე 1,010 პოსტი გამოქვეყნდა. მათზე ინტერაქციის ჯამურმა რაოდენობამ 168,742-ს მიაღწია. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ცრუ მედიის გვერდებზე 208 პოსტი დასპონსორებული იყო. აღნიშნული გვერდები დისკრედიტაციული ქსელების ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა შენიღბულად, ონლაინ მედიების კამუფლაჟით, ცდილობენ მომხმარებლებზე საინფორმაციო უპირატესობის მოპოვებას.

ფეისბუქზე მწყობრად მოქმედებდნენ გვერდებიც, რომელთა ძირითადი მიზანი სასურველი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა და მომხმარებლების კეთილგანწყობის მოპოვებაა. ბოლო პერიოდში მხარდაჭერის გამომხატველ გვერდებზე, ასევე, შეინიშნებოდა დისკრედიტაციული გზავნილების ზრდა, რაც ამ ტიპის ორგანიზებული გვერდებისთვის წარსულში ნაკლებად დამახასიათებელი იყო.

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა მმართველი პარტიის მხარდამჭერ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს, თუმცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდების პოსტებზე ინტერაქცია ბევრად აღემატებოდა იგივე მაჩვენებელს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერ გვერდებზე.

 

დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე