სოციალური მედიის მონიტორინგი

ფეისბუქის პრემიერი

2 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მეოთხე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა „ფეისბუქზე“ გაკეთებული განცხადებით დატოვა. ბახტაძის „ფეისბუქ“ გამომშვიდობება ერთგვარად სიმბოლური იყო, რადგან მთელი მისი პრემიერობის პერიოდს „ფეისბუქზე“ თან ახლდა სხვადასხვა ანონიმური გვერდების მიერ დასპონსორებული პოსტები, რომლებიც ხოტბას ასხამდა მამუკა ბახტაძესა და მის ინიციატივებს.

მამუკა ბახტაძის მხარდამჭერი კამპანია 2018 წლის ივნისში, მის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე დაიწყო. იმავე პერიოდში, ცალკეულ „ფეისბუქ“ გვერდებზე მიმდინარეობდა ბახტაძის წინამორბედის - გიორგი კვირიკაშვილის საწინააღმდეგო კამპანია.  კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისთანავე ფეისბუქზე ახალი გვერდიც შეიქმნა: „გიორგი კვირიკაშვილის გუნდი“, რომელიც მთლიანად მის დისკრედიტაციას ემსახურებოდა (გვერდი  ამჟამად გაუქმებულია).

მამუკა ბახტაძის დადებით ჭრილში წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის გვერდები მოქმედებდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად, „ფეისბუქზე“ მამუკა ბახტაძის აქტიური მხარდამჭერი 10 გვერდი გამოიკვეთა. ესენია: ნაციონალისტის გვერდი; ეროვნული იდეა თავისუფლება; მეამაყება ქართველი რომ ვარ; ქართული სახელმწიფოტრადიციები ჩვენი სიმდიდრეა; newshub.ge; mynews.ge; საინფორმაციო გვერდი/Information Page; მთის ხალხთა კავშირი; მამუკა ბახტაძის მხარდამჭერები.

 

მათ გარდა, მისი მხარდამჭერი პოსტები პერიოდულად სხვა გვერდებზეც ჩნდებოდა, მათ შორის იყვნენ როგორც ცრუ მედიის კატეგორიის გვერდები, ასევე ნაციონალისტური ნარატივის გამავრცელებელი გვერდები. როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძის მხარდამჭერი კამპანიის მიზანი იყო, სოციალურ სივრცეში შეექმნა მისი, როგორც ნამდვილი პატრიოტის, ხალხზე მზრუნველი და ხალხის მხარდაჭერის მქონე პრემიერ-მინისტრის იმიჯი.

პოსტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრის დადებით ჭრილში წარმოჩენას ისახავდა მიზნად გარკვეული თავისებურებები გააჩნია. ისინი, უმეტეს შემთხვევაში, დასპონსორებული იყო, რისი მეშვეობითაც იმ „ფეისბუქ“ მომხარებლის ყურადღებასაც იპყრობდა, რომელიც შეიძლება სულაც არ ყოფილიყო კონკრეტული გვერდის მომწონებელი და შესაბამისად, პოსტი ბევრად ფართო აუდიტორიას აღწევდა, ვიდრე კონკრეტული გვერდის გამომწერთა რაოდენობა. სხვადასხვა გვერდების მიერ გაზიარებული პოსტების პათოსი, მათი ვიზუალური მხარე და ტექსტი ერთმანეთის მსგავსი იყო და რიგ შემთხვევებში სხვადასხვა გვერდების მიერ სიტყვა-სიტყვით ერთი და იმავე შინაარსისა და ვიზუალის პოსტები იდებოდა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი პოსტების გამოქვეყნების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც ამ გვერდების ორგანიზებულ ხასიათსა და ურთიერთდაკავშირებულობაზე მიუთითებს.

პოსტები ფეისბუქზე თემატურად ჩნდებოდა და მამუკა ბახტაძის განცხადებას, შეხვედრას ან სხვა აქტივობას მოსდევდა. ხშირად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის  შესახებ პოსტები არანაირ ღირებულ სიახლეს არ მოიცავდა და აშკარა იყო, რომ ამ პოსტების მთავარი ამოცანა მამუკა ბახტაძის მიზანმიმართული „პიარი“ იყო და არა რაიმე სიახლის საზოგადოებისთვის მიწოდება. ზოგიერთ გვერდზე ბახტაძის მხარდამჭერი პოსტები პირველ პირში ქვეყნდებოდა, როგორც თითქოსდა გვერდის ადმინისტრატორის პირადი მოსაზრება. ასეთ დროს, პოსტის ავტორი უმეტესად ხაზს უსვამდა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, მაგრამ მამუკა ბახტაძის ესა თუ ის ინიციატივა უდავოდ მოსაწონი იყო.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

6 აგვისტოს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა პროგრამა, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გარკვეულ მედიკამენტების შეძენას 1 ლარად შეძლებდნენ. ეს ინფორმაცია იმავე დღეს, „ფეისბუქზე“, დასპონსორებული პოსტების მეშვეობით გავრცელდა.

 

 
 

 

მსგავსი ტიპის აქტივობა 2019 წლის იანვარშიც შეინიშნებოდა, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქისთვის უფასოდ გაიცემოდა. ამ სიახლესაც „ფეისბუქზე“ მასშტაბური დასპონსორებული კამპანია მოჰყვა. სხვადასხვა გვერდებმა გამოაქვეყნა არაერთი მსგავსი პოსტი, რომლებშიც მამუკა ბახტაძე წარმოდგენილი იყო როგორც „სახალხო“ და „ეროვნული“ გადაწყვეტილების მიმღები, ხოლო ზოგიერთი პოსტის შინაარსი და ვიზუალი თითქმის კომიკურობამდე მისული პათოსით მამუკა ბახტაძეს საქართველოს გადამრჩენელად და მფარველად წარმოადგენდა. 

 

 

 

 

 
 

 

ნიშანდობლივი იყო „ფეისბუქზე“ აღნიშნული გვერდების აქტივობა პრემიერ-მინისტრის და კორპორაცია ‘COSCO Shipping’-ის თავჯდომარის შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 2019 წლის, 22 იანვარს გაიმართა. მომდევნო დილას სიახლე ცრუ მედიის ტიპის გვერდებმა გააზიარეს და დაასპონსორეს. საინტერესოა, რომ ექვსი სხვადასხვა გვერდის მიერ გამოქყვენებული პოსტები ერთმანეთის იდენტური იყო როგორც ვიზუალურად, ისე სიტყვა-სიტყვით პოსტზე თანდართული ტექსტით. მეტიც, ექვსივე გვერდზე პოსტების გამოქვეყნების დრო ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს, ან ერთი წუთის შუალედში იყო ატვირთული (იხილეთ ქვემოთ მოცემული ფოტოები). ეს ეჭვგარეშე ტოვებს ვარაუდს, რომ აღნიშნული გვერდები მჭიდროდ კოორდინირებულად იმართება.

 

 
 
 
 
 

 

12 მაისს, მამუკა ბახტაძის მახათას მთაზე გამოსვლის შემდეგაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში პრემიერის გამოსვლასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმის კვალდაკვალ, „ფეისბუქზე“ მალევე გავრცელდა დასპონსორებული პოსტები, რომლებშიც განმარტებული იყო, რომ მისი სიტყვა ტექნიკური შეფერხების გამო შენელებულად გადაიცემოდა. ამასთან, ზოგიერთი პოსტის ვიზუალი მიანიშნებდა, თითქოს ბახტაძის უხერხული გამოსვლა წარმატებული რეფორმების მოწინააღმდეგეთა მხრიდან დივერსიის შედეგი იყო.

 

 

 

მამუკა ბახტაძესთან კავშირში, ხშირად ქვეყნდებოდა ისეთი პოსტებიც, რომლებიც რაიმე კონკრეტულ მოვლენას ან ახალ ამბავს არ ეხმაურებოდა, არამედ პრემიერ-მინისტრის შესახებ დადებითი წარმოდგენის შექმნას ცდილობდა მისი ბავშვობის ფოტოების გამოქვეყნებით, ან მისი სასურველ სასიძოდ წარმოჩენით. ყველა ასეთი პოსტი დასპონსორებული იყო და, სავარაუდოდ, „ფეისბუქ“ მომხმარებლებში ბახტაძის მიმართ სიმპათიის გაზრდას ისახავდა მიზნად.

 

 
     
 
     
 

 

 

 

„ფეისბუქზე“ ყოფილი პრემიერის  მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბურობაზე ისიც მიუთითებს, რომ ანონიმური გვერდების გარდა, მისი პოპულარიზაცია „ფეისბუქ“ ჯგუფებშიც მიმდინარეობდა. ყალბი პროფილები თუ გვერდები ბახტაძის შესახებ სიახლეებს აზიარებდნენ სხვადასხვა ტიპის ჯგუფებში, რომლებსაც ათიათასობით და მეტი წევრი ჰყავს. თუმცა, „ფეისბუქის“ ამჟამინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, მსგავსი დახურული ჯგუფები ეფექტური დაკვირვების მიღმა რჩება. „ფეისბუქზე“ დაპონსორებული პოსტების ერთდროულად განთავსება და მათივიზუალური თუ შინაარსობრივი მსგავსება, და ამ პოსტების მიზანმიმართული გაზიარება სხვადასხვა მრავალრიცხოვან ჯგუფებში ცალსახად მიუთითებს, რომ საქმე ცალკეულ გვერდებთან ან საინფორმაციო სააგენტოებთან კი არა, არამედ ერთ დაჯგუფებასთან გვაქვს, რომელიც მიზანმიმართულად არის ჩართული პოლიტიკურ „პიარ“ კამპანიაში. 

პრემიერ-მინისტრისადმი მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის ილუზიის შექმნის მცდელობა „ფეისბუქზე“ ახალი ფენომენი არ არის. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მის „ფეისბუქ“ გვერდზე მინისტრ თეა წულუკიანის მხარდამჭერ პოსტზე მოქალაქეთა მხრიდან სიცილის (Haha) რეაქციის ფლეშმობის საპასუხოდ, განცხადების მომწონებელთა რაოდენობა ხელოვნურად, როგორც ჩანს, ე.წ. „ბოტების“ მეშვეობით იყო გაზრდილი, რადგან პოსტის ათასობით მოწონებიდან უმეტესობა ეკუთვნოდა ისეთ მომხმარებლებს, რომელთა სახელების, პროფილის ფოტოებისა და მითითებული სხვა ინფორმაციის მიხედვით ისინი ინდოეთიდან, პაკისტანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან იყვნენ.

თუმცა, კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მისი „ფეისბუქ“ გვერდი საერთოდ გაუქმდა, რამდენიმე ანონიმურ გვერდზე კი მის წინააღმდეგ დასპონსორებული კამპანია დაიწყო. კვირიკაშვილისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძის გადადგომას მის მეხოტბე „ფეისბუქ“ გვერდებზე ერთგვარი გამოსამშვიდებელი პოსტები მიეძღვნა, რომლებიც კვლავაც ბახტაძის პრემიერ-მინისტრად მუშაობის პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენას ისახავდა მიზნად.

 

 

 

„ფეისბუქ“ მომხმარებლებისთვის მამუკა ბახტაძის პრემიერობა დასრულდა და სავარაუდოდ ის ამ სივრცეს მალე სრულად გამოაკლდება. ახლა უკვე მსგავსი გვერდების ყურადღებამ გიორგი გახარიაზე გადაინაცვლა და ფართო საზოგადოებისთვის მისი პოზიტიურად წარმოჩენის ტენდენცია შეინიშნება.

დაკვირვების შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ფეისბუქზე ანონიმური გვერდების მეშვეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრების პიარზე გაუგებარი წარმოშობის მნიშვნელოვანი რესურსები იხარჯება, რის უკანაც მაღალი ალბათობით მმართველი პარტია ან მასთან დაახლოებული პირები დგანან. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობაზე გაწეული თანხები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართულ სოციალურ სივრცეში პოლიტიკური ტიპის დასპონსორებული კონტენტის მონიტორინგი სერიოზულ გამოწვევად რჩება.