Facebook-ის საზედამხედველო საბჭო - რა უნდა ვიცოდეთ Facebook-ის ახალ მაკონტროლებელ ორგანოზე?
საზედამხედველო საბჭო ფეისბუქის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ფეისბუქის კონტენტის (პოსტი, კომენტარი, გვერდი, ჯგუფი, ანგარიში) გაუქმების გადაწყვეტილებებს განიხილავს.
2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფეისბუქის ხელმძღვანელობამ სამეცნიერო წრეებთან და სხვადასხვა ადვოკატირების ჯგუფებთან პლატფორმის უსაფრთხოების გაზრდაზე დაიწყო მსჯელობა.[1] მოგვიანებით, ზაკერბერგმა ფეისბუქის საზედამხედველო ორგანოს შექმნა დააანონსა, რომელიც კომპანიას კონტენტის მართვაში დაეხმარებოდა, რადგან მისივე განცხადებით, ფეისბუქს, როგორც კომპანიას თავად არ შეიძლება მიეღო ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოხატვის თავისუფლებასთან და ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 2019 წლის იანვარში, ფეისბუქის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა, საზედამხედველო ორგანოს საქმიანობის, უფლებამოსილების ფარგლების და საბჭოს წესდების შექმნის შესახებ დამატებითი დეტალები გამოაქვეყნა.
კომპანიის ინიციატივას საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.[2] ნაწილი მიიჩნევდა, რომ საზედამხედველო საბჭო ცენზორის როლს შეასრულებდა და სახელმწიფოებს ფეისბუქის კონტროლის საშუალებას შეუზღუდავდა, ნაწილის აზრით კი, ეს ინიციატივა მხოლოდ PR სვლა იყო და საბჭო რეალურად ვერ შეიქმნებოდა. ზოგიც ფიქრობდა, რომ ფეისბუქს საბჭო “განტევების ვაცის” როლისთვის სჭირდებოდა, რათა საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მასზე გადაემისამართებინა.[3]
საბოლოოდ, ფეისბუქის საზედამხედველო საბჭო 2019 წელს ჩამოყალიბდა, 40 წევრის შემადგენლობით. ფეისბუქის გადაწყვეტილებით, საბჭოს წევრებად მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან შეირჩნენ ჟურნალისტები, იურისტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ყოფილი მინისტრები. ისინი საჩივრების განხილვაზე, როტაციის პრინციპით, 5-5 წევრის შემადგენლობით მუშაობენ. საჩივრებზე მუშაობა საბჭომ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და პირველი გადაწყვეტილებები რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.
რატომ გახდა საჭირო საზედამხედველო ორგანოს არსებობა?
ციფრულმა პროგრესმა ინფორმაციის მიღებისა და გამოქვეყნების გზები რადიკალურად შეცვალა. ფეისბუქი, რომელიც მეგობრებს შორის ინფორმაციის გაზიარებისთვის შეიქმნა, ბოლო წლებში მნიშვნელოვან ციფრულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა; ინფორმაციის გაზიარების გარდა, მას სხვადასხვა ჯგუფები სულ უფრო ხშირად იყენებენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის, მათ შორის დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის, და სხვა მავნე მეთოდების გამოყენების გზით.
პრობლემებთან გასამკლავებლად, ფეისბუქი წლიდან წლამდე ნერგავს კონტენტის მართვის გაუმჯობესების მეთოდებს, ადგენს ადამიანის ძირითად უფლებებზე და ეროვნულ კანონმდებლობებზე დაფუძნებულ საერთო პოლიტიკას, განიხილავს ამ პოლიტიკის საწინააღმდეგო კონტენტს 15,000 მოდერატორის მეშვეობით, თანამშრომლობს ადგილობრივ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან, ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად. დამოუკიდებელი და ნეიტრალური საზედამხედველო საბჭოს დაფუძნება კი ფეისბუქის განცხადებით, წინგადადგმული ნაბიჯია მომხმარებელთა გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
"მომხმარებელთა რაოდენობის 2 მილიარდამდე გაზრდასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ფეისბუქი არ უნდა იყოს ერთადერთი, ვინც სიტყვის თავისუფლებასა და ციფრულ უსაფრთხოებაზე ამ ოდენობის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს“ - ნათქვამია საზედამხედველო საბჭოს ვებ-გვერდზე.
ფოტო: http://oversightboard.com
რას განიხილავს საზედამხედველო საბჭო?
ფეისბუქის საზედამხედველო ორგანომ 2020 წლის ოქტომბერში გამოაცხადა საჩივრების მიღება და დღემდე, მომხმარებლებისგან 180 000 განაცხადი მიიღო. საზედამხედველო საბჭოსთვის მიმართვა შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელს, ასევე ფეისბუქის მიერ გაუქმებულ კოორდინირებული არაავთენტური ქსელებსაც. მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ წაშლის გადაწყვეტილება და აღადგინონ წაშლილი მასალა თუ მათი ქცევა ან/და პოსტების შინაარსი, საზედამხედველო საბჭოს გადაწყვეტილებით, არ ეწინააღმდეგებოდა ფეისბუქის წესებს. საგულისხმოა, რომ ფეისბუქმა საქართველოში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ათასზე მეტი გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.
აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო საბჭოს მიერ უკვე გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან[4], ექვს შემთხვევაში, საბჭომ ფეისბუქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას წაშლილი პოსტების აღდგენა დაავალა. საბჭოს მიერ მომავალში გადასაწყვეტ გახმაურებულ საქმეებს შორისაა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფეისბუქის და ინსტაგრამის წაშლილი ანგარიშების საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ამჟამად, ღიაა საჯარო კომენტარებისთვისაც, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ აზრის დაფიქსირება განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით
წარმოგიდგენთ უკვე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ორ მაგალითს - ერთი, როდესაც საბჭომ ფეისბუქს წაშლილი პოსტის აღდგენა დაავალა, ხოლო მეორე შემთხვევაში წაშლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
- საბჭოს გადაწყვეტილება წაშლილი პოსტის აღდგენაზე: Case Decision 2020-005-FB-UA
2020 წლის ოქტომბერში, მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ფეისბუქმა იოზეფ გებელსს, ნაცისტური გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრს დაუკავშირა და „სახიფათო პიროვნებებზე და ორგანიზაციებზე” არსებული სტანდარტების დარღვევისთვის წაშალა. პოსტში მომხმარებელმა გებელსის ციტატა მოიხმო [დონალდ ტრამპთან შედარების კონტექსტში], რომლის თანახმადაც, მსჯელობისას კონცენტრირება სუბიექტის ემოციების მანიპულაციაზე უნდა მომხდარიყო და არა დასაბუთებულ მსჯელობაზე. ციტატის მიხედვით, სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა და დისკუსიაში უპირატესობა ფსიქოლოგიური და ტაქტიკური ხერხებით მიიღწევა. პოსტი არ შეიცავდა იოზეფ გებელსის ფოტოს ან ნაცისტურ სიმბოლოებს. საბჭოში გასაჩივრებისას მომხმარებელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ციტატის შინაარსსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პარალელის გავლება იყო.
საზედამხედველო საბჭოსთან კონსულტაციისას, ფეისბუქმა პოსტის წაშლის მიზეზად განმარტა, რომ იოზეფ გებელსი კომპანიის „საფრთხის შემცველი ინდივიდების“ სიაშია, მომხმარებლის გაზიარებული ციტატა კი, გებელსის იდეებს გამოხატავდა და კომპანიამ ვერ დაინახა დამატებითი კონტექსტი მომხმარებლის განზრახვის დასადგენად, რა კონტექსტში გამოიყენა ის პოსტის გაზიარებისას. საზედამხედველო საბჭომ დაადგინა, რომ ციტატა ნაცისტურ იდეოლოგიას ან რეჟიმის მიერ ჩადენილ ძალადობებს მხარს არ უჭერდა, რომ პოსტი მხოლოდ დონალდ ტრამპთან პარალელის გავლებას ემსახურებოდა.
საბჭოს შეფასებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კრიტერიუმები უნდა იყოს ცხადი, ზუსტი და განჭვრეტადი. ასევე, ფეისბუქის წესები არ განმარტავს ტერმინ „მხარდაჭერას“. ამასთან, კომპანიას არ აქვს გამოქვეყნებული "საფრთხის შემცველი პიროვნებების" სია. ამგვარად, მომხმარებელი პოსტის გამოქვეყნებისას ვერ გაითვალისწინებდა, რომ ფეისბუქის მიერ დადგენილ სტანდარტს არღვევდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ფეისბუქს წაშლილი პოსტის აღდგენა დაევალა. საბჭომ ასევე გასცა შესაბამისი რეკომენდაციები ფეისბუქის წესებისა და პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.
- საბჭოს გადაწყვეტილება პოსტის წაშლის ძალაში დატოვებაზე: Case Decision 2020-003-FB-UA
2020 წლის ნოემბერში, მომხმარებელმა გამოაქვეყნა ისტორიული ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი იყო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში არსებული ეკლესიები. გამოქვეყნებული პოსტის რუსულ სათაურში ეწერა, რომ ბაქო სომხებმა ააშენეს და ეს არქიტექტურული მემკვიდრეობა, ეკლესიების ჩათვლით, აზერბაიჯანელების მიერ განადგურდა. სათაურში, აზერბაიჯანელების დასაკნინებლად, მომხმარებელმა გამოიყენა ტერმინი “тазики”.
მომხმარებელმა ჰეშთეგის მეშვეობით, აზერბაიჯანს ვანდალიზმისა და აგრესიის დასრულებისკენაც მოუწოდა. კიდევ ერთი ჰეშთეგი მოიცავდა არცახის რეგიონის (მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური სახელი) აღიარების მოწოდებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის დავის საგანია. პოსტი 45 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში.
ფეისბუქმა პოსტი სიძულვილის ენის სტანდარტების დარღვევის გამო წაშალა, იმ არგუმენტით რომ ის შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებას ეროვნული ნიშნით. გამოყენებული ტერმინი "тазики", პირდაპირი თარგმანისას, ითარგმნება როგორც "სარეცხი ჯამი". ტერმინი ფეისბუქს შეურაცხმყოფელი სიტყვების სიაში ჰქონდა შეყვანილი.
საზედამხედველო საბჭოს ლინგვისტურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტერმინი, შინაარსობრივად, ადამიანური თვისებების დამცრობისაკენაა მიმართული და შეურაცხმყოფელია ქსენოფობიური ნიშნით. ამიტომ, ფეისბუქის მიერ პოსტის წაშლის გადაწყვეტილება, საბჭოს მიერ მართებულად იქნა შეფასებული. საბჭოს მოსაზრებით, ფეისბუქის ღირებულებებია უსაფრთხოება და ღირსება, რაც გამორიცხავს ამგვარი სახის შინაარსის პლატფორმაზე დაშვებას. საბჭოს წევრების ნაწილის აზრით, ფეისბუქს სადამსჯელო ღონისძიების სახით უფრო მეტად პროპორციული ძალაც შეეძლო გამოეყენებინა.
როგორ მუშაობს საზედამხედველო საბჭო?
თუ ფეისბუქმა ან ინსტაგრამმა შინაარსი (პოსტი, კომენტარი, გვერდი, ჯგუფი, ანგარიში) გააუქმა და გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნაზე მომხმარებელს უარი განუცხადა, ავტორს შეუძლია ფეისბუქის საზედამხედველო საბჭოს მიმართოს და მისი გადაწყვეტილების გადახედვა მოსთხოვოს. ამისათვის, საბჭოს საიტზე ონლაინ განცხადების გაგზავნაა საჭირო. იმისათვის, რომ განცხადება დასაშვებად ჩაითვალოს, საჩივარი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:
- საჩივარი ფეისბუქის მოქმედი ანგარიშიდან უნდა გაიგზავნოს;
- გადაწყვეტილება ფეისბუქთან უკვე უნდა იყოს გასაჩივრებული, პასუხად კი უარყოფითი;
- შინაარსის წაშლის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, რომელშიც საჩივრის ავტორი ცხოვრობს.
- საჩივარი უნდა დაფიქსირდეს ფეისბუქის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში.
საზედამხედველო საბჭო პრიორიტეტს იმ განცხადებებს ანიჭებს, რომელიც განსაკუთრებული სირთულის და მნიშვნელობისაა, ან ფეისბუქის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვისაა რელევანტური. თუ საზედამხედველო საბჭო განცხადების განხილვას გადაწყვეტს, საბოლოო გადაწყვეტილებას არაუმეტეს 90 დღეში გამოიტანს.
საბჭოს მიხედვით, გადაწყვეტილებები ფეისბუქის ღირებულებებზე დაყრდნობით მიიღება, როგორებიცაა: ავთენტურობა, უსაფრთხოება, პირადი ინფორმაციის დაცვა, ღირსების უფლების დაცვა და სიტყვის თავისუფლება.
განცხადების განხილვის დაწყებამდე, საზედამხედველო საბჭო საჩივრის დეტალებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება კომენტარების ფუნქციაც; შეგროვებულ კომენტარებს, საბჭო საჩივრის განხილვის პროცესში იყენებს.
საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნდება საჯაროდ, შესაბამისი რეკომენდაციები კი, ფეისბუქს ეგზავნება. საზედამხედველო საბჭოს ყველა გადაწყვეტილება იმპერატიულია; ფეისბუქი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, წაშლილი შინაარსი აღადგინოს.
რომელ კანონმდებლობას იყენებს საზედამხედველო საბჭო
მართალია, საზედამხედველო საბჭო სასამართლოს მანდატით აღჭურვილი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მისი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე.
საბჭოს წესდების მეორე მუხლის მეორე პუნქტში,[5] საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებში აღნიშნულია, რომ საბჭო შინაარსის წაშლის აღსრულების გადაწყვეტილებას განიხილავს ფეისბუქის წესებისა და შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისად და წყვეტს რამდენად შეესაბამებოდა ფეისბუქის გადაწყვეტილება მისსავე გაცხადებულ პოლიტიკას.
ამასთან, საქმეთა განხილვისას, საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვთ პრეცედენტული ხასიათი. საბჭომ წინა გადაწყვეტილებები მხედველობაში უნდა მიიღოს, როდესაც განსახილველ საქმეში არსებული ფაქტები, ფეისბუქის გაცხადებული პოლიტიკა და სხვა ფაქტორები უწინ განხილული საქმეების ანალოგიურია.
აღნიშნულ მუხლში ასევე მითითებულია, რომ საბჭო საქმის განხილვისას განსაკუთრებულ ყურადღებით მოეკიდება შინაარსის წაშლასთან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობას გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა ნორმებთან.
აღნიშნული ნორმა არ აწესებს რაიმე იერარქიას, გადაწყვეტილებების მიღებისას უპირატესად გამოსაყენებელი წყაროს შესახებ, თუმცა წესდების სულისკვეთებისა და საბჭოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ანალიზი მიუთითებს, რომ პირველ რიგში ფასდება ფეისბუქის მიერ შინაარსის წაშლის გადაწყვეტილების შესაბამისობა მისივე სტანდარტებთან, ხოლო შემდგომ - გადაწყვეტილების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან.
ეველინ დუეკი, ჰარვარდის სამართლის სკოლის ლექტორი და სამართლის მეცნიერების კანდიდატი, მაგალითად, წერს[6], რომ საბჭოს საქმიანობით დაინტერესებულების ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, სამართლის რომელ წყაროს გამოიყენებს საბჭო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საბჭო არ არის სასამართლო და მას სამართლებრივი მანდატი არ აქვს. წესდებაში აღნიშნულია, რომ საბჭო განიხილავს წაშლილ შინაარსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავს, არის თუ არა ეს გადაწყვეტილებები ფეისბუქის შინაარსის პოლიტიკასთან და ღირებულებებთან თანხვედრაში. წესდება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შინაარსის წაშლის გავლენასაც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების ნორმების გათვალისწინებით. დუეკი აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარად მოუქნელი შერეული კომპეტენციაა, რადგან ნათელი არ არის გადაწყვეტილებების მიღებისას როგორ უნდა დაარეგულიროს საბჭომ ფეისბუქის, როგორც კერძო კომპანიის, წესების კრებულის და ღირებულებების გამოყენება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.
ხშირად ისმის კითხვები და სკეპტიციზმი საბჭოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო საბჭოს 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტი ფეისბუქისგან ფინანსდება, რაც ექსპერტებში საბჭოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვებს აჩენს. ამასთან, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ საზედამხედველო საბჭოს უფლებამოსილება ძალზედ შეზღუდულია და ვერ მიეცემა შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს ფეისბუქის ძირეულ პრობლემებზე, როგორებიცაა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა საინფორმაციო მანიპულაცია და უცხოელი აქტორების ჩართულობა შიდა პოლიტიკურ საკითხებში.
ამგვარი საზედამხედველო ორგანოს დაფუძნება სოციალური მედიის პლატფორმებს შორის უპრეცედენტოა და შესაძლოა ბიძგი აღმოჩნდეს დანარჩენი კომპანიებისთვისაც, შექმნან ისეთი მაკონტროლებელი ინსტიტუტები, რომლებიც ნეიტრალურობის პრინციპზე დაფუძნებით სოციალური მედიის კომპანიების შინაარსის მართვას გაუწევს ზედამხედველობას. თუმცა, საბჭოს გავლენის და უფლებამოსილების მასშტაბების შეფასება მომავალი გადაწყვეტილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით, როდესაც საბჭოს განსახილველი საქმეები დაუკავშირდება არამხოლოდ კონტენტის, არამედ პლატფორმის ალგორითმის მოდერაციასაც.
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სოციალური მედიის მონიტორინგის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მეშვეობით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიციას.
-----
[1] Kate Klonick, The Facebook Oversight Board: Creating an Independent Institution to Adjudicate Online Free expression; https://www.yalelawjournal.org/feature/the-facebook-oversight-board
[2] ibid.
[3]Josh Constine, Toothless: Facebook Proposes a Weak Oversight Board, TECHCRUNCH https://techcrunch.com/2020/01/28/under-consideration/
[4] საზედამხედველო საბჭომ ამ დრომდე 7 საქმე განიხილა. https://oversightboard.com/decision/
[5] სასაზედამხედველო საბჭოს წესდება; მუხლი 2.2. https://oversightboard.com/governance/
[6] The Facebook Oversight Board’s First Decisions: Ambitious, and Perhaps Impractical https://www.lawfareblog.com/facebook-oversight-boards-first-decisions-ambitious-and-perhaps-impractical