პოლიტიკური რეკლამები „მეტას“ პლატფორმებზე საქართველოში (2024 წლის აპრილი-ივნისი)
„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, აგრძელებს საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას.
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2024 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 494-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდებისა და ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული 10 557 რეკლამა იძებნება, რაც 3 223-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 358 035 აშშ დოლარია, 78%-ით მეტი წინა კვარტლის დანახარჯებზე.
სოციალური და პოლიტიკური რეკლამების „მეტას“ პლატფორმებზე განმათავსებელთა კატეგორიების მიხედვით
„მეტას“ პოლიტიკური რეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, ოფიციალურ განმათავსებელ აქტორებს შორის, პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო უწყებების გვერდებზე დაიხარჯა. არაოფიციალური/ანონიმური აქტორების რეკლამები კი თითქმის სრულად მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მადისკრედიტირებელ კამპანიას მოიცავდა.
2024 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამები მათი რაოდენობის, დანახარჯების სიდიდისა და განმათავსებელი აქტორების მიხედვით
2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, აპრილი-ივნისის პერიოდში სარეკლამო დანახარჯების ზრდა გამოვლინდა გვერდების ყველა კატეგორიაში. მათ შორის, 71%-ით გაიზარდა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდების კატეგორიაში ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებისთვის დახარჯული თანხის სიდიდე. ამასთან, აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რეკორდულად მაღალი დანახარჯით. ამავდროულად, საერთო ჯამში, გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი თანხის სიდიდე, რაც, ძირითადად, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმეჯერ გაზრდილი ხარჯებით იყო განპირობებული. გაორმაგდა პროპაგანდისტული და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდების სარეკლამო დანახარჯები. წინა კვარტალთან შედარებით, 3.5-ჯერ გაიზარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ „მეტას“ რეკლამებში დახარჯული თანხის საერთო ოდენობაც.
წარმოდგენილი კატეგორიების უმეტეს ნაწილში სარეკლამო დანახარჯების მკვეთრი ზრდა, მნიშვნელოვანწილად, მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ და მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს უკავშირდებოდა.
კანონპროექტის მხარდასაჭერად სარეკლამო კამპანია ხორციელდებოდა საქართველოს მმართველი პარტიის, პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ფეისბუქგვერდების მეშვეობით. ამავდროულად, ამ კანონპროექტის მხარდამჭერ, მის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელ და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებიც და მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გვერდებიც. მათ მიერ გავრცელებული რეკლამების ნაწილი შეიცავდა ღიად ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებსაც.
ზემოხსენებულ კანონს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ხელისუფლების მხარდამჭერი ანონიმური გვერდების რეკლამებშიც. მოცემული გვერდები, რომელთა უკან მდგომი პირებისა და დაფინანსების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტის ერთადერთ მიზნად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას წარმოაჩენდნენ. მოცემული გვერდები, პარალელურად, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მადისკრედიტირებელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდნენ და ამავდროულად, ავრცელებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ევროსკეპტიკურ გზავნილებს.
საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნებული რეკლამების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე იყო მიმართული. ამ მხრივ, ძირითადად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურობდნენ, რომლებიც კანონპროექტის რეალურ მიზნებსა და პრობლემურ შინაარსზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათ შორის აღსანიშნავია ფეისბუქგვერდი „არა რუსულ კანონს“, რომელზეც, დასპონსორებული პოსტების მეშვეობით, ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ დაანონსებული აქციების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, ხშირად ქვეყნდებოდა საინფორმაციო ბარათები, რომლებზეც ასახული იყო კანონპროექტთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მიერ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.
პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე
პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე 2024 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 163-166 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე დახარჯული თანხის წილმა ყველა პოლიტიკური სუბიექტის დანახარჯების დაახლოებით 2/3 შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა სახელისუფლებო პარტიისა და მის ცალკეულ წარმომადგენელთა გვერდების სარეკლამო დანახარჯები, რამაც აპრილი-ივნისის პერიოდში 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, გაორმაგდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მისი წარმომადგენლების გვერდების სარეკლამო ხარჯიც (33 211 აშშ დოლარი). ამ თანხის 82% პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დაიხარჯა. მოცემული ორი პარტიისგან განსხვავებით, წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 7 084 აშშ დოლარამდე, შემცირდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და მისი ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდების სარეკლამო დანახარჯი. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა კი, რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიისთვის, ჯამურად, 20 ათას აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯეს.
მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკაში მონიტორინგის პერიოდში 82 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 3 881 რეკლამა იძებნება, რომელთა ჯამური ღირებულება 71 904 -დან 78 141 აშშ დოლარამდეა (იმ გვერდების შემთხვევაში, რომელთა სარეკლამო დანახარჯი 100 აშშ დოლარს არ აღემატება, დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, რის გამოც მთლიანი დანახარჯი მოცემულია ინტერვალური სიდიდეებით). მათ შორის, 34 ქართული მედიასაშუალების იყო, რომელთა რეკლამებისთვის 71 718-დან 73 302-მდე აშშ დოლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, ფეისბუქისა და ინსტაგრამის ქართველი მომხმარებლებისთვის ხილვადი იყო ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 12 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 23 რეკლამაც. თუმცა, მათზე დახარჯული თანხის ოდენობა 1 200 აშშ დოლარს არ აღემატებოდა.
საანგარიშო პერიოდში ქართული მედისაშუალებების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებს შორის ძირითადი დანახარჯი პროსახელისუფლებო მედიებზე - „პოს ტვ“-ზე, „იმედსა“ და „ნიუსჰაბზე“ (ყოფილი Pia.ge) მოდის. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა სამმა მედიასაშუალებამ რეკლამებისთვის 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ. ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ და „იმედმა“ აპრილ-ივნისში „მეტას“ პლატფორმების რეკლამებზე 2-3-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე წლის პირველ კვარტალში. „ნიუსჰაბის“ ბოლო კვარტლის დანახარჯი კი წინას 6-ჯერ აღემატება.
რეკლამების აქტიურად განმათავსებელი გვერდები
„მეტას“ პლატფორმებზე მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები აქვეყნებდნენ, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ტენდენციის მსგავსია. ამ მხრივ, კვლავაც გამოირჩეოდა გვერდი „POSTV - ახალი ამბები“, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკორდულად მრავალრიცხოვანი, 1 298, რეკლამა გამოაქვეყნა. „პოს ტვ“-ის კიდევ ერთი ფეისბუქგვერდი - „POSTV - ანალიტიკა“, 751 რეკლამით, ყველაზე აქტიურად დამრეკლამებელ გვერდებს შორის რიგით მეორეა.
ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე - „POSTV - ახალი ამბები“ რეკლამების უდიდესი ნაწილი ე.წ. ქარდების სახით განთავსდა. მათზე დატანილი იყო საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, აგრეთვე, პროსახელისუფლებო ექსპერტების მოსაზრებები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთან დაკავშირებით. დიდი ადგილი დაეთმო ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დისკრედიტაციას, მათ მიმართ ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებების გავრცელებას. ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც პროგნოზირებდა კონსერვატიული ან/და ულტრამემარჯვენე ძალების შესაძლო გამარჯვებას ან/და წარმატებულ შედეგებს ევროკავშირის ქვეყნებში. ამ გვერდების მეშვეობით აქტიურად ვრცელდებოდა იმგვარი საერთაშორისო რეიტინგებიც, რომლებიც საქართველოს წინსვლაზე აკეთებდა აქცენტს.
ყველაზე მსხვილი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდები და მათ მიერ გამოქვეყნებული რეკლამების ძირითადი შინაარსი
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2024 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ რეკლამებისთვის სულ დახარჯული თანხის 64% ქვემოთ მოცემულ 15 გვერდზე მოდიოდა.
რეკლამებზე დახარჯული თანხის სიდიდით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ოფიციალური გვერდი, რომელზეც 50 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. აღნიშნულ გვერდზე რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დაეთმო. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარტიის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია, ერთი მხრივ, კანონის საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლელი დონორების წინააღმდეგ. მათ შორის, ვიდეო რეკლამების სახით განთავსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი 7 საკითხი ქვეყანაში ამ კანონის მიღების მოტივაციების შესახებ. კერძოდ, გვერდზე განთავსებულ რეკლამებში, პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს რევოლუციის მცდელობებში, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის დაგეგმვასა და რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერაში, აგრეთვე, ლგბტ პროპაგანდის წარმოებაში, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემატურ მცდელობასა და რუსეთთან ომის მეორე ფრონტის გახსნის კამპანიაში ადანაშაულებდა. მოცემული გზავნილების შესახებ თითოეული ვიდეოს რეკლამაში 300-დან 400 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.
„ქართული ოცნების“ გვერდზე განთავსებული რეკლამების მეშვეობით, ასევე, საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და დონორებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ საქართველოს „უკრაინიზაციას“, ქვეყანაში არეულობას, ქაოსსა და ომს.
„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ რეკლამებიც. აღსანიშნავია, რომ ამ თემას მიეძღვნა არაერთი რეკლამა სხვა გვერდებზეც. დასპონსორებულ პოსტებში ივანიშვილი დიდ მეცენატად მოიხსენიებოდა და/ან ხაზი ესმებოდა მის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე. იმ გვერდებს შორის, რომლებმაც ამ თემაზე ფეისბუქზე ან/და ინსტაგრამზე რეკლამა განათავსეს, არიან როგორც ოფიციალური, ისე ანონიმური გვერდები. მათ შორისაა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების („იმედი“, „პოს ტვ“ და „ნიუსჰაბი“), საქართველოს სამთავრობო უწყებების (საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო), მმართველი პარტიისა და მისი წარმომადგენლების ოფიციალური ფეისბუქგვერდები (ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze, შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili, Giorgi Amilakhvari), აგრეთვე, მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და სხვა ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური გვერდები (“Bidzina Ivanishvili for Georgia”, “Georgia First NEWS”, „აი პოლიტიკა“, „არ აგარევინებთ“, „ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili“).
რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით მეორე ადგილი დაიკავა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურმა გვერდმა, რომელზეც საანგარიშო პერიოდში 27 200 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. ხაზარაძის მიერ დასპონსორებული პოსტების დიდი ნაწილი საქართველოში თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებთან შეხვედრებს და ამ შეხვედრებზე განხილულ საკითხებს - პენსიებს, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებასა და მომავალ თაობას ეხებოდა. პოლიტიკოსის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ყოველკვირეულად, არჩევნების მოახლოების პარალელურად, არეკლამებდა პოსტს, რომლითაც 26 ოქტომბრამდე დარჩენილ დროს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან წასვლამდე დარჩენილ დროსთან აიგივებდა. რეკლამების მნიშვნელოვანი წილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კრიტიკასაც შეიცავდა. ხშირად თავსდებოდა რეკლამები ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებითაც.
სარეკლამო დანახარჯების მიხედვით, მესამე ადგილზე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ოფიციალური გვერდი, რომლის რეკლამებისთვისაც აპრილი-ივნისის პერიოდში 27 ათას აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა. „მეტას“ პლატფორმებზე გაშვებული რეკლამების დიდი ნაწილი უშუალოდ გვერდის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და სამიზნე აუდიტორიას მისი გამოწერისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, აქტიურად თავსდებოდა პრესკონფერენციებისა და მთავრობისა და მასთან არსებული საბჭოების სხდომათა შესახებ პოსტების რეკლამები, სადაც ძირითადად მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილებოდა. მმართველი პარტიისა და მისი წარმომადგენლების სხვა გვერდების მსგავსად, პრემიერ-მინისტრის გვერდზეც აპრილისა და მაისის პერიოდში აქტიურად წარიმართებოდა კამპანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის სასარგებლოდ. ივნისის თვეში გვერდზე განსაკუთრებით გახშირდა ფეხბურთთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება, მათ შორის ისეთების, რომელშიც ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების სიმბოლიკას ატარებდა.
21 447 აშშ დოლარის სარეკლამო დანახარჯით რიგით მეოთხე იყო ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდი - „TV Imedi“. საანგარიშო პერიოდში გვერდი ყველაზე ხშირად მმართველი პარტიის ლიდერების ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს არეკლამებდა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან იყო დაკავშირებული. რეკლამების დიდ ნაწილში წარმოჩენილი იყო, რომ კანონპროექტი სულაც არ იყო რუსული და ის საქართველოს ევროპული გზისგან არ აშორებდა. რეკლამების ნაწილი კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობდა. პროსახელისუფლებო მედიასაშუალების გვერდზე სპონსორდებოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებაც. მრავლად იყო რეკლამაც, რომელიც ქართულ ფეხბურთს ეხებოდა. მაგალითად, ორჯერ დასპონსორდა ირაკლი კობახიძის პოსტი, რომელშიც ის 26 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პროგნოზირებდა. ორივე რეკლამაში ერთად დაახლოებით 1 000 აშშ დოლარი დაიხარჯა. გვერდმა 600-დან 800 აშშ დოლარამდე დახარჯა ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების - „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის რეკლამირებისთვის.
ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთმა ფეისბუქგვერდმა - „POSTV - ანალიტიკამ“ საანგარიშო პერიოდში რეკლამებზე 17 790 აშშ დოლარი დახარჯა. ამ შემთხვევაშიც რეკლამების დიდი ნაწილი მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა და ორგანიზატორთა დისკრედიტაციას. ამასთან ერთად, გავრცელებული გზავნილები ხშირად უშუალოდ მედიასაშუალების სახელით ვრცელდებოდა. მათ შორის, სპონსორდებოდა კარიკატურები, ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის პოსტები. ხშირი იყო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივად წარმოჩენის მცდელობაც. რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ღიად მადისკრედიტირებელ გზავნილებსაც.
რეკლამების რეგიონული განაწილება
Მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯების ნახევარზე მეტი კვლავ დედაქალაქ თბილისის აუდიტორიაზე მოდიოდა. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან, რომელთა წილი საანგარიშო პერიოდის მთლიან დანახარჯებში 10-11 პროცენტი იყო.
პოლიტიკური რეკლამების კვარტალური მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ყოველკვარტალურ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს „მეტას“ პლატფორმებზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ქართული აუდიტორიისთვის განთავსებული იმ რეკლამების რაოდენობასა და ხარჯებს, რომლებიც ეხება არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს და მათი განმათავსებლის მიერ დეკლარირებულია ამგვარი შინაარსის მქონედ.
მიმოხილვა ეფუძნება „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის (Meta Ad Library) მონაცემებს. გვერდების კატეგორიზაციისთვის კი „სამართლიანი არჩევნები“ ღია წყაროებსა და საკუთარ განახლებად ბაზას ეყრდნობა.
კომპანია „მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც:
- ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატს, პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს ან მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;
- ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;
- ეხება სოციალურ საკითხებს, რაც განიმარტება, როგორც მგრძნობიარე თემები, რომლებზეც მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას;
- რეგულირდება, როგორც პოლიტიკური რეკლამა.
„მეტას“ წესების თანახმად, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ პოსტი არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება. ამასთან ერთად, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს.
რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას „მეტას“ კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.