ვაკანსიები

აღმასრულებელი დირექტორი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) არის დამოუკიდებელი, უპარტიო, მიუკერძოებელი, წევრობაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1995 წელს.

„სამართლიანი არჩევნების“ მისიაა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა, ხელისუფლების კონტროლის, მისი ანგარიშვალდებულების გაზრდის, მოქალაქეთა ინფორმირებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის გზით. 

ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება, არჩევნებზე დაკვირვების, სიღრმისეული კვლევების, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებისა და ამომრჩეველთა განათლების გზით; მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, იურიდიული დახმარების პროგრამის მეშვეობით; დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით; ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მოქმედი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, „სამართლიანი არჩევნები“ წესდების შესაბამისად, აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე და ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ კანდიდატს, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას წარუძღვება. აღმასრულებელი დირექტორი ინიშნება ორგანიზაციის გამგეობის წევრების მიერ ერთი წლის ვადით და ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე. გამგეობა უფლებამოსილია, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნოს ერთი და იგივე პირი ზედიზედ 4 ვადით.

აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მართვაზე. მან უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულება, ასევე, პროგრამებისთვის შესაბამისი დაფინანსების წყაროების მოძიება, დაინტერესებულ მხარეებთან სანდო სამუშაო ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამსახურის სავარაუდო დაწყების თარიღი: მაისი, 2025 წელი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელმძღვანელობს ორგანიზაციას მიზნებისა და სტრატეგიის შესაბამისად;
  • პასუხისმგებელია ორგანიზაციის მართვაზე;
  • წარმართავს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას;
  • ხელმძღვანელობს (კოორდინაციას უწევს) „სამართლიანი არჩევნების“ პროგრამებს;
  • ხელმძღვანელობს ორგანიზაციის თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ სამუშაო აღწერილობებს, უწევს ზედამხედველობასა და აწარმოებს შეფასებას, უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამშრომელთა უფლებამოსილებების დელეგირებას და საქმიანობის გამჭვირვალობას;
  • კოორდინაციას უწევს რეგიონული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
  • წარმოადგენს ორგანიზაციას სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, დონორებთან, მედიასა და საზოგადოებასთან;
  • განაგებს ორგანიზაციის ქონებას და პასუხისმგებელია მის მიზნობრივ გამოყენებაზე;
  • ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტაციას;
  • გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, რომელიც სავალდებულოა ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისთვის;
  • წარუდგენს საერთო კრებას ყოველწლიურად, ორგანიზაციის სამუშაო გეგმებს და ანგარიშებს მათი შესრულების შესახებ;
  • წარუდგენს გამგეობას კვარტალში ერთხელ, ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
  • ასრულებს ორგანიზაციის წესდებით და გამგეობის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის მართვის, სამართალმცოდნეობის მიმართულებით (აუცილებელია მაგისტრის ხარისხი);
  • დემოკრატიის, არჩევნების, ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5 წლიანი გამოცდილება;
  • სულ მცირე, 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე - უპირატესობა მიენიჭება არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • საქართველოს საარჩევნო გარემოს, საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებისა და გამოცდილების კარგი ცოდნა;
  • საქართველოს პოლიტიკური კონტექსტის ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;
  • ფონდების მოძიებისა და საპროექტო წინადადებების წერის უნარები;
  • მედიასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების უნარები;
  • საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ, სამუშაო მიზნებისთვის მოგზაურობის შესაძლებლობა;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული და იგი არ უნდა იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან;
  • დემოკრატიული ღირებულებების რწმენა.

  

განაცხადის წარდგენის პროცესი: 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ: 

  • რეზიუმე (CV);
  • სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • „სამართლიანი არჩევნების“ სტრატეგიული განვითარების ხედვა, რომელშიც აღწერილი იქნება ორგანიზაციის შესაძლო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეულის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.

 

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge. სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10 აპრილი, 18:00 საათი. არასრული და/ან დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ჩაატარებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაციის გამგეობა.