„ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები
ძირითადი მიგნებები
- პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. აღნიშნული მედიასაშუალებები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: „ქართული ოცნების“ პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით;
- ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, 2019-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ონლაინ მედიის 22 კომპანიას/ორგანიზაციას ჯამში 1,503,708 ლარი გადაუხადა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გადახდები ხორციელდებოდა თითქმის ყოველთვიურად, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარტიასა და ამ სააგენტოებს შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა;
- „ქართული ოცნებისგან“ დაფინანსებულ სააგენტოებს შორის პარტიისგან ყველაზე დიდი შემოსავალი (222,612 ლარი) შპს პრაიმ თაიმმა მიიღო, რომელიც გიორგი ქუთათელაძისა და თამარ ფხაკაძის მფლობელობაშია;
- „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედია სააგენტოები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ. 2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა.
- „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის კომპანიების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა. დაფინანსების 4% მიღებული იქნა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან, ხოლო 17% დაფინანსებული იქნა საჯარო უწყებების საკუთარი შემოსავლების მეშვეობით;
- საინფორმაციო სააგენტო ნიუსჰაბის მფლობელმა შპს პირველმა 2024–2025 წლებში სახელმწიფო ტენდერებშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. კომპანიას ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი უფიქსირდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე და გასულ წლებში კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,617,744 ლარს მიაღწია.
- დაფინანსებული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან. ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონტენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში. ძირითადად „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი ნარატივების გასავრცელებლად ნიუსჰაბის (2020 წლის 25 ნოემბრამდე - „Pia.ge - ახალი ამბები“) ფეისბუქგვერდზე 2020-2025 წლებში 25.4 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 1,721 პოლიტიკური რეკლამაც განთავსდა;
- დამოუკიდებელი ონლაინ მედიის შეზღუდვის პირობებში, ლოიალური მედიასაშუალებების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა.
1. შესავალი
მედიაპლურალიზმი და დამოუკიდებელი საინფორმაციო გარემო დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი წინაპირობაა, რასაც ბოლო პერიოდის საქართველოში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. უკანასკნელ წლებში ქვეყანაში პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური გადაწყვეტილებების გამო, რომლებმაც სერიოზული ზეწოლა მოახდინა დამოუკიდებელ ონლაინ მედიაზე. პარტიის ინიციატივით განხორციელებული „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება საერთაშორისო დონორებისგან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, პირდაპირ დარტყმას წარმოადგენდა კრიტიკული მედიის ფინანსურ მდგრადობაზეც. ამავდროულად, „ქართული ოცნება“ აქტიურად ცდილობდა, შეეზღუდა მედიის თავისუფლება ისეთი საკანონმდებლო აქტებით, როგორებიცაა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ამგვარმა პროცესებმა დამოუკიდებელი ონლაინ მედია ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ სრულიად განსხვავებულ მიდგომას იყენებს საკუთარ, პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ ონლაინ მედიასთან მიმართებით.
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის სააგენტოები სტაბილურ და მრავალმხრივ ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ. ამ სქემის ერთი მიმართულება პარტიის მიერ „საინფორმაციო მომსახურებისა“ და „პოლიტიკური რეკლამისათვის“ უშუალოდ გადახდილი თანხებია, რაც პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოებისთვის თითქმის ყოველთვიურ შემოსავალს უზრუნველყოფს. მეორე მიმართულება წარმოადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას, რაც ძირითადად გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მეშვეობით ხორციელდება. ამგვარად, ჩამოყალიბებულია სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთი და იგივე ონლაინ მედიასაშუალებები იღებენ როგორც პარტიულ, ისე საბიუჯეტო რესურსებს. შედეგად, ისინი თანმიმდევრულად უზრუნველყოფენ ფინანსურ მდგრადობას, მაშინ, როცა დამოუკიდებელი მედია მსგავს შესაძლებლობებს მოკლებულია.
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია 25 ონლაინ მედიის სააგენტო და მათი მფლობელი კომპანიები/პირები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში „ქართული ოცნებისგან“ სისტემატურ დაფინანსებას იღებენ. ანგარიში ასევე მოიცავს მათი დაფინანსების საბიუჯეტო წყაროების ანალიზსა და მედიასაშუალებების მიერ გატარებულ სარედაქციო პოლიტიკას. განხილული პრაქტიკა, სავარაუდოდ, წარმოადგენს ხელისუფლების იმ პოლიტიკის ნაწილს, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაქრობა და მისი პროსამთავრობო სააგენტოების ეკოსისტემით ჩანაცვლებაა.
2. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის სააგენტოების საქმიანობა
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება. ამ სააგენტოების მფლობელ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს (შპს), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა (ა(ა)იპ) და ინდივიდუალურ მეწარმეს „ქართული ოცნება“ როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში ყოველთვიურად უხდის თანხას ვებსაიტზე საინფორმაციო მომსახურებისა და რეკლამისათვის.
სააგენტოების ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული მფლობელებისა და დირექტორების მეშვეობით. მაგალითად, ნიუსპრესისა და NSP.ge-ის მფლობელი კომპანიები - შპს ინფონიუსი და შპს ნსპ.გე - ერთი პირის, ალექსანდრე ჩუბინიძის, საკუთრებაშია. ამასთან ერთად, ზოგიერთი ონლაინ მედიის კომპანია/ორგანიზაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს განკარგავს. მათ შორის ერთ მედიაჰოლდინგს წარმოადგენენ Ipress.ge, iBusiness.ge, IRegions.ge და imtavroba.ge, რომლებსაც თამარ ლეფსვერიძის კომპანიები, შპს აირეგიონი და შპს თავისუფალი გაზეთი +, ფლობენ. ქეთევან ხოსიტაშვილის კუთვნილი შპს კვირა+ ფლობს ორ სააგენტოს - საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ კვირასა და რეგიონულ კვირას. გიორგი მამაცაშვილის საკუთრებაში არსებული შპს ქართული აზრი კი ფლობს როგორც სააგენტო ქართულ აზრს, ისე რეპორტიორს.
ცხრილი 1. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის სააგენტოები და მათი მფლობელი და ხელმძღვანელი პირები
მოცემული სააგენტოების საქმიანობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ შემოიფარგლება მხოლოდ ვებსაიტზე სარეკლამო ბანერის განთავსებით. მათ მიერ ვებსაიტსა და სოციალური მედიის გვერდებსა და ანგარიშებზე განთავსებული მასალები თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ძირითად ნარატივებთან. შესაბამისად, მოცემული მედიასაშუალებები უმეტეს ყურადღებას სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა გზავნილების ტირაჟირებას უთმობენ. ზოგიერთ შემთხვევაში სააგენტოების ნაწილი თავად ქმნის პროპაგანდისტულ კონტენტს, სხვა შემთხვევაში კი, ისინი იმეორებენ სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებებისა და პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ გავრცელებულ გზავნილებს.
ზოგიერთი ზემოხსენებული საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენელი ღიად არის ჩართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგო აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ სააგენტო For.ge-ის კუთვნილი ა.ა.ი.პ. კავშირი პრესა - საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე - როზეტა ჯღამაია და გამგეობის კიდევ ერთი წევრი - გიორგი იაკობაშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი), ია მეტრეველთან და იოსებ მანჯავაძესთან ერთად, 2020 წლის 7 აგვისტოს რეგისტრირებული ორგანიზაციის „დავასრულოთ“ თანადამფუძნებლებიც არიან. 2020 წლის 12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ამ მოძრაობის მიზნად ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის დასრულება“ გაცხადდა. საგულისხმოა, რომ მოცემული ორგანიზაციის დაფუძნებას რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა საქართველოში ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედება (2020 წლის 4 აგვისტო), რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა სოციალური მედიის პლატფორმაზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმჭვირვალე, ანონიმური სარეკლამო კამპანია. როგორც მოგვიანებით სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგმა აჩვენა, ორგანიზაცია „დავასრულოთ“ მითითებული იქნა იმ ფეისბუქგვერდების პოლიტიკური რეკლამების თანხის გადამხდელად, რომლებიც წარსულში ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას ანონიმურად წარმართავდნენ. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, იმ გვერდებზე, რომელთა რეკლამების გადამხდელად ორგანიზაცია „დავასრულოთ“ იქნა მითითებული („დავასრულოთ“, „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“, „პოლიტიკური მოთვალთვალე / Politikuri Motvaltvale“ და „ვითომ გაყალბებული ოქმები“) 2020 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში არანაკლებ 11,816 აშშ დოლარის ღირებულების 908 რეკლამა განთავსდა.
ზოგიერთი ონლაინ მედიის სააგენტო, პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის მსგავსად, აქტიურად აწარმოებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სოციალურ მედიაში სარეკლამო კამპანიასაც. მათ შორის, 2020 წლის 4 აგვისტოდან 2025 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში ნიუსჰაბის ფეისბუქგვერდზე - „Newshub.ge - ნიუსჰაბი“ (2020 წლის 25 ნოემბრამდე - „Pia.ge - ახალი ამბები“) 1,721 პოლიტიკური რეკლამა გამოქვეყნდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ არანაკლებ 25,435 აშშ დოლარი შეადგინა. ამ რეკლამების ძირითადი ნაწილი „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების, აგრეთვე, პარტიასთან დაკავშირებული პირების განცხადებებს გამოხატავდა. ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება ევროკავშირის მადისკრედიტირებელი რეკლამებიც, რაც თანხვედრაშია „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული პირების მიერ წარმოებულ ნარატივებთან.
3. „ქართული ოცნების“ მიერ გადახდილი თანხები
2019-2025 წლებში „ქართული ოცნება“ სისტემატურად აფინანსებდა მასთან დაკავშირებულ ონლაინ მედია სააგენტოებს, რამაც განსაკუთრებულ მასშტაბს გასული წლიდან მიაღწია. ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, 2019-2025 წლებში პარტიამ ონლაინ მედიის 22 კომპანიას/ორგანიზაციას/ინდმეწარმეს ჯამში 1,503,708 ლარი გადაუხადა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გადახდები ხორციელდებოდა თითქმის ყოველთვიურად, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რაც ცხადყოფს, რომ პარტიასა და ამ სააგენტოებს შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. თანხები დეკლარირებული იყო, როგორც საინფორმაციო მომსახურების ან რეკლამისთვის განკუთვნილი ხარჯები.
შენიშვნა: * 2025 წლის მონაცემი წარმოდგენილია იანვარ-სექტემბრის პერიოდის ფინანსური დეკლარაციების მიხედვით.
წყარო: ანტიკორუფციული ბიურო
„ქართული ოცნებისგან“ დაფინანსებულ სააგენტოებს შორის პარტიისგან ყველაზე დიდი შემოსავალი შპს პრაიმ თაიმმა მიიღო, რომელიც გიორგი ქუთათელაძისა და თამარ ფხაკაძის მფლობელობაშია. აღნიშნულ კომპანიას პოლიტიკური გაერთიანებისგან 222,612 ლარი ჩაერიცხა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული ინფორმაციის მიხედვით, ონლაინ მედიის ვებსაიტზე primetime.ge განთავსებული საინფორმაციო მომსახურებისა და რეკლამისთვის გადახდილ თანხას წარმოადგენდა. სხვა სააგენტოები, რომლებსაც მნიშვნელოვანი თანხები გადაერიცხათ, არიან ქეთევან ხოსიტაშვილის კუთვნილი კომპანია შპს კვირა+, თამარ ლეფსვერიძისა და დავით ნინიკაშვილის საკუთრებაში არსებული შპს აირეგიონი, ილია მიქელაიშვილის კუთვნილი შპს პირველი და სხვ.
წყარო: ანტიკორუფციული ბიურო
4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან მიღებული თანხები
4.1. გამარტივებული შესყიდვები
პროსახელისუფლებო ონლაინ მედია სააგენტოების შემოსავლის მეორე მნიშვნელოვანი წყარო სახელმწიფო და სუბნაციონალური ერთეულის ბიუჯეტიდან მიღებული თანხებია, რომლებიც ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით გაიცემა. სხვადასხვა საჯარო უწყება, მათ შორის სამინისტროები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობები, მუნიციპალური ორგანოები და საქვეუწყებო დაწესებულებები, რეგულარულად აფორმებენ კონტრაქტებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ მედიასაშუალებებთან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციით, 2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4,267,483 ლარს, 1,671 ევროსა და 344 აშშ დოლარს გაუტოლდა.
გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი საბიუჯეტო თანხა საინფორმაციო სააგენტო ნიუსჰაბის (ყოფილი Pia.ge) მფლობელმა შპს პირველმა მიიღო, რაც დაახლოებით 830 ათას ლარს შეადგენს. გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების რაოდენობითა და ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით ასევე გამოირჩეოდნენ საინფორმაციო სააგენტო აიპრესის მესაკუთრე შპს თავისუფალი გაზეთი +, შპს კვირა+, შპს პრაიმ თაიმი, შპს გაზეთი რეზონანს პლუსი და სხვა კომპანიები/ორგანიზაციები.
ცხრილი 2. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის მფლობელი კომპანიების მიერ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების უწყებებთან დადებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ზემოთ წარმოდგენილმა ონლაინ მედიის მფლობელმა კომპანიებმა/პირებმა 2019-2025 წლებში გამარტივებული შესყიდვის გზით საბიუჯეტო თანხების მიღების მეტწილად მზარდი ტენდენცია დააფიქსირეს. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მათ მიერ მიღებული თანხის ოდენობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია.
შენიშვნა: * 2025 წლის მონაცემი წარმოდგენილია იანვარ-სექტემბრის პერიოდში
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
2025 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, 2012-2025 წლებში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის კომპანიების გამარტივებული შესყიდვების დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო (33%) ბიუჯეტები წარმოადგენდა. დაფინანსების 4% მიღებული იქნა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან, ხოლო 17% დაფინანსებული იქნა საჯარო უწყებების საკუთარი შემოსავლების მეშვეობით. თანხების 1%-ზე ნაკლები შერეული წყაროებით დაიფარა.
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის კომპანიებისგან/ორგანიზაციებისგან ძირითად შემსყიდველს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოები, მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები წარმოადგენდნენ. მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 520 ათას ლარამდე შეადგინა. ცენტრალური ბიუჯეტიდან შემსყიდველებს შორის კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები გამოირჩეოდნენ (397,672 ლარი). მსხვილ შემსყიდველებს ასევე წარმოადგენდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად), და სხვა სახელმწიფო უწყებები.
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ქ. თბილისის გარდა, 2019-2025 წლებში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის მფლობელი კომპანიებისა და პირებისგან მომსახურება შეიძინა სხვა 59-მა მუნიციპალიტეტმაც, რომელთა კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 1,634,627 ლარი შეადგინა. მათ შორის ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის (94,888 ლარი) მიერ გაფორმდა. მას მოჰყვებიან დედოფლისწყაროს (56,687 ლარი), სამტრედიის (51,314 ლარი), ბოლნისის (49,236 ლარი), ყაზბეგის (45,687 ლარი), ნინოწმინდის (45,330 ლარი), დმანისის (44,891 ლარი), ონის (44,414 ლარი), ქ. ფოთის (43,300 ლარი), ოზურგეთისა (41,819 ლარი) და სხვა მუნიციპალიტეტები.
ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ორგანოებთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენდნენ ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა უწყებებიც. მათ შორის, ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებმა 141,267 ლარის, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთეულებმა 80,781 ლარის გამარტივებული შესყიდვა განახორციელეს.
4.2. სახელმწიფო ტენდერები
ნიუსჰაბის მფლობელი შპს პირველი განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ მისმა შემოსავლებმა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ პირდაპირი პარტიული გადახდებისა და საბიუჯეტო გამარტივებული შესყიდვების, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერების გზით მიღებული თანხების ხარჯზეც მნიშვნელოვნად იმატა. 2024-2025 წლებში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე და გასულ წლებში (2024-2025) კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,617,744 ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი უფიქსირდება. კონტრაქტების დიდი ნაწილი ეხებოდა საინფორმაციო მხარდაჭერის მომსახურებას, რასაც სახელმწიფო უწყებები სისტემატურად იძენდნენ. მათ შორის, ტენდერების მეშვეობით ყველაზე მსხვილ შემსყიდველს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენდა, რომელსაც შემდგომ ადგილებზე სამინისტროები და საქვეუწყებო დაწესებულებები მოჰყვებოდნენ. ათ ყველაზე მსხვილ შემსყიდველს შორის ასევე მოხვდნენ საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის აპარატი და ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატი.
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
5. დასკვნა
მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პარტიულ-სამთავრობო მედიის დაფინანსების ინსტიტუციონალიზებული სქემა, რომლის ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოფილია როგორც „ქართული ოცნების“, ისე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული რესურსებით. აღნიშნული მოდელი ქმნის ორმაგ დამოკიდებულებას: ერთი მხრივ, მედიასაშუალებები პირდაპირ დამოკიდებულნი არიან მმართველი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაზე, მეორე მხრივ კი საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ დაფინანსების პიკი ემთხვევა საარჩევნო პერიოდებს, რაც მიუთითებს, რომ ეს რესურსები პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური კომუნიკაციის, პიარისა და პროპაგანდის გასაძლიერებლად.
„ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მოდელი წარმოადგენს სტრატეგიული ჩანაცვლების პოლიტიკას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის თანდათანობითი განდევნა და მისი პროსამთავრობო, პარტიულ ნარატივებზე მორგებული მედიასაშუალებებით ჩანაცვლებაა. ეს კი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში მედიაპლურალიზმსა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.