Bidzina Ivanishvili & Media-დან Gakharia & Media-მდე
22 მარტს, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით ცნობილმა გვერდმა “Bidzina ivanishvili & media”, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოზიტიური პოსტი გამოაქვეყნა. სოციალურ მედიაში გამოხმაურებების შემდეგ გვერდმა 23 მარტს სახელწოდება შეიცვალა და ამჟამად “Gakharia & Media” ჰქვია. აღნიშული ფეისბუქ გვერდი 2011 წლის 9 ოქტომბრიდან მოყოლებული ემსახურებოდა პარტია “ქართული ოცნების”, მისი წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის პოპულარიზაციას. გვერდზე ქვეყნდებოდა არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერი ან მისი აქტივობის ამსახველი პოსტები, არამედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ სიახლეეებიც და ფაქტობრივად ანონიმურად ითავსებდა ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციასაც. ამჟამად, გვერდს 97 770 გამომწერი ჰყავს (23 მარტის მონაცემი). ფეისბუქ-გვერდი „Bidzina Ivanishvili & Media” 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. CrowdTangle-ის მონაცემებით, Შექმნის დღიდან გვერდმა სულ 5,631 პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ჯამში 2,041,736 ინტერაქცია (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება) ჰქონდა.
-----
-----
გაბრიელ წულაია საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2013 წლიდან 2015 წლამდე წულაიას საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2015 წელს იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2017 წლის დეკემბერში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა.
-----
გაბრიელ წულაიას სამუშაო გამოცდილება Linkdin პროფილიდან |
-----
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს “ქართული ოცნების" სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო. Სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პ/გ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით გაბრიელ წულაიამ შექმნა აპლიკაცია “რა გაკეთდა სამეგრელოში” რომელიც გათვლილია საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის მთავრობის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. Აღნიშნული აპლიკაცია სავარაუდოდ, ეხმიანება ფეისბქ გვერდს “ეს კეთდება სამეგრელოში”, რომელზეც დასპონსრებული პოსტების გადამხდელად “ქართული ოცნება” არის მითითებული.
საგულისხმოა, რომ გვერდი “Bidzina ivanishvili & media” 2019 წლის დეკემბერში დროებით, სავარაუდოდ ადმინისტრატორების დივერსიფიცირების მიზნით ფეისბუქზე მიუწვდომელი გახდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ფეისბუქმა საქართველოში პარტია “ქართულ ოცნებასთან” კავშირში მყოფი ანგარიშების ქსელი პლატფორმიდან წაშალა. ამჟამად გვერდს ერთი ადმინისტრატორი მართავს, თუმცა 2019 წლის დეკემბრამდე გვერდს 19 ადმინისტრატორი ჰყავდა. გვერდის ადმინისტრატორის ვინაობასთან დაკავშირებით ფეისბუქზე ორი საჯარო კომენტარი იძებნება. ორივე კომენტარი დაწერილია გვერდის მიერ, საკუთარ პოსტზე მომხმარებლებთან ინტერაქციის რეჟიმში, 2011 წლის 10 და 12 ოქტომბერს, გვერდის შექმნის მომდევნო დღეებში.
-----
გვერდზე კომენტარის განთავსების თარიღი: 10.10.2011
გვერდზე კომენტარის განთავსების თარიღი: 12.10.2011
-----
გვერდის ამჟამინდელ აღწერილობაში მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც აერთიანებს სიახლეებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, ასევე, ბიზნესის, ეკონომიკისა და პოლიტიკის შემუშავების შესახებ. მითითებულია კომპანიის სახელწოდება „Holon“ და ვებსაიტი მისამართით: www.holon.ge. საიტი ამჟამად არ არის აქტიური. თუმცა, ფეისბუქზე ანალოგური სახელით და გვერდის აღწერილობით იძებნება გვერდი “Holon - Business & Technology”.
-----
-----
-----
Საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შპს “ჰოლონის” 100%-იანი წილის მფლობელია ირაკლი წულაია, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ბიზნეს ქრონიკის“ ავტორი და წამყვანი. ფეისბუქ გვერდ Holon - Business & Technology - ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირებულია და გადამხდელის ვინაობის შესახებ გრაფაში ირაკლი წულაია არის მითითებული.
-----
-----
-----
გვერდების საერთო მახასიათებლების გარდა, აღსანიშნავია, რომ გვერდი “Bidzina Ivanishvili & Media” ხშირად აქვეყნებდა ირაკლი წულაიას შეფასებებს და აზიარებდა სიახლეებს მისი გადაცემიდან.
-----
-----
ირაკლი წულაიას გაბრიელ წულაიასთან, ნათესაურთან ერთად, ბიზნესკავშირიც ჰქონდა. 2013-2017 წლებში გაბრიელ წულაია კომპანია “ბლექ ენდ ვაით სოლუშენს”-ში დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი წულაია კი აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. 2013 წელს კომპანიამ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ინტერნეტმომსახურება გაუწია. Ხელშეკრულება პროკურატურისთვის ვებ-გვერდის შექმნასა და საიტისა და სოციალური ქსელების მართვის ერთი თვის მომსახურებას ითვალისწინებდა.
აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო უწყებები მკვეთრად არ არიან გამიჯნული მმართველი პოლიტიკური პარტიის, “ქართული ოცნების”, საინფორმაციო კამპანიებისგან და საჯარო რესურსები, რომლებიც გარე თუ შიდა დეზინფორმაციული გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს მიმართული, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენებოდეს.
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სოციალური მედიის მონიტორინგის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მეშვეობით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიცია