\'სამართლიანმა არჩევნებმა\' წინასაარჩევნოდ ქართული გაზეთების მონიტორინგი დაიწყო
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ქართული გაზეთების მონიტორინგი დაიწყო.
15 ივლისიდან 15 ნოემბრამდე ორგანიზაცია შვიდ ქართულ გამოცემას დააკვირდება: „რეზონანსი“, „24 საათი“, „ახალი თაობა“, „ალია“, „ახალი ვერსია“, „კვირის პალიტრა“ და „ასავალ–დასავალი“.
მონიტორინგი ხორციელდება პროექტის ფარგლებში „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტის მთავარი მიზანია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, პროფესიული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედია გაშუქების ხელშეწყობა, მონიტორინგის გზით.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ISFED-თან ერთად, ქართულ ტელე, რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებების რაოდენობრივი და თვისებრივი წინასაარჩევნო მონიტორინგს განახორციელებს: CRRC, CDI და ინტერნიუსი.
მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაციებმა ტრენინგი გაიარეს ავტორიტეტულ სლოვაკურ კომპანიასთან “მემო 98″.
4 თვის განმავლობაში, ISFED საზოგადოებას შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წარუდგენს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ვებ–გვერდებზე www.isfed.ge და www.mediamonitor.ge
ამავე პროექტის ფარგლებში, ISFED-მა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც განახორციელა ბეჭდური მედიის მონიტორინგი, რომლის შედეგები ასევე გამოქვეყნებულია აღნიშნულ ვებ–გვერდებზე.