ბლოგი

ბათუმის საკრებულო შუალედური არჩევნების შემდეგ - პრობლემა და პერსპექტივა

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის1 საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, მათ შორის, ბათუმში. მუნიციპალიტეტების ნაწილში, წევრთა უმრავლესობა ჯამურად ოპოზიციურ პარტიებს ჰყავთ, თუმცა, ნაწილში, სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების კონტროლქვეშ,  ფაქტობრივად, თანაბარი რაოდენობის მანდატი აღმოჩნდა.  

თვითმმართველი ერთეულების ნაწილში, ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ოპოზიციური უმრავლესობა შეიქმნა და საკრებულოებმა მუშაობა დაიწყეს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა ბათუმის შემთხვევაში.   

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო 35 წევრისაგან შედგება. 2021 წლის არჩევნების შედეგად, ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა. საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“  – 16, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ – 15, „გახარია საქართველოსთვის“ – 3, „ლელო საქართველოსთვის“ – 1. ამდენად,  არჩევნების შედეგად, ძალთა თანაფარდობა 16-19 დადგა, ოპოზიციის სასარგებლოდ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მაჟორიტარ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების2 შემდეგ, საკრებულოში 34 წევრი დარჩა, ხოლო ოპოზიციას ერთი ხმა დააკლდა. ასევე, ,,გახარია საქართველოსთვის“ ერთმა წარმომადგენელმა პარტია დატოვა, რადგან, მისი თქმით, მისთვის „კატეგორიულად მიუღებელი იყო ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი.“3 იგი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს საკრებულოში ყოფნას. ეს უკანასკნელი მმართველი პარტიის მხარეს მოიაზრება, არ მონაწილეობს ოპოზიციის მიერ მოწვეულ სხდომებში და არ ეხმარება მათ კვორუმის მოგროვებაში. შესაბამისად, პოლიტიკურ ძალთა ბალანსი 17-17-ით შეიცვალა.  

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, შეიკრიბოს და საკითხები განიხილოს, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამდენად, სხდომის გასახსნელად მინიმუმ 18 წევრის შეკრებაა საჭირო. შექმნილი პოლიტიკური კონფიგურაციის გათვალისწინებით, კვორუმის უზრუნველყოფისთვის არ იყო საკმარისი რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა. დაპირისპირების ფონზე, სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებდნენ ერთმანეთისთვის კვორუმი შეევსოთ. პირველ სხდომას არ ესწრებოდნენ „საქართველოსთვის“ წევრები, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს; ენმ-ს მიერ მოწვეულ სხდომებს არ დაესწრნენ „ქართული ოცნების“ წევრები. ვერ მოხერხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაც. 

საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის თანახმად,4 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი დანაკლისის შესავსებად, 2022 წლის 2 აპრილს, ბათუმში, შუალედური არჩევნები გაიმართა.5 ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმით, რომ მის შედეგზე იყო დამოკიდებული, საკრებულოში უმრავლესობის ფლობა. 

შუალედურ არჩევნებში, მმართველი პარტიის მხრიდან მაქსიმალური მობილიზებისა და ქართული არჩევნების დამახასიათებელი გამოწვევების ფონზე, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა6 და, შესაბამისად, მმართველმა პარტიამ საკრებულოში კიდევ ერთი მანდატი მიიღო, რასაც მისთვის უმრავლესობა უნდა უზრუნველეყო. თუმცა, შეიქმნა კაზუსური სიტუაცია ახალარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით.  

2022 წლის 12 აპრილს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”  წევრებმა საკრებულოს სხდომა მოიწვიეს, რათა ახალი წევრის უფლებამოსილება ეცნოთ. ოპოზიცია არ გამოცხადდა და, კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ვერ გაიხსნა.7  

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო წყვეტს მისი წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.8 იმავეს იმეორებს ბათუმის საკრებულოს რეგლამენტიც - საკრებულოს არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს კომპეტენციაა.9

საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობამდე, ახალარჩეული წევრი  საკრებულოში მუშაობას ვერ დაიწყებს. რეგლამენტის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.  

ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ, შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე. 

რეგლამენტის 51-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. რადგან სხდომის გასახსნელად საჭირო კვორუმის შესადგენად უფლებამოსილებაცნობილი წევრების უმრავლესობა არცერთ მხარეს არ ჰყავს, ხოლო ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობისათვის საკრებულოს სხდომის გამართვაა საჭირო, ჩიხური სიტუაცია იქმნება.  

რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ სიტუაციაში კი გადაწყვეტილების მიღება საერთოდ ვერ ხერხდება.  

ამასთან, საყურადღებოა, რომ კვორუმის შეუმდგარობა შეუძლებელს ხდის სხდომის გახსნას და საკრებულოს მუშაობის პარალიზებას ახდენს. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” არეგულირებს თვითმმართველ ერთეულებში გაჭიანურებული კრიზისის გადაწყვეტის გზებს. კანონი განსაზღვრავს საკრებულოში კვორუმის შეუმდგარობის შედეგს, კერძოდ: თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, მას  უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.10 საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, შეიძლება შემოღებულ იქნას პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა,11 რომელიც გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები − მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე.12

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე ვადით.13 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს რიგგარეშე არჩევნები იმართება. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში.14 რიგგარეშე არჩევნებში საკრებულო აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბათუმის საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს შეკრებას, საქართველოს მთავრობა მიიღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.15

2021 წელს არჩეული ბათუმის საკრებულოს პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა. ამის შემდეგ, სხდომის გასახსნელად საჭირო კვორუმი არ შემდგარა. შესაბამისად, თუ 3 ივნისამდე არ გაიმართა საკრებულოს ერთი სხდომა მაინც, მას უფლებამოსილება შეუწყდება და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.  

შუალედური არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, ოპოზიციის სხდომაზე გამოუცხადებლობამ სახელისუფლო პარტიასთან დაპირისპირება გაამწვავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის, მოღალატეების ფრთის-ომის პარტიის “ადგილი არ არის არც საკრებულოში, არც უმაღლეს საბჭოში. მათი ადგილი კარგ შემთხვევაში არის ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში ციხეში.” თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები შევლენ საკრებულოში, ისევე, როგორც უმაღლეს საბჭოში შევიდნენ და საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას.16

საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით არსებულ პრობლემებსა და თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო გამარჯვების მიმართ ხელისუფლების არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე, “სამართლიანი არჩევნები” ოპოზიციური უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტების საკრებულოების მუშაობაზე დაკვირვების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშიც17 მიუთითებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ჯერ კიდევ არაა აღქმული თავისი კომპეტენციის სფეროში დამოუკიდებლად მოქმედ სუბიექტებად, ხელისუფლება ვერტიკალურად გადანაწილებული არ არის და, შესაბამისად, თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივ გაგრძელებად მიიჩნევა. სწორედ ამის გამოხატულება იყო, ბათუმის შუალედური არჩევნებისათვის “ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციული და სხვა რესურსის მასშტაბური მობილიზაცია, აუცილებელი გამარჯვების მისაღწევად, რათა ბათუმის საკრებულო ოპოზიციური არ გამხდარიყო.  

შექმნილი ჩიხური სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულმა სახელმწიფომ, პოლიტსპექტრმა და საზოგადოებამ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ნამდვილი თვითმმართველობის მისაღწევად დიდი გზა უნდა გაიაროს. 

 

 


 

1. თვითმმართველი ქალაქები - რუსთავი და ბათუმი, თვითმმართველი თემები - ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა.  

2. “ "ნაციონალური მოძრაობა" მისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს“ - https://www.radiotavisupleba.ge/a/31576612.html   

3. „გახარიას პარტია დატოვა ბათუმის საკრებულოს წევრად არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ“ - https://www.radiotavisupleba.ge/a/31534997.html  

4. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხ.: 154.3 - https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=72  

5. ცესკოს განკარგულება - „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ“ - https://bit.ly/3NDDA4P  

6.  ცესკო - ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა - https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11031003-batumis-saolko-saarchevno-komisiam-sakrebulos-2022-tslis-2-aprilis-shualeduri-archevnebis-shedegebi-sheajama  

7. ბათუმის საკრებულოს განცხადება - https://www.facebook.com/BATUMIMUNICIPALITYCITYCOUNCIL/posts/289146656728770  

8. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხ.: 24.1.ბ.გ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429?publication=61  

9. ქალაქ   ბათუმის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის #34 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“, მუხ.: 4.3.ე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/2513057?publication=10  

10. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხ.: 142.1.გ  

11. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხ. 143 

12. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხ.: 145.1 

13. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხ.: 145.2  

14. საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხ.: 1541.2 - https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=72  

15. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუხ.: 142.2 

16. თორნიკე რიჟვაძე: ''ოპოზიციის ადგილი არის კარგ შემთხვევაში ქუჩაში''” - https://ajaratv.ge/article/94869?fbclid=IwAR1_gLh1Me6fcA5c1gutpQxGd0dRuPABELwpqElYtavoq8LFwlo1myayIo4

17.“სამართლიანი არჩევნები”, “ოპოზიციური უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტების საკრებულოების მუშაობის დაკვირვება” - https://isfed.ge/geo/angarishebi/opozitsiuri-umravlesobis-mqone-munitsipalitetebis-sakrebuloebis-mushaobaze-dakvirveba