სოციალური მედიის მონიტორინგი

„ქართული ოცნების“ კოორდინირებული პროპაგანდისტული კამპანია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის წინააღმდეგ

2026 წლის 12 მარტს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ. ანგარიშში მწვავედ არის შეფასებული ყველა ის ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებათა შემლახავი ნაბიჯი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაიდგა. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს შორისაა: 

  • 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (Organisation for the Prohibition of Chemical Weapons) თანამშრომლობა;
  • არაპროპორციული ძალის გამოყენების შეწყვეტა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ;
  • წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება;
  • პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
  • არჩევნებისას დაფიქსირებული შესაძლო დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიება;
  • მომავალი არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა;
  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონების გაუქმება;
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა;
  • სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; 
  • გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების დაცვა და პროტესტის მონაწილეების დაუსაბუთებელი დაკავების და დაჯარიმების შეწყვეტა. 

დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, ეუთოს 24-მა წევრმა ქვეყანამ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სრულად გაითვალისწინოს „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები. 

ეუთოს ანგარიშში მოცემულია „ქართული ოცნების“ მთავრობის პასუხი, რომელსაც დოკუმენტი გამოქვეყნებამდე გაეგზავნა. დოკუმენტში ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით დაფიქსირებული პოზიციით, იგი არ ეთანხმება ეუთოს ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს. ანგარიშს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა „ქართული ოცნების“ კრიტიკა. პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სრულ სურათს არ ასახავს და შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებსა და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. 

მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დასკვნების დაკნინებისა და მისი რეკომენდაციების საზოგადოებისთვის მანიპულაციურად მიწოდების მიზნით, „ქართული ოცნების“ პორპაგანდისტულმა ეკოსისტემამ, რომელზეც „სამართლიან არჩევნებს” არაერთხელ დაუწერია, კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ძირითადი გზავნილის მიხედვით, ეუთო „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონისა“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმებას ითხოვს. გავრცელებულ ქარდებზე მხოლოდ ეს მოთხოვნები იყო გამოტანილი და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დასკვნა მხოლოდ ამ საკითხებს შეეხებოდა. აღნიშნული ქარდები, იდენტური ტექსტებით, ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ყველა პროპაგანდისტული მედიის გვერდზე განთავსდა. იმ გვერდებზე კი, რომლებსაც დარეკლამების ფუნქცია შეზღუდული არ აქვთ, პოსტები დასპონსორებული იყო.

 „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ტაქტიკით, კამპანიაში პირველი ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები ჩაერთნენ. მათი მტკიცებით, ანგარიში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის შესაძლებლობის მიცემისა და „ეროვნულ ღირსებაზე, ადათ-წესებზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე ხელის აღებისკენ“ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების მეორე ნაწილი კი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას გარე ძალების მიერ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მორიგ მცდელობად წარმოაჩენდნენ. კამპანიაში მოგვიანებით პარტია „ქართული ოცნების” წევრებიც ჩაერთნენ. 

მნიშვნელოვან ხაზს წარმოადგენდა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის საერთაშორისო მხარდაჭერის მინიმიზება. კამპანიაში ჩართული მედიების მტკიცებით, აღნიშნულ დოკუმენტს ეუთოს მხოლოდ 24 წევრი ქვეყანა უჭერდა მხარს და მათ შორის მეზობელი ქვეყნები და აშშ არ შედის. აღსანიშნავია რომ პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ქარდებზე ტექსტი სრულად იდენტური იყო და პოსტების ნაწილი კი დარეკლამებული. მათ შორის, იმ გვერდის მიერ, რომელიც „მითების დეტექტორის” ანგარიშის მიხედვით, სანქციების შემდეგ „პოსტივისა“ და „იმედის” მასალების გავრცელებას Meta-ს პლატფორმაზე რეკლამებით ცდილობს.

მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დასკვნის შემდეგი ეტაპი მისი ავტორის დისკრედიტაცია გახდა. ამ შემთხვევაშიც, კამპანია კოორდინირებული იყო და მასში ჩართული იყვნენ როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისე მხარდამჭერები და პროპაგანდისტული მედია. მედიის მიერ გავრცელებული ქარდები ამ შემთხვევაშიც იდენტური ტექსტით იყო, მათი ნაწილი კი - დარეკლამებული.  პროპაგანდა ეუთოს ანგარიშის ავტორს მიკერძოებულად წარმოაჩენდა და აქცენტს მის გამოცდილებაზე აკეთებდა, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან თანამშრომლობას უკავშირდებოდა. „ქართული  ოცნების“ წარმომადგენლების მთავარი გზავნილით, დასკვნა ექსპერტის დაწერილი არ არის და მან „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„მოსკოვის მექანიზმის“ მადისკრედიტირებელ კამპანიაში ანონიმური აქტორებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ფეისბუქ გვერდებსა და ტიკტოკ არხებზე გავრცელებული ნარატივები ეუთოს დასკვნებს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად წარმოაჩენდა. სხვადასხვა გვერდებზე კოორდინირებულად ვრცელდებოდა იდენტური შინაარსის ქარდები და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომლებიც ერთი მხრივ, ეუთოს სპეციალური კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს ცალკეული ქვეყნების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესად და საქართველოს ცილისწამებად წარმოაჩენდა, ხოლო მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ მმართველობის ფარგლებში ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე აპელირებდა. აქტიურად ვრცელდებოდა ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლებშიც ის საქართველოს მიმართ კრიტიკული შეფასებებით დაინტერესებულ მხარედ პოლონეთის მთავრობას ასახელებდა.

 

გარდა ამისა, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული დასკვნის წინააღმდეგ კამპანიაში პროპაგანდისტულმა მედიამ კარგად გამოცდილ ტაქტიკას, „ქუჩის გამოკითხვას“,  მიმართა. „რუსთავი 2”-ის ფეისბუქგვერდზე 5 ვიდეო - „ქუჩის გამოკითხვა“ გამოქვეყნდა, რომლებშიც რესპონდენტების პასუხები სრულ თანხვედრაში მოდიოდა პროპაგანადის ნარატივებთან. გამოკითხვები იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პროპაგანდისტული გზავნილები საზოგადოების უმრავლესობის აზრად წარმოჩინილიყო. აღსანიშნავია, რომ ვიდეოებში არ ისმოდა კითხვების ფორმულირება და დამაზუსტებელი კითხვები კი, რომლებიც გამოკითხვაში მოხვდა, მანიპულაციურად იყო დასმული.

 

  

16 მარტს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მოსკოვის მექანიზმზე ისაუბრა და გამოქვეყნებულ ანგარიშს კიდევ ერთხელ უწოდა სიცრუეზე დაფუძნებული. მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყველა ის  ნარატივი იყო თავმოყრილი, რასაც პროპაგანდისტული ეკოსისტემა დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ავრცელებდა.  

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული აქტორები დოკუმენტის შინაარსობრივ განხილვას თავს არიდებდნენ და ყურადღებას მის დისკრედიტაციაზე ამახვილებდნენ. კოორდინირებულად გავრცელებული გზავნილები მიანიშნებს, რომ კამპანიის მიზანი ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა და მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება იყო.