პრესრელიზები

სამართლიანმა არჩევნებმა სოციალური მედიის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა  

28 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც აღწერილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და მუნიციპალიტეტების მერობის ფეისბუქგვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია ფეისბუქგვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ფეისბუქზე იმ რვავე პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციული ოფიციალური ფეისბუქგვერდი იყო აქტიური, რომელთა წარმომადგენლები მერის/საკრებულოს წევრის არჩევნების მეორე ტურში იღებენ მონაწილეობას. საერთო ეროვნულ გვერდებთან ერთად, „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ შემთხვევებში ფეისბუქზე პოსტებს აქვეყნებდნენ იმ ადგილობრივი ორგანიზაციების გვერდებიც, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი შესაბამის მუნიციპალიტეტში/ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში.

პოლიტიკური გაერთიანებების ძირითად ფეისბუქგვერდებს შორის, 3-22 ოქტომბრის პერიოდში ყველაზე მაღალი აქტივობის დონით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ოფიციალური გვერდი ხასიათდებოდა. პოსტები, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი გათავისუფლების მოთხოვნას შეეხებოდა.

„ქართული ოცნების“ ძირითადი ოფიციალური ფეისბუქგვერდი დასპონსორებული პოსტების სიმრავლით გამოირჩეოდა. დასპონსორებული კამპანიის ნაწილი იყო პარტიის გვერდზე განთავსებული მკვეთრად ნეგატიური სარეკლამო ვიდეორგოლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. მოცემულ გვერდზე ყველაზე ხშირად პოსტები პარტიის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებთან და შესაბამის ადგილობრივ ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრებს შეეხებოდა.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივ ფეისბუქგვერდებს შორის, საანგარიშო პერიოდში ყველაზე აქტიური აჭარის რეგიონული ორგანიზაციის გვერდი იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში კი ფეისბუქზე ყველაზე მეტი პოსტი სამტრედიის ადგილობრივმა გვერდმა გამოაქვეყნა.

3-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე აქტიური იყო მუნიციპალიტეტების მერის არჩევნების მეორე ტურში გადასული 34 კანდიდატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი. მათ შორის, 20 გვერდი „ქართული ოცნების“, 12 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ერთი პარტიის „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ და ერთი საინიციატივი ჯგუფის მიერ ნომინირებულ კანდიდატს ეკუთვნის.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას, გვერდი, თითქმის სამჯერ უფრო აქტიური იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძის. მელიას გვერდზე მომხმარებელთა ინტერაქციის რაოდენობამ გადააჭარბა კალაძის გვერდის მიერ გამოქვეყნებული რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამურ რიცხვსაც. თუმცა, ერთ პოსტზე საშუალო ინტერაქციით ენმ-ის კანდიდატი თითქმის ორჯერ ჩამორჩებოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე ანალოგურ მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე აქტივობის დონითა და გამოქვეყნებულ პოსტებზე ინტერაქციის რაოდენობით სხვა თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო თვითმმართველ თემებში, ძირითადად, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობდნენ.

2021 წლის 3 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მეტწილად ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე მკვეთრად ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა. თუ არჩევნებამდე დისკრედიტაციული გზავნილების საზმინეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია წარმოადგენდა (მათ შორის, აქტიურად იკვეთებოდა  გიორგი გახარია), არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ფეისბუქზე გზავნილები მეტად პოლარიზებული იყო. მათი ნაწილი მმართველ პარტიას მიემართებოდა, მეორე ნაწილი კი მიხეილ სააკაშვილსა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.  პოლიტიკოსებთან ერთად, დისკრედიტაციული  გზავნილების სამიზნეებად რჩებოდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები და ნაწილობრივ,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. 

საანგარიშო პერიოდში,“ქართული ოცნების”  წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე 780 პოსტი გამოქვეყნდა, ხოლო ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე - 530. მსგავსად წინა საანგარიშო პერიოდებისა, მომხმარებელთა ინტერაქცია ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე მნიშვნელოვნად აღემატება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ინტერაქციას. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებული გზავნილები, ერთი მხრივ, დასპონსორების საშუალებით, შეიძლება, მეტ ფეისბუქმოხმარებლამდე აღწევდეს და მეორე მხრივ, მეტად გამიზნული გზავნილები იწვევდეს მაღალი რაოდენობის ინტერაქციას.

“ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების ძირითადი გზავნილი არჩევნების პირველი ტურის მომდევნო დღეებში შეეხებოდა 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს. დისკრედიტაციის სამიზნეს წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის შედეგებსაც გვერდები ეჭვქვეშ აყენებდნენ.  ზიარდებოდა პრობლემური ოქმების ფოტოები, რასაც გვერდები არჩევნების გაყალბების დასტურად  წარმოადგენდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი წარმომადგენლები კი “ქართულ ოცნებას” დაქვემდებარებულად იყო წარმოჩენილი. საანგარიშო პერიოდში გვერდების სამიზნეს წარმოადგენდნენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები, კახა კალაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. ნეგატიური გზავნილებით შეფასდა, აგრეთვე, ტელეკომპანია “იმედის” განცხადება საგანგებო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე. ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების ნაწილზე გამოიკვეთა კოორდინირებული ქმედება, რაშიც ერთსა და იმავე დროს ანალოგიური პოსტების გამოქვეყნება იგულისხმება. “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე, საანგარიშო პერიოდში, პარალელურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი კამპანია მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების ძირითად სამიზნეს მიხეილ  სააკაშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდნენ. ქვეყნდებოდა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში გახმაურებული ძალადობრივი საქმეების შესახებ პოსტები. მათ შორის, ფეისბუქგვერდები აქტიურად ავრცელებდნენ სენსიტიურ ვიზუალურ მასალას, რომელიც  შეიცავდა ძალადობის ნიშნებს. მნიშვნელოვნად გააქტიურდა გვერდი “არქივი”,  რომელიც ენმ-ის ხელისუფლებისდროინდელ საარქივო მასალას რეკლამების სახით ათავსებდა. გვერდი დაკავშირებულია ია მეტრეველის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან „დავასრულოთ“.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა სამი გვერდის - „გლდანელი”, “აგიტატორი” და “ვარკეთილი” - სავარაუდო კოორდინირებული მოქმედება. ამასთანავე, გვერდი “აგიტატორი” დაკავშირებულია ხელისუფლების მხარდამჭერ გვერდთან “ივანიშვილის მხარდამჭერები”.  

ანტიოპოზიციურ გვერდებზე დისკრედიტაციის სამიზნეს ნიკა მელიაც წარმოადგენდა. ფეისბუქგვერდების ნაწილზე ვრცელდებოდა ნარატივი, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის კონფლიქტია. მსგავსი შინაარსის პოსტები დისკრედიტაციულ გვერდებთან ერთად, გავრცელდა ცრუ მხარდაჭერის ტიპის გვერდზე. აღნიშნული მოქმედებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, თუმცა, რეალურად გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დეზორინეტირებას უფრო ემსახურება. ნეგაიტური პოსტების ნაწილი მიემართებოდა ანზორ მელიას.  

საანგარიშო პერიოდში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მცირე რაოდენიბით გამოქვეყნებული პოსტები 

მას ენმ-სთან აკავშირებდა და ბრალი „ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ“ მეორე ტურის დანიშვნის საჭიროებაში ედებოდა.

ფეისბუქზე კვლავ აქტიური რჩებოდა ცრუ მედიის გვერდების ნაწილი. შესწავლილ პერიდოში გვერდებზე დასპონსორებული პოსტები „ქართული ოცნების“ სასარგებლო და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო გზავნილებს მოიცავდა.  გვერდების ნაწილზე პოზიტიური კამპანია წარიმართებოდა კახა კალაძის სასარგებლოდ. გვერდზე “Samegrelo Times სამეგრელო თაიმსი“ რეკლამის სახით განთავსდა ანზორ მელიას მადისკრედიტირებელი ვიდეო. 

საანგარიშო პერიოდში აქტიური იყო ხელისუფლების მხარდამჭერი 20 გვერდი. გვერდების ნაწილზე გამოიკვეთა კოორდინირებული აქტივობა. პოზიტიურ ჭრილში იყო წარმოჩენილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავაშირებით. გვერდებზე, აგრეთვე, წარიმართრბოდა ენმ-ის საწინააღმდეგო კამპანია.

ოპოზიციის მხარადამჭერის მიზნით 25 გვერდი აქტიურობდა. მათგან, 19 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებდა. გვერდებზე გავრცელებული პოსტები ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეეხებოდა. 

ფეისბუქის გარდა, პოლიტიკური კამპანია მცირე მასშტაბებით წარიმართებოდა ტიკტოკზეც. საანაგრიშო პერიოდში გამოიკვეთა  პარტიების 4, პოლიტიკური ლიდერის 1, ოპოზიციის მხარდამჭერი 7, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 2, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი 4, „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი 6 და ცრუ მედიის ტიპის 5 ანგარიში. გავრცელებული გზავნილები მეტწილად ემთხვეოდა ფეისბუქზე გარვცელებული პოსტების შინაარსს. 

 

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.