ბლოგი

რა გავლენა შეიძლება იქონიოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე - ევროპარლამენტარების მოსაზრებები

ავტორი: ირინა მამულაშვილი

29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო[1], რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემით გაიმართება. ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 120 დეპუტატი პროპორციული სიით, 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში აირჩევა, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით. სიახლეს წარმოადგენს ასევე ის, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას.

საარჩევნო სისტემის ცვლილება ასახავს საქართველოს მოსახლეობის სურვილს- იცხოვრონ უფრო დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში. საარჩევნო სისტემის ცვლილება საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად ასახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ წარმომადგენლობითი და პლურალისტური პარლამენტის ჩამოყალიბებასა და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

სამართლიანი საარჩევნო გარემო და არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საქართველოს შემდგომი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, ვინაიდან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროკავშირის ღირებულებებს შორის, ფუნდამენტური ადგილი უკავია.

ევროკავშირი მუდმივად თვალს ადევნებს და ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებს აქტიურად ეხმიანებიან ევროპარლამენტის წევრები. ისინი საქართველოს მიმართ სხვადასხვა დროს სხვადასხვა რიტორიკით გამოირჩევიან ხოლმე- ქვეყნის მიერ რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციას მუდმივად მხარს უჭერენ და დადებითად აფასებენ, ხოლო დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროკავშირის სხვა ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე მკაცრ რეაგირებას ახდენენ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ გავლენიანი ევროპარლამენტარები 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებზე და როგორ აფასებენ მის მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციის პერსპექტივისთვის. ამის გასარკვევად „სამართლიანი არჩევნები“ ევროპარლამენტის იმ წევრებს გაესაუბრა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. ევროპარლამენტარები საქართველოს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მიესალმებიან, განვითარების შესაძლო სცენარებზე საუბრობენ და ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევებს ასახელებენ.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, რომელიც გერმანელი პოლიტიკოსი და  მწვანეები/თავისუფალი ევროპული გაერთიანების (Greens) წევრია, მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტურია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, ისე თავად ქვეყნის საშინაო განვითარებისათვის. ასევე ევროპარლამენტარი მწვანეები/თავისუფალი ევროპული გაერთიანებიდან (Greens), მარკეტა გრეგოროვა, აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა იცხოვრონ უფრო სტაბილურ და დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყანაში, ასევე ევროკავშირისთვის, რათა დაინახოს რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. ანდრიუს კუბილიუსი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის, საჭიროა ქვეყანამ ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები დაიცვას, როგორიც, პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა -„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შესაძლებლობას აძლევს საქართველოს დაუმტკიცოს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ ქვეყანა მზადაა ინტეგრაციისათვის“.

ევროპარლამენტარებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამიტის ჭრილშიც განიხილეს. მათი მოსაზრებით, შესაძლოა სწორედ საპარლამენტო არჩევნებმა განსაზღვროს 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიღებს თუ არა ქვეყანა ამბიციურ პოლიტიკის ჩარჩოს ევროკავშირის მხრიდან და იქნება თუ არა შემოთავაზებული სამი ასოცირებული ქვეყნისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) დიფერენცირებული მიდგომა. ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა რესურსი გააჩნია, რათა მიიღოს ევროკავშირისგან ამბიციური პოლიტიკა 2021 წლის სამიტზე. ამის დასტურად ევროპარლამენტარი იხსენებს ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) ექსპერტის, მაიკლ ემერსონის, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების 2018 წლის შეფასებებს[2] იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ქვეყანა არის უკეთ მომზადებული ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის. როგორც ირკვევა, აღნიშნულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. ლიეტუველი ევროპარლამენტარის თქმით: „სწორედ ეს არჩევნები მისცემს შესაძლებლობას საქართველოს დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ევროკავშირისგან პერსპექტივის არსებობას, თუმცა, მანამდე, აუცილებელია საქართველომ აჩვენოს პროგრესი არჩევნების, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართულებით“.

დამატებით, ევროპარლამენტის წევრებმა ისაუბრეს საარჩევნო პროცესში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სცენარების შესაძლო განვითარებაზე. ვიოლა ფონ კრამონი და მარკეტა გრეგოროვა მიიჩნევენ, რომ თუკი არჩევნებზე მნიშვნელოვან დარღვევას ექნება ადგილი, საქართველო დაკარგავს „მოწინავე ქვეყნის“ სტატუსს, გაჩნდება უნდობლობა ევროკავშირის მხრიდან და ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში იქნება მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანად განხილული: „დარღვევების არსებობის შემთხვევაში ევროკავშირისგან საქართველო ამბიციურ პოლიტიკას ვერ მიიღებს და შესაძლოა კავშირმა საქართველო განიხილოს იმ ქვეყნების გვერდით, როგორიც აზერბაიჯანი, ბელარუსი და სომხეთია“ - აცხადებს გრეგოროვა. ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მუშაობს შემდეგი პრინციპებით: „მეტი მეტისთვის“ და „ნაკლები ნაკლებისთვის“ - თუ ქვეყანა უზრუნველყოფს დემოკრატიის ხარისხისა  და ეკონომიკის  განვითარებას, ამასთან, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ევროკავშირის მხრიდან ამბიციურ შეთავაზებებს მიიღებს, ხოლო თუ ქვეყანა აჩვენებს რეგრესს აღნიშნული კუთხით, მაშინ ის მხოლოდ დარგობრივი ინტეგრაციის ჭრილში იქნება განხილული.

ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე, განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობა და მათი გავლენა საქართველოს ევროპულ მომავალზე. სამივე ევროპარლამენტარის მოსაზრებით, საკონსტიტუციო ცვლილება უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, სამართლიან საარჩევნო სისტემასა და მრავალპარტიულობას საკანონმდებლო ორგანოში, რაც საქართველოს ევროპული ღირებულებების სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები აღნიშნულ ცვლილებას დადებითად აფასებენ, ქვეყნისთვის  საუკეთსო ვარიანტად მაინც არ მიიჩნევენ. კერძოდ, ვიოლა ფონ კრამონიიხსენებს „ქართული ოცნების“ თავდაპირველ პირობას, რომ მზად იყვნენ გადასულიყვნენ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა, მისი თქმით, მმართველმა გუნდმა შეიცვალა აზრი და მხოლოდ ოპოზიციისა და საზოგადოების ხანგრძლივი პროტესტისა და  საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირების შემდეგ დათანხმდა კომპრომისს და შედეგად მივიღეთ არა სრულად პროპორციული, არამედ 120/30 საარჩევნო სისტემა - „ეს არ არის ის, რასაც ვითხოვდით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ევროკავშირისთვის დაინახოს საქართველოს პროგრესი, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიიღონ გაცილებით თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო სისტემა“.

ევროპარლამენტარები არჩევნებთან დაკავშირებულ უმთავრეს გამოწვევებად საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მცდელობას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა სახის ფინანსური სარგებლის შეთავაზებასა და ოპოზიციურ მედიაზე ზეწოლას ასახელებენ. დამატებით, ვიოლა ფონ კრამონი რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს: „ვფიქრობ, რომ მაშინ, როცა რუსეთის ქმედებები სცდება ქვეყნის შიდა პოლიტიკას და ტერიტორიული მთლიანობის იდეის რღვევას გულისხმობს, საჭიროა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს მხრიდან უფრო აქტიურად ხდებოდეს აღნიშნული საკითხის გაჟღერება და საერთაშორისო საზოგადოება მეტად ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში“.

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მარკეტა გრეგოროვა დეზინფორმაციულ კამპანიებს ასახელებს, რომლებსაც, უმეტესწილად, რუსეთსა და ჩინეთს უკავშირებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობამ ნამდვილი ამბების გაშუქებით უნდა უზრუნველყოს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია არჩევნებზე, ხმის მიცემაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და მათ საარჩევნო პროგრამებზე, ამასთან, აღნიშნავს: „ოპოზიცია ისევ უნდა იყოს ერთმანეთის მოწინააღმდეგე იდეოლოგიურ ჭრილში, თუმცა უნდა იმუშაონ ერთად და უზრუნველყონ, რომ მათი მოქალაქეები არ გახდნენ მანიპულირების ობიექტები სხვადასხვა შიდა თუ გარე სუბიექტების მხრიდან“.

ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ზოგადად, მმართველი პარტიების მხრიდან მუდმივად არსებობს სურვილი კვლავაც დარჩეს ქვეყნის სათავეში, ამიტომაც, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ გაიაზროს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - „საქართველოს ისტორიაში 10-20 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება ვინ რამდენი ხმა აიღო არჩევნებზე, მაგრამ ყველა დაინახავს სად და როგორი სახით იქნება ქვეყანა ჩამოყალიბებული, ამიტომ, სწორედ ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ევროპული მომავლის შენებაზე, ხოლო, თუ ქვეყანა ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს მხოლოდ და მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის განვითარების გზაზე“.

ევროპარლამენტართა მოსაზრებების გათვალისწინებით, საქართველომ 8 მარტის შეთანხმებითა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებით, უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის განმტკიცების გზაზე. მიმდინარე წელს საქართველო დგას მნიშვნელოვანი შიდა თუ გარე საფრთხეების წინაშე და სწორედ მასზეა დამოკიდებული როგორ გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს, როგორ უზრუნველყოფს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რა შედეგს მიიღებს 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და როგორ შეიცვლება მისი ევრო-ატლანტიკური მომავალი. ჯერჯერობით, ბუნდოვანია როგორ იმოქმედებენ პარტიები, როგორ გადანაწილდება ხმები და რა შედეგი დადგება არჩევნებზე, თუმცა, ერთი რამ აშკარაა- 2020 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა და შესაძლებლობა საქართველოსთვის დაამტკიცოს, რომ სამართლიანი, თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნის ჩამოყალიბებით ჭეშმარიტად იმსახურებს ევროკავშირში მეტ ინტეგრაციას.  

 

-----

[1] საქართველოს პარლამენტი, ოქმი N1, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (07-3/443; 11.03.2020) საყოველთაო-სახალხო განხილვა. 4 ივნისი, 2020. https://bit.ly/3i572jV

[2] Emerson M., Noutcheva G. Centre for European Policy Studies (CEPS). Political And Economic Governance in the Balkans and Eastern Europe Compared. 06. 07.2018  https://bit.ly/3h4KRcq