სოციალური მედიის მონიტორინგი

ცესკოს მხარდამჭერი ყალბი ანგარიშების მოქმედება ფეისბუქზე

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული. არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა. 

ყალბი და საეჭვო ანგარიშები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიებს დადებითად აფასებენ. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელობა დააკნინონ და დეზინფორმაციად წარმოაჩინონ. ცესკოსა და მისი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მიმართ პოზიტიური კომენტარების გავრცელების პარალელურად, არაავთენტური ანგარიშები თავს ესხმიან ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათ შორის, ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს. პროფილები ხშირად ინტერაქციაში შედიან იმ ანგარიშებთანაც, რომლებიც ცესკოს პოსტებზე კრიტიკულ კომენტარებს წერენ - მათ არგუმენტებს უპირისპირდებიან და, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი შინაარსის პასუხს სცემენ.  

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არაავთენტური პროფილების ჩართულობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა, როდესაც რუსეთიდან მართულ სააგენტოსთან, „ნიუსფრონტთან” წარსულში დაკავშირებული ყალბი პროფილები ფეისბუქზე ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდნენ.1 ცესკოს ფეისბუქგვერდზე არაავთენტური ანგარიშები ადმინისტრაციის მიმართ პოზიტიური კამპანიის საწარმოებლად აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა მათი ჩართულობა საარჩევნო დღეებში ნაკლებად ფიქსირდებოდა. არაავთენტურმა ანგარიშებმა პოსტებზე ინტერაქციაში შესვლა განსაკუთრებით აქტიურად ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების განხილვა აქტიურად დაიწყო. 

 

არაავთენტური ანგარიშების შესახებ 

კომენტარებში გავრცელებული მოსაზრებების ვალიდურობის გაზრდის მიზნით, არაავთენტური ანგარიშები სხვა, რეალური ადამიანების ფოტოებს იპარავენ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ფოტოს ვერიფიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებით 7 ყალბი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების რეალურ წყაროს მიაგნო.







ყალბი ანგარიშების მიერ გამოყენებულ ფოტოებზე გამოსახული ადამიანების რეალური ვინაობა

 

საეჭვო ანგარიშებზე განთავსებული ფოტოების გადამოწმება შესაძლებელი არ არის, თუმცა ისინი სხვა საეჭვო მახასიათებლებით გამოირჩევიან. არაავთენტურ ანგარიშებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ უმეტესი მათგანის პროფილის  ფოტოების განთავსების რო ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, პროფილის საეჭვოობის ინდიკატორებს ისიც ემატება, რომ ანგარიშებს, ძირითადად, 2-3 ფოტო უდევთ, რომლებიც, უმეტესად, ერთსა და იმავე დღეს აქვთ გამოქვეყნებული და მათი ინტერაქციები მცირეა.

 

აღმოჩენილი ანგარიშებიდან ნაწილის შემთხვევაში ფეისბუქზე მითითებულია, რომ პროფილი ახალი შექმნილია (New Facebook Account), რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს პროფილის საგანგებოდ კამპანიის საწარმოებლად შექმნაზე.

ახლადშექმნილი არაავთენტური ანგარიშები

 

არაავთენტური ანგარიშების მოქმედების ტაქტიკა 

არაავთენტური ანგარიშები ცესკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებზე აქტიურად წერენ კომენტარებს. თითოეულ პოსტზე რამდენიმე არაავთენტური ანგარიში მრავალჯერ აკომენტარებს, კომენტარების შინაარსი კი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა სიტყვათწყობა გარკვეულწილად შეცვლილია.

 

შენიშვნა: მასალაში მოცემული კომენტარების ამსახველ ფოტოებზე წითლად ის კომენტარებია შემოხაზული, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დადასტურებულ ყალბ ანგარიშებს ეკუთვნით.



არაავთენტური ანგარიშების მიერ დაწერილი იდენტური შინაარსის კომენტარები

 

არაავთენტური ანგარიშების მიერ აღნიშნული ტაქტიკა აქტიურად გამოიყენება ანონიმურ გავლენის ოპერაციებში. კონკრეტულ პოსტზე სხვადასხვა ანგარიშის მიერ ერთი და იმავე აზრის დაფიქსირებამ სოციალური მედიის მომხმარებელში, შესაძლოა, გააჩინოს აღქმა, რომ საზოგადოების უმეტესობა ასე ფიქრობს. ეს ფსიქოლოგიური მოვლენა Bandwagon Effect-ის სახელითაა ცნობილი, როდესაც განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები აზრს საჯაროდ აღარ აფიქსირებენ, რადგან სოციალური მიუღებლობისა და ჩაგვრის ეშინიათ. 

იდენტური კომენტარების წერის პარალელურად, ყალბი და საეჭვო ანგარიშები ინტერაქციაშიც შედიან იმ ფეისბუქმომხმარებლებთან, რომლებიც ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან კითხვებს სვამენ. მათი მიზანი ამ კრიტიკის არასერიოზულად წარმოჩენა და ცესკოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. ცალკეულ შემთხვევებში არაავთენტური ანგარიშები ფეისბუქმომხმარებლებს შეურაცხმყოფელი კომენტარებითაც პასუხობენ.




არაავთენტური ანგარიშების მხრიდან კრიტიკული კომენტარების მქონე ფეისბუქმომხმარებლებთან ინტერაქციის მაგალითები

 

არაავთენტური ანგარიშების მიერ გავრცელებული გზავნილები

გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებში არაავთენტური ანგარიშები ცესკოს მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აწარმოებენ. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ არჩევნები ობიექტურად და ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ცესკომ მაღალი სტანდარტით იმუშავა. აქტიურად ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მხარდამჭერი კომენტარები. ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამართული იყო, ხოლო ხმის ფარულობა - დაცული. კომენტარებში ხაზგასმულია, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიებმა დადებითად შეაფასეს.











კომენტარების დიდი ნაწილის მიზანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, უმეტესად, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დისკრედიტაცია და მათი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება. არაავთენტური ანგარიშების ნაწილი მოითხოვ სადამკვირვებლო ორგანიზაციების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ნაწილი კი მათ ტყუილსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებ. კომენტარებში, ამასთანავე, ანტიდასავლური, მათ შორის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საწინააღმდეგო გზავნილებიც ვრცელდება. დასავლეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოსყიდვასა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე განზრახ ნეგატიური სურათის შექმნაშია დადანაშაულებული.

 








 

სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად, არაავთენტური ანგარიშები კომენტარებს ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგოდაც წერენ. ოპოზიციას ადანაშაულებენ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში. კომენტარებში აღნიშნულია, რომ ოპოზიციას დამარცხების აღიარება არ სურს. არაავთენტური ანგარიშები, პროსახელისუფლებო აქტორების მსგავსად, დისკრედიტაციის მიზნით, ოპოზიციას „უსამშობლოებად“ მოიხსენიებენ.







 

არაავთენტური ანგარიშების შესაძლო კავშირები

 

საყურადღებოა, რომ არაავთენტური ანგარიშების ნაწილი - კერძოდ, 3 ანგარიში, აქტიურად აზიარებს ფეისბუქზე მოქმედი გვერდის - სახელწოდებით „ფაქტები და არჩევანი“ - პოსტებს, ანგარიშების ნაწილი კი პოსტებზე ინტერაქციაში შედის. გვერდი 2024 წლის 27 აგვისტოს შეიქმნა და 25 სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო პოსტების დარეკლამება. გვერდზე პროსახელისუფლებო აქტორების, მათ შორის, ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების, „ხალხის ძალისა“ და მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებები ვრცელდება. განცხადებები პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და სამოქალაქო ორგანიზაციების საწინააღმდეგო შინაარსისაა. 

ცხრილი. ანგარიშები, რომლებიც გვერდის „ფაქტები და არჩევანი“ პოსტებს აზიარებენ

 

ამასთანავე, გვერდზე „ფაქტები და არჩევანი“ აქტიურად ქვეყნდება პროსახელისუფლებო გზავნილების გამავრცელებელი ექსპერტად პოზიციონირებადი პირის, დავით ჩიხელიძის, მოსაზრებები, რომელიც გვერდის პოსტებს აზიარებს. ჩიხელიძე ფეისბუქზე აქტიურად ავრცელებს სამოქალაქო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელ გზავნილებს. ღსანიშნავია, რომ ცესკოს პოსტებზე არაავთენტური ანგარიშები კომენტარებში ჩიხელიძესთან ინტერაქციაში შედიან და პასუხობენ იმ მომხმარებლებს, რომლებიც პროსახელისუფლებო ექსპერტს უწერენ კომენტარს. არაავთენტური ანგარიშების ნაწილს ჩიხელიძე მეგობრებში ჰყავს დამატებული.

 

ცხრილი. ანგარიშები, რომლებსაც დავით ჩიხელიძე მეგობრებში ჰყავთ 

 

შეჯამება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე საეჭვო და ყალბი ანგარიშების მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით წარმართული არაავთენტური ქმედებები საინფორმაციო სივრცისთვის პრობლემურია. Meta, რომელიც ფეისბუქისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიაა, საკუთარ პლატფორმებზე კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას კრძალავს. აღნიშნული საინფორმაციო ოპერაცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კომისიის ფეისბუქგვერდის გამომწერებისა და ფეისბუქის სხვა აუდიტორიის განსხვავებული აზრის ჩახშობასა და გადაფარვას, მეორე მხრივ კი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებების დისკრედიტაციასა და გაუფასურებას.

 

 

1 ISFED, 2020. News-Front-ი არაავთენტური ანგარიშების წარსული: ჩართულობა საპენსიო სააგენტოსა და ცესკოს მხარდამჭერ კამპანიებში.

https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/News-Front-is-araavtenturi-angarishebis-tsarsuli-chartuloba-tsekos-da-sapensio-saagentos-mkhardamcher-kampaniebshi  

 

 

დანართი. ცესკოს ფეისბუქგვერდზე პოლიტიკურ კამპანიაში ჩართული ყალბი და საეჭვო ანგარიშები