ბლოგი

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი კამპანიის დისკრედიტაციის მორიგი კოორდინირებული მცდელობა

მთავრობის კანცელარიასთან თვეზე მეტია დიუშენის სინდრომის  (DMD) მქონე ბავშვთა მშობლების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი სახელმწიფოსგან თანამედროვე მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითხოვენ. პროტესტის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პრეპარატების საქართველოში შემოტანას არ აპირებს. მინისტრის თქმით, წამლები, რომელზე წვდომასაც მშობლები ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ხოლო მათი ფუნქცია არ არის სიცოცხლის გახანგრძლივება. მედიკამენტების ეფექტურობაზე კითხვები აქვს ირაკლი კობახიძესაც, მისი თქმით, „ხალხის ფული“ არ უნდა მოხმარდეს „ფარმაცევტულ მაფიას“.   
 
20 მაისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად და მათი საჭიროებებისთვის თანხის შესაგროვებლად სტუდენტურმა მოძრაობამ „დაიცავი ილიაუნი“ მარათონი დაიწყო. უწყვეტი პირდაპირი ეთერის საშუალებით, ისინი დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. მარათონი 7 საათზე დაიწყო და ამ დროისთვის (24.05.2026) მილიონნახევარ ლარზე მეტი შეგროვდა. მარათონი სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიაში გადაიზარდა და მასში არაერთი ბიზნესი და მეწარმე ჩაერთო, რომლებიც მიღებული შემოსავლის ნაწილს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ ფონდში გადარიცხავენ. ფონდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა მრევლს წმინდა სინოდის ორმა წევრმაც, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა.  
 
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვთა მშობლების პროტესტი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული კამპანიის მუდმივი სამიზნეა. „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, თავდაპირველად პროპაგანდისტული და ცრუ მედია გვერდები იდენტური სტატიებით, ასევე, ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების ციტირებით, ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ მკურნალობა სახიფათო და არაფექტიანი იქნება. „მითების დეტექტორის“ გამოძიებით, კამპანიაში ჩართული იყვნენ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ტროლებიც.  
 
სტუდენტების მიერ დაავადებული ბავშვებისთვის თანხის შესაგროვებლად 20 მაისს დაწყებულ მარათონს დისკრედიტაციის კამპანიის მორიგი ტალღა მოჰყვა.  
 
23 მაისს „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს გერმანიაში მცხოვრები ექიმის, იაგო ფრანგიშვილის, ფეისბუქსტატუსი, რომლის მიხედვითაც, მშობლების მიერ მოთხოვნილი წამლები „გახლავთ საცდელი წამალი არა სამკურნალოდ, არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას“. ექიმის სტატუსი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ეკოსისტემაში შემავალმა თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ იდენტური ტექსტით გაავრცელა.  

ექიმ გიორგი ფრანგიშვილთან ერთად, დიუშენის დაავადების სამკურნალო პრეპარატის წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოყენებული იქნა ექიმ გიორგი ფხაკაძის სტატუსიც, რომელიც ასევე აქტიურად გავრცელდა პროპაგანდისტული მედიის გვერდებზე.

პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე, მედიკამენტებთან ერთად, „დაიცავი ილიაუნის“ წარმომადგენლებიც გახდნენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და პარტიასთან დაკავშირებულმა ექსპერტებად პოზიციონირებადმა პირებმა ისინი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ კავშირსა და დაავადებული ბავშვებით მანიპულაციაში დაადანაშაულეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფს და მათ საზოგადოების ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ. კამპანიაში ის პირები იყვნენ ჩართული, რომლებიც საზოგადოებისთვის სენსიტიური მსგავსი თემების შესახებ პროპაგანდისტულ გზავნილებს კოორდინირებულად ავრცელებს და ეს ტაქტიკა არაერთხელ არის გამოყენებული.

 

დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართული იყო ულტრამემარჯვენე პრორუსული მოძრაობა „ქართული მარშის“ ყოფილი წევრი - ლადო სადღობელაშვილიც, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სტატუსებს აქვეყნებს.

„დაიცავი ილიაუნის“ წევრებს პარტია „ახალის“ მიერ „კურირებული“ უწოდა შაკო კუჭაშვილმა, რომლის ციტატაც პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა, კუჭაშვილის მიერ მართულმა ფეისბუქგვერდმა „უსტარი“ კი პოსტი დაასპონსორა. გვერდმა 2 რეკლამა გამოაქვეყნა სტუდენტური მოძრაობის წევრის, დავით მშვენიერაძის, დისკრედიტაციის მიზნით.

 

24 მაისს „დაიცავი ილიაუნის“ დისკრედიტაციის კამპანია პროპაგანდისტული „იმედის“ ეთერში გაგრძელდა. გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ, საკუთარ მონოლოგში საქველმოქმედო მარათონს მძიმე საყურებელი უწოდა: „ყურება იმისა, თუ როგორ სპეკულირებენ კონკრეტული ჯგუფები ბავშვების დიაგნოზით მათი შიშებისა და დაბნეულობის გამოყენებით, უმძიმესია. მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ ქმედება, ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა, მშობლების დაცინვა და პაციენტებზე ფსიქოლოგიური ტერორიც კი. როდესაც ყველანაირი მორალური წინააღმდეგობის გარეშე სხვისი ტკივილით, პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობ, იქ მთავრდება ყველაფერი ადამიანური.”  


აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული აქტორების მტკიცების მიუხედავად, თითქოს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პირებს ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფს, მშობლები განსხვავებულ რეალობაზე საუბრობენ. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 21 წლის ბექა შონია ყვებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უარის შემდეგ, მის ოჯახს მოუწია საერთო საცხოვრებელში ოთახის გაყიდვა, რათა მისთვის სასუნთქი აპარატი შეეძინა. ის 5 წელი ვერც სახლიდან გასვლას ახერხებდა, რადგან კორპუსი არ არის ადაპტირებული.