პოლიტიკური რეკლამები „მეტას“ პლატფორმებზე საქართველოში (2024 წლის იანვარი-მარტი)
„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ („სამართლიანი არჩევნები“), აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, აგრძელებს საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას.
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 544-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა, 302-ით ნაკლებმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 7 334 რეკლამა იძებნება, რაც 805-ით ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 201 507 აშშ დოლარია, 77 934 დოლარით ნაკლები წინა კვარტლის დანახარჯებზე.
ყველაზე მსხვილი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდები
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ რეკლამებისთვის სულ დახარჯული თანხის 59% ქვემოთ მოცემულ 15 გვერდზე მოდის.
წყარო: Meta Ad Library
რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმაზე ხუთჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში.
წინა კვარტლის შედეგების მსგავსად, სარეკლამო დანახარჯების სიდიდით კვლავ მეორე ადგილი დაიკავა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ოფიციალურმა გვერდმა, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში „მეტას“ რეკლამებისთვის თითქმის იმდენივე თანხა დახარჯა, რამდენიც გასული წლის ბოლო კვარტალში.
რეკლამების აქტიურად განმათავსებელი გვერდები
„მეტას“ პლატფორმებზე მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები აქვეყნებდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა „POSTV - ახალი ამბები“, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკორდულად მრავალრიცხოვანი, ათასზე მეტი, რეკლამა გამოაქვეყნა. რეკლამების რაოდენობით კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქგვერდი - „Georgia First NEWS“-ც.
წყარო: Meta Ad Library
სოციალური და პოლიტიკური რეკლამების „მეტას“ პლატფორმებზე განმათავსებელთა კატეგორიების მიხედვით
„მეტას“ პოლიტიკური რეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, ოფიციალურ აქტორებს შორის, პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების გვერდებზე დაიხარჯა. არაოფიციალური/ანონიმური აქტორების რეკლამები თითქმის სრულად მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას მოიცავდა.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამები მათი რაოდენობის, დანახარჯების სიდიდისა და განმათავსებელი აქტორების მიხედვით
* შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც გვერდის სარეკლამო დანახარჯი 100 აშშ დოლარს არ აღემატება, დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, რის გამოც გვერდების ზოგიერთ კატეგორიაში დანახარჯი მოცემულია ინტერვალური სიდიდეებით.
წყარო: Meta Ad Library
წინა კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დანახარჯები შემცირდა გვერდების უმეტეს კატეგორიაში. მათ შორის, 2.7-ჯერ შემცირდა სამთავრობო გვერდების კატეგორიაში ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებისთვის დახარჯული თანხის სიდიდე. აღნიშნული შემცირება, მნიშვნელოვანწილად, გამოწვეული იყო შერიგებისა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გაწეული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებით. ამასთან, სხვა ძირითადი კატეგორიებისგან განსხვავებით, გაიზარდა პოლიტიკური პარტიების რეკლამების საერთო ღირებულება.
* შენიშვნა: პრეზიდენტის გარდა, ყველა სხვა კატეგორიისთვის მოცემულია დახარჯული თანხების მედიანური მაჩვენებელი, რაც შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური დანახარჯებისგან.
წყარო: Meta Ad Library
პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე
პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე 2024 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 94-97 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში კვლავაც უფრო მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელთა დანახარჯები. ამასთან, გაორმაგდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მისი წარმომადგენლების გვერდების სარეკლამო ხარჯიც. ამ თანხის 90%-ზე მეტი პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დაიხარჯა.
* შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, წარმოდგენილია მედიანური მაჩვენებლები მინიმალურ და მაქსიმალურ სიდიდეებს შორის, რაც შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური დანახარჯებისგან.
წყარო: Meta Ad Library
მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკაში მონიტორინგის პერიოდში 109 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 2 706 რეკლამა იძებნება, რომელთა ღირებულება 30 113-დან 39 320 აშშ დოლარამდეა (იმ გვერდების შემთხვევაში, რომელთა სარეკლამო დანახარჯი 100 აშშ დოლარს არ აღემატება, დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, რის გამოც მთლიანი დანახარჯი მოცემულია ინტერვალური სიდიდეებით). მათ შორის, 36 ქართული მედიასაშუალების რეკლამებისთვის 30 040-დან 32 016-მდე აშშ დოლარი დაიხარჯა. საქართველოდან ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლები წარმოადგენდნენ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 14 მედიასაშუალების გვერდის 40 რეკლამის ერთ-ერთ სამიზნეებსაც. თუმცა, მათზე დახარჯული თანხის ოდენობა 1 400 აშშ დოლარს არ აღემატებოდა.
საანგარიშო პერიოდში ქართული მედისაშუალებების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებს შორის ძირითადი დანახარჯი პროსახელისუფლებო მედიებზე - „პოს ტვ“-ზე, „იმედსა“ და „Pia.ge-ზე“ მოდის (აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის ფეისბუქგვერდს - „Pia.ge - ახალი ამბები“ მიმდინარე წლის 16 თებერვალს სახელი შეეცვალა და „Newshub.ge - ნიუსჰაბი“ დაერქვა. შესაბამისად შეიცვალა მისი ვებსაიტის მისამართიც დომენით - newshub.ge). ამასთანავე, „პოს ტვ“-ის სარეკლამო დანახარჯი, წინა კვარტალთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა. პარალელურად, შემცირდა „იმედზე“ განთავსებული რეკლამებისთვის დახარჯული თანხის სიდიდე, ხოლო თითქმის 4-ჯერ გაიზარდა Pia.ge-ის („ნიუსჰაბი“) სარეკლამო დანახარჯი. გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში სარეკლამო დანახარჯების მნიშვნელოვანი კლება გამოვლინდა ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში.
* შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, წარმოდგენილია მედიანური მაჩვენებლები მინიმალურ და მაქსიმალურ სიდიდეებს შორის, რაც შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური დანახარჯებისგან.
წყარო: Meta Ad Library
რეკლამების რეგიონული განაწილება
სარეკლამო დანახარჯების რეგიონული განაწილების მიხედვით, ხარჯების ნახევარზე მეტი კვლავ დედაქალაქ თბილისზე მოდის. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან, რომელთა წილი იანვარ-მარტის პერიოდის მთლიან დანახარჯებში 11 პროცენტამდე აღწევს.
პოლიტიკური რეკლამების კვარტალური მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ყოველკვარტალურ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს „მეტას“ პლატფორმებზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ქართული აუდიტორიისთვის განთავსებული იმ რეკლამების რაოდენობასა და ხარჯებს, რომლებიც ეხება არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს და მათი განმათავსებლის მიერ დეკლარირებულია ამგვარი შინაარსის მქონედ.
მიმოხილვა ეფუძნება „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის (Meta Ad Library) მონაცემებს. გვერდების კატეგორიზაციისთვის კი „სამართლიანი არჩევნები“ ღია წყაროებსა და საკუთარ განახლებად ბაზას ეყრდნობა.
კომპანია „მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც:
- ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატს, პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს ან მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;
- ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;
- ეხება სოციალურ საკითხებს, რაც განიმარტება, როგორც მგრძნობიარე თემები, რომლებზეც მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას;
- რეგულირდება, როგორც პოლიტიკური რეკლამა.
„მეტას“ წესების თანახმად, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ პოსტი არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება. ამასთან ერთად, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს.
რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას „მეტას“ კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.