პოლიტიკური რეკლამები მეტას პლატფორმებზე საქართველოში (2023 წლის ივნისი)
„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართვლოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოადგენს საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების მიმოხილვას.
კომპანია „მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც:
- ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკურ აქტორს, პარტიას, კანდიდატს, კამპანიას და მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;
- ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;
- ეხება სოციალურ საკითხებს.
„მეტას“ წესების თანახმად, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ პოსტი არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება. ამასთან, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს. რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას „მეტას“ კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის ივნისის თვეში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 331-მა გვერდმა განათავსა. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 2 491 რეკლამა იძებნება. მათი ჯამური ღირებულება 68 333 აშშ დოლარამდეა. აღნიშნული თანხის 59% ქვემოთ მოცემულ 15 გვერდზე მოდის.
პოლიტიკური რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ ან მისმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე, საქართველოს მთავრობამ (მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა დახარჯეს.
პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე ივნისის თვეში არანაკლებ 22,803 და არაუმეტეს 24,486 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა 17,596 -დან 18,388 აშშ დოლარამდე დახარჯეს, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა წარმომადგენლებმა ჯამში - 5,207-დან 6,098-მდე აშშ დოლარი.
მედიასაშუალებებმა იმავე პერიოდში სოციალურ და პოლიტიკურ თემებად მონიშნული რეკლამებისთვის 12,171-დან 12,666-მდე აშშ დოლარი დახარჯეს. მათი ძირითადი ნაწილი სატელევიზიო მედიის დანახარჯებზე მოდის. კერძოდ, რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემული მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯებს შორის ტელეკომპანია „იმედის“ რეკლამებში დახარჯული თანხის წილი 36-38 პროცენტია; ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის გვერდებზე განთავსებული რეკლამების თანაფარდობა 30-31 პროცენტს უტოლდება; ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ რეკლამებში დახარჯული თანხის წილი კი 12-13 პროცენტს შეადგენს.
2023 წლის ივნისში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამები მათი რაოდენობის, დანახარჯების სიდიდისა და განმათავსებელი აქტორების მიხედვით (წყარო: Meta Ad Library)
* შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც გვერდის სარეკლამო დანახარჯი 100 აშშ დოლარს არ აღემატება, დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, რის გამოც გვერდების ზოგიერთ კატეგორიაში დანახარჯი მოცემულია ინტერვალური სიდიდეებით.
სარეკლამო დანახარჯების რეგიონული განაწილების მიხედვით, ხარჯების ნახევარზე მეტი დედაქალაქ თბილისზე მოდის. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან, რომელთა წილი ივნისის მთლიან დანახარჯებში 10-დან 12 პროცენტამდეა.