სოციალური მედიის მონიტორინგი

მხარდაჭერით შენიღბული დისკრედიტაციის კამპანია Facebook-ზე

ცრუ (ყალბი) მხარდამჭერი ანგარიშები სოციალურ მედიაში პოლიტიკური დისკრედიტაციის ერთ-ერთ იარაღად გვევლინება და მიზნად ისახავს მომხმარებლების დაბნევას, შეცდომაში შეყვანასა და დეზორიენტაციას. ამგვარი გვერდები შენიღბულად მოქმედებენ. ისინი სწორედ იმ პარტიის, კანდიდატის ან პირის სახელს არიან ამოფარებული, რომლის რეპუტაციის დაზიანება სურთ.

ცრუ (ყალბი) მხარდაჭერა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი პროპაგანდისტული მეთოდია, რომლის დროსაც ნამდვილი წყაროები გასაიდუმლოებული და შეფარულია. შენიღბული პროპაგანდის მიზანი გარკვეული აღქმების ჩამოყალიბება და მანიპულირებაა.[1]

განარჩევენ შენიღბული პროპაგანდის ორ სახეს: შავ და ნაცრისფერ პროპაგანდას.[2] შავი პროპაგანდის დროს წყარო შეცდომითაა იდენტიფიცირებული და ხდება თავის მოჩვენება, რომ კონკრეტული გზავნილი პროპაგანდის სამიზნეებიდან მომდინარეობს. კერძოდ, როგორც მკვლევრები იოჰან ფარკასი და კრისტინა ნეიმაერი წერენ, ამ დროს პროპაგანდა შესაძლოა, იმ წყაროდან მომდინარეობდეს, რომელიც თავს ოპონენტად ასაღებს. აღნიშნული წყაროს მიერ შესაძლოა, გავრცელდეს ტყუილები, ფაბრიკაცია ან თვალთმაქცობა. ნაცრისფერი პროპაგანდის შემთხვევაში კი წყაროს დადგენა საერთოდ ვერ ხდება.[3]

შენიღბული პროპაგანდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საიტი Martinlutherking.org, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და რასისტულ გზავნილებს ავრცელებდა. ერთი შეხედვით, ვებგვერდი შემეცნებით და საგანმანათლებლო შთაბეჭდილებას ტოვებდა და მომხმარებელს კინგის მოღვაწეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, სინამდვილეში კი მას სექსუალურ მოძალადედ და კომუნისტად წარმოაჩენდა. აღნიშნული მეთოდი, იდეოლოგიურ დაპირისპირებასთან ერთად, პოლიტიკური კანდიდატების დისკრედიტაციისთვისაც გამოიყენებოდა.[4]

ცრუ (ყალბი) მხარდაჭერის ფენომენი, სოციალური მედიის მეშვეობით, საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება არასასურველი პირების ან ჯგუფების წინააღმდეგ.  უკანასკნელ პერიოდში, შენიღბული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნითაც. შენიღბული მხარდამჭერი კამპანიის მიზანი, სხვადასხვა ყალბი გზავნილით, პროტესტის მხარდამჭერთა დეზორიენტაციაა, მათ შორის, აქტივისტებსა და პრორუსული კურსის პოლიტიკოს ლევან ვასაძეს შორის კავშირის წარმოჩენით.

-----

   

-----

23 მაისს თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველების მიერ გამართული აქციის შემდეგ ფეისბუქზე ცრუ მხარდამჭერი გვერდების მხრიდან, აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ფოტოებიც გავრცელდა. ასევე, ღიად მადისკრედიტირებელი დასპონსორებული კამპანია წარიმართება ნაციონალისტური გზავნილებით შენიღბულ პროპაგანდისტულ გვერდზე „პატრიოტთა გაერთიანება იბერია“.

-----

 

-----

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს ყალბმა გვერდმა „მხარდაჭერა რიონის მცველებს“ ფეისბუქზე ამავე სახელწოდების ჯგუფიც შექმნა. 24 მაისის მდგომარეობით, ჯგუფში 698 მომხმარებელია გაერთიანებული. გვერდზე განთავსებული პოსტები აქტიურად ზიარდება მოცემულ ჯგუფშიც, რაც სამიზნე აუდიტორიის მეტად ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

-----

-----

მიმდინარე წლის მაისში,  ცრუ მხარდამჭერი კამპანია აქტიურად წარიმართებოდა პოლიტიკოს ნიკა მელიას დისკრედიტაციის მიზნითაც. მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფეისბუქზე “ნაციონალური მოძრაობის” ყალბ მხარდამჭერ გვერდზე ჩვენ გვიყვარს მიშა გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ნიკა მელია ნელსონ მანდელასთან[5] არის შედარებული. პოსტი დეკლარირების გარეშე, რეკლამის სახით განთავსდა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტაქტიკის გამოყენება, თითქმის ყველა შემთხვევაში, ყალბი გვერდების მიერ დასპონსორებული პოსტების გავრცელებაში გამოიხატება. ხსენებული გვერდი, “სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, წინასაარჩევნოდაც აქტიური იყო. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას საწინააღმდეგო პოსტი, სქრინის სახით, გააზიარა ოპოზიციის დისკრედიტაციაში აქტიურად ჩართულმა გვერდმა “სირცხვილის კორიდორი”, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პოსტის შეფარულ მიზანზე. ამასთანავე, პოსტის სქრინი ქვეყნდებოდა პროსახელისუფლებო და  ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ფეისბუქ ჯგუფებში, რაც პოსტის მეტი ნახვის მოპოვებას და საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელებას ემსახურება.

-----

   

 

   

-----

 

----- 

 

საქართველოში შენიღბული პროპაგანდის ტაქტიკა, 2017 წლიდან, აქტიურად გამოიყენება  სოციალურ მედიაში ანონიმური საარჩევნო კამპანიის წარმოებისა და პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციისთვის. ფეისბუქზე ცრუ მხარდამჭერი გვერდი პირველად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოვლინდა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საგრძნობლად გააქტიურდა. 

2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ფეისბუქის მიერ საქართველოში გვერდების წაშლის ოპერაციამდე, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ცრუ მხარდაჭერის 16 გვერდი იყო იდენტიფიცირებული, რომლებიც მოქმედებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ლელოს“, მოძრაობა „სირცხვილიას“, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის გაერთიანებული პლატფორმის, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას, სახელით და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ. მოცემული გვერდები დიდი რაოდენობით პოსტებს არ აქვეყნებდნენ. ისინი შერჩევითად, პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ, ორაზროვან და შეცდომაში შემყვან პოსტებს ავრცელებდნენ და მასობრივად ასპონსორებდნენ.

ანალოგური კამპანია შეინიშნებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, როდესაც ოთხი ცრუ მხარდამჭერი გვერდი მოქმედებდა. სახელწოდებასა და გავრცელებული პოსტების გზავნილებში ისინი თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მისი წევრებისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებად წარმოაჩენდნენ, თუმცა, რეალურად, მათი დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებდნენ.

 

ეისბუქზე წარმოებული ცრუ მხარდაჭერის კამპანიების მაგალითები

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ცრუ მხარდაჭერის ტიპის 4 გვერდი მოქმედებდა. ყველა მათგანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად წარმოაჩენდა თავს, რეალურად კი პარტიის, მისი ლიდერისა და წევრების მიმართ ნეგატიური განწყობის გაღვივებას ისახვდა მიზნად. [6]

  • შენიღბული პროპაგანდა მამუკა ხაზარაძისა და “ლელოს” წინააღმდეგ

2019 წელს, მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ  განცხადების გაკეთების შემდეგ, ყალბი მხარდაჭერის ტაქტიკა მის წინააღმდეგაც გამოიყენებოდა. გვერდზე სახელწოდებით „ჩვენი მხარდაჭერა მამუკა ხაზარაძეს“ გაზიარებული ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, ფეისბუქის მომხმარებლებს უნდა შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ხაზარაძე და მისი თანაგუნდელი, ბადრი ჯაფარიძე, თითქოს თავს ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს ადარებდნენ. აღსანიშნავია, რომ გამოხმაურებათა დიდი ნაწილი გვერდისა და პოსტის ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებდა და აღნიშნული შედარების მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა.

მოგვიანებით, გვერდზე აიტვირთა მამუკა ხაზარაძის დამატებითი ფოტოები, რომლებიც სხვა მადისკრედიტირებელი გვერდების მხრიდან სარკასტული გამოხმაურების წყარო გახდა. ამასთანავე, პოსტის სქრინები, ნეგატიურ კონტექსტში, ფეისბუქის პირად კედელზე, ექსპერტის სტატუსით, განათავსა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა პირმა, გია აბაშიძემ; ერთ-ერთი სქრინი კი სხავდასხვა ფეისბუქ ჯგუფებში გააზიარა. მალევე მან პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული პოსტი ექსპერიმენტს წარმოადგენდა და ამით იმის გაგება სურდა, რამდენად დამაჯერებელი იყო გამოქვეყნებული მასალა ფეისბუქის მომხმარებლებისთვის. ყალბი გვერდი, ხაზარაძის სახელით მოქმედ სხვა ცრუ მხარდამჭერ გვერდთან ერთად, 2019 წლის 20 დეკემბერს კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშლილ გვერდებს შორის მოხვდა.

-----

   

-----

“ლელოს” წინააღმდეგ ასევე მოქმედებდა ცრუ მხარდაჭერის გვერდი “საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს მხარდამჭერები” და „ლელო • სიმართლისთვის“. ეს უკანსკანელი ასევე  2019 წლის 20 დეკემბერის ‘ფეისბუქ წმენდაში’ მოჰყვა.

 

  • ცრუ მხარდაჭერის ტაქტიკა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით გამართული აქციების წინააღმდეგ

2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციური ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მოჰყვა. იმავე დღეს ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა რიგგარეშე პროპორციული არჩევნების გარდამავალი მთავრობის პირობებში ჩატარება მოითხოვეს. 15 ნოემბერს კი ფეისბუქზე ახალი ცრუ მხარდამჭერი გვერდი - „გარდამავალი მთავრობა“ შეიქმნა. გვერდზე განთავსდა დასპონსორებული პოსტი, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს შორის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს ანაწილებდა. ცრუ მხარდამჭერ გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი დროებითი სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებაც მიუთითებდნენ. „გარდამავალი მთავრობის“ პოსტი, რომელიც ფეისბუქიდან 2019 წლის 20 დეკემბერს, გვერდის კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გაუქმების შედეგად, გაქრა, სქრინის სახით ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მადისკრედიტირებელმა რამდენიმე გვერდმაც განათავსა. მათ შორის ორმა გვერდმა -„სირცხვილის კორიდორი“ და „ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო“ იდენტური პოსტი ერთი წუთის ინტერვალში გამოაქვეყნეს და მოგვიანებით დაასპონსორეს, რაც მათ ერთიან ადმინისტრირებაზე ეჭვს აჩენს.

-----

   
    -----
  • ცრუ მხარდამჭერი გვერდები რუსთაველის გამზირზე, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, გამართულიაქციების მიმდინარეობისას

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე აქციების პარალელურად, ფეისბუქზე ახალი მოჩვენებითად მხარდამჭერი გვერდები  გააქტიურდნენ. 22 ივნისს შეიქმნა გვერდი  სახელწოდებით „ნუ მაბრმავებ“, ხოლო მომდევნო დღეს - გვერდი „მე ვენდობი“. აღნიშნული გვერდები აქციების დისკრედიტაციის მიზნით, მონაწილეების სახელით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს პროტესტის ხელმძღვანელობას სთხოვდნენ და მათ მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ფეისბუქზე აქციების საწინააღმდეგო დასპონსორებული კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს სწორედ პროტესტის მოცემულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება

-----

-----

  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ფეისბუქზე, “სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, 8 ყალბი მხარდამჭერი გვერდი იყო აქტიური.  Გვერდების ძირითად სამიზნეს “ნაციონალური მოძრაობის”საპრეზიდენტო კანდიდატი წარმოდგენდა. ერთი გვერდი კი “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, სახელით მოქმედებდა. მოცემულ გვერდზე, ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდის ანალოგურ პოსტებთან ერთად, რუსეთის მხარდამჭერი პოსტიც განთავსდა. თუმცა, იმის, გამო, რომ აღნიშნული პოსტი დასპონსორებული არ ყოფილა, მას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

 

ამისგან განსხვავებით, ორგანიზებული სახე ჰქონდა  გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ის სახელით, რეალურად კი მისწინააღმდეგ მოქმედი გვერდების აქტივობას. შენიღბული მადისკრედიტირებელი პოსტებიცდასპონსორებული იყო. მოცემული გვერდები, ენმ-ის გერბისა და გრიგოლ ვაშაძის ფოტოების გაზიარების გარდა, მეტი დამაჯერებლობისთვის,    კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტებსაც აქვეყნებდნენ, თუმცა არ ასპონსორებდნენ. ყველა დასპონსორებული პოსტი კი ყალბ გზავნილს წარმოადგენდა. ერთ-ერთ ასეთ პოსტში გამართლებული იყო 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივი დაშლა. სარკასტული გამოხმაურება მოჰყვა პოსტს გრიგოლ ვაშაძის შესახებ, რომლის მიხედვითაც მან 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის 3 წლის შვილი მოინახულა. აღსანიშნავია, რომ მოცემული პოსტის ამსახველი ფოტო სარკასტული წარწერით გამოქვეყნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ღიად მოქმედ გვერდზეც.

-----

 

-----

 

  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუქზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით „ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერები“, რომელიც თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერთა გვერდად წარმოაჩენდა თავს. გვერდზე განთავსებული ერთ-ერთი დასპონსორებული პოსტი თითქოს პასუხობდა „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებასთან დაკავშირებით, მადლობას უხდიდა აღნიშნულ პარტიას და აცხადებდა, რომ მასთან ერთად, ერთობლივი ძალებით, დაამარცხებდა „ქართულ ოცნებას“. ამავე დროს, პოსტს თან ახლდა ენმ-ის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის, ფოტოც. აღსანიშნავია, რომ პოსტში მოცემული განცხადების მსგავსი პოზიცია ელისაშვილსა და მის საარჩევნო შტაბს სხვაგან არსად  გამოუხატავთ. ყალბ გვერდზე განთავსებული განცხადება უარყო თავად ელისაშვილმაც. მოცემულ შემთხვევაში ცრუ მხარდაჭერის ტაქტიკა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ონლაინ საინფორმაციო სააგენტომ ყალბ გვერდზე განთავსებული პოსტი ელისაშვილის პოზიციად ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გაავრცელა. მათ შორის ipress.ge-ზე აღნიშნული პოსტის საფუძველზე გამოქვეყნდა ახალი ამბავი სათაურით: „ელისაშვილი: მადლობა “ნაციონალურ მოძრაობას”, ერთად დავამარცხებთ “ოცნებას“. ამავე შინაარსის მასალა განთავსდა exclusivenews.ge-ზეც.

-----

 

-----

ცრუ მხარდაჭერის ამგვარი ტაქტიკა მანიპულაციის ისეთ ნაირსახეობას წარმოადგენს, როდესაც მავნე აქტორები, ღია დისკრედიტაციის ნაცვლად, საკუთარ შექმნილ, შენიღბულ გზავნილებს, ოპონენტის სახელით, ავრცელებენ და შემდეგ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, სხვადასხვა გვერდებზე და ჯგუფებში, დისკრედიტაციის მიზნით აზიარებენ. ასეთ შემთხვევაში, მხარდამჭერი გვერდის მსხვერპლი, უშუალოდ, ის ამომრჩეველი ხდება, ვინც კონკრეტული, მიზანში ამოღებული პარტიის თუ კანდიდატის მხარდამჭერია. უფრო კონკრეტულად, ფეისბუქ მომხმარებელი ფიქრობს, რომ იწონებს მისი სასურველი პარტიის თუ კანდიდატის ფეისბუქ გვერდს, ხოლო სინამდვილეში, მოწინააღმდეგის საინფორმაციო მანიპულაციის სამიზნე ხდება. ამგვარ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების დიდი ნაწილი გადაჭარბებულ, ხშირად გროტესკულ დაპირებებს და შენიღბულად დამცინავ გზავნილებს შეიცავს. 

ხშირად, დეზინფორმაციული გზავნილები ან/და ჰიპერბოლიზებული ქება-დიდება მომწონებლებისა და გამზიარებლების დაცინვის წყარო ხდება. ამომრჩეველთა დაბნევა ამ ხერხის გამოყენებით შედარებით მარტივია, რადგან, როგორც წესი, პოსტების დიდი ნაწილი პარტიის/კანდიდატის ან პირის ავთენტური გვერდიდან არის გაზიარებული,  ისე, რომ ეჭვი მათი სიყალბის შესახებ არ არსებობდეს. ამ ხერხით მომხრე აუდიტორიის შეკრების შემდეგ, ვრცელდება ისეთი შინაარსის პოსტები, რომელიც მომხრეების ნაწილს რეალური ჰგონია, ნაწილს კი აღაშფოთებს ან აბნევს, რადგან  პოსტის შინაარსი მასთან ღირებულებით თავსებადი არ არის. ამ გზით დისკრედიტაციის სამიზნესა და მის მომხრეებს შორის ნაპრალის გაჩენა მარტივდება. ამდენად, შენიღბული პროპაგანდის მეთოდი მიზნის მიღწევისთვის უფრო ეფექტური საშუალება ხდება, ვიდრე პროპაგანდისტული გზავნილების ღიად გავრცელება, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმაციული მანიპულაციებისადმი მედეგობისათვის.

 

სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიცია

 

-----

[1] Smith, Bruce Lannes. "Propaganda". Encyclopedia Britannica, 24 Jan. 2021, https://www.britannica.com/topic/propaganda. Accessed 17 May 2021.

[2] Jowett, Garth S. & O'Donnell, Victoria. Propaganda & Persuasion. Los Angeles, London, New Dehli, Singapore, Washington DC, Melbourne: SAGE, 2019

[3] Farkas, Johan & Neumayer, Christina. “Disguised Propaganda from Digital to Social Media”. In Second International Handbook of Internet Research. (Eds. Jeremy Hunsinger, Lisbeth Klastrup & Matthew M. Allen. Dordrecht: Springer, 2018

[4] Ibid.

[5] სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი და ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, რომელმაც სიცოცხლის 27 წელიწადი ციხეში გაატარა.

[6] ISFED. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში. აპრილი, 2021. ბოლო ნახვა: 17.05.2021. https://cutt.ly/jbBi5ew