ბლოგი

რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ევროკავშირის წინააღმდეგ

შესავალი 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ („სამართლიანი არჩევნები"), სოციალურ მედიაში შიდა საინფორმაციო მანიპულაციებთან ერთად, სისტემატურად აკვირდება გარე პროპაგანდისტული ჩარევის ტენდენციებსაც. როგორც ბოლო წლების დაკვირვების შედეგები აჩვენებს, საქართველო რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ აქტიურ სამიზნედ გვევლინება, რაც, ძირითადად, ანტიდასავლური, განსაკუთრებით კი ევროკავშირის საწინააღმდეგო, ნარატივების გავრცელებაში გამოიხატება. ამ პროცესს გამორჩეული დატვირთვა შესძინა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებამ, რასაც ჰიბრიდული ჩარევის გაძლიერებული მცდელობები მოჰყვა. 

რუსეთიდან მომდინარე საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ტექნიკა სოციალური ქსელების (ფეისბუქისა და ინსტაგრამის) პლატფორმებზე სარეკლამო პროპაგანდისტული კამპანიის განუწყვეტელ წარმოებაში მდგომარეობს, რასაც აქტიური სახე 2022 წლის აპრილიდან მიეცა. დასპონსორებული კამპანიის თავდაპირველი სამიზნეები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში „მეტას“ პლატფორმების მომხმარებლები იყვნენ. მოგვიანებით კი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ნაწილობრივ მოდიფიცირებული ტაქტიკით მან აქტიური გაგრძელება საქართველოში ჰპოვა. ამ ნაცად ხერხებს აქტუალობა არც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაუკარგავს. ქსელში გვერდების შემადგენლობის არაერთხელ შეცვლის მიუხედავად, უცვლელი დარჩა მათ უკან მდგომი აქტორების მიერ გამოყენებული ტაქტიკის ძირითადი სახეები.  

მიმდინარე წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ, რუსული საინფორმაციო ოპერაცია ამჯერად მმართველი პარტიის ღიად მხარდამჭერ კამპანიაში გადაიზარდა. დასპონსორებული კამპანია, რომელიც სრულად გაუმჭვირვალედ წარიმართება, ერთი მხრივ, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის - ე.წ. „რუსული კანონისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. რუსეთიდან მომდინარე აქტორები ამ უკანასკნელის ფარულ ამოცანებად ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ხელით ქვეყანაში დესტაბილიზაციას სახავენ. ხელისუფლების კრიტიკოსებისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ პროცესში ეროვნული ინტერესების დამცველებად წარმოჩინდებიან. 

 

რუსეთთან დაკავშირებული ქსელის შესახებ 

გასული წლის დასაწყისში „სამართლიანმა არჩევნებმა“  ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტელეგრამსა და ტიკტოკზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კოორდინირებულად მართული პრორუსული გვერდების, ანგარიშებისა და არხების მოქმედება გამოავლინა. ქსელში შემავალი აქტორები იდენტურ მასალებს ადგილობრივ ენებზე აქვეყნებდნენ, თუმცა ისინი გვერდებსა და ანგარიშებს, ძირითადად, უცხოეთიდან, მათ შორის რუსეთის ტერიტორიიდან, მართავდნენ. ანგარიშების ნაწილი სწორედ რუსეთში იყო შექმნილი. ქსელის მთავარი მიზანი რეგიონის სახელმწიფოების რუსეთის ძლიერ პოტენციურ მოკავშირედ წარმოჩენა და დასავლეთის ნეგატიურ როლთან დაკავშირება იყო. „სამართლიანი არჩევნების“ შეტყობინების საფუძველზე გამოძიების შედეგად აღმოჩენილი ქსელი კომპანია „მეტამ“ მოგვიანებით ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან წაშალა.  

ქსელის უკან მდგომი ჯგუფი პერიოდულად ახალ გვერდებსა და ანგარიშებს ქმნიდა. მათ შორის, 2023 წლის სექტემბერში „სამართლიანმა არჩევნებმა“ განახლებული რუსული საინფორმაციო ოპერაცია გამოავლინა, რომელიც იმავე ქსელის ნაწილი იყო და მიზნად საქართველოში ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით საზოგადოებაში ევროინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ისახავდა. ქსელში ჩართულ გვერდებს შორის  ერთ-ერთი - “Sakartvelo Today News” - თავს ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოდ წარმოაჩენდა და მეტი დამაჯერებლობისთვის მასალებს შესაბამის ვებსაიტზეც (sakartvelo-today.org) აქვეყნებდა. 

მიმდინარე წლის მარტის ბოლოსა და აპრილის განმავლობაში ფეისბუქგვერდ “Sakartvelo Today News”-თან ერთად, აქტიური დაუდეკლარირებელი სარეკლამო კამპანია წარიმართა კიდევ ორი გვერდის გამოყენებით: Programming Newearth და “The perfect figure (3 მაისის მდგომარეობით, გვერდი “Sakartvelo Today News” არააქტიურია, თუმცა ხელმისაწვდომია მისი კუთვნილი ვებსაიტი და ტელეგრამის არხი). სამივე გვერდის მიერ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკლამები „მეტას“ პოლიტიკური რეკლამებისთვის დადგენილი წესების დარღვევით თავსდება. კერძოდ, ისინი არღვევენ სოციალური მედიის კომპანიის რეგულაციას, რომლის თანახმადაც, ნებისმიერმა პირმა სოციალურ საკითხებზე, არჩევნებზე ან პოლიტიკაზე რეკლამის განთავსებისას უნდა გაიაროს „მეტას“ მიერ მოთხოვნილი ავტორიზაციის პროცესი.[1] ინფორმაციის გაუმჭვირვალობის გამო პროპაგანდისტულ რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობა და წარმომავლობა უცნობია. 

მიუხედავად იმისა, რომ გვერდები გზავნილებს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების სახელით ავრცელებენ, ისინი საქართველოს ტერიტორიიდან კვლავაც არ იმართებიან. ამასთან, რუსეთიდან შექმნილი და მართული გვერდების გამოვლენის შემდეგ შეიცვალა ქვეყანა, რომლიდანაც, ფეისბუქზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, იმავე ქსელთან დაკავშირებული ახალშექმნილი გვერდები იმართებოდნენ. უკანასკნელად მოქმედი გვერდების ადმინების ადგილმდებარეობად უკვე უკრაინის ტერიტორიაა მითითებული. გვერდების ადმინების ადგილმდებარეობის ცვლილება, სავარაუდოდ, მათ უკან მდგომი აქტორების გამიზნულ ქმედებას წარმოადგენდა, რათა რუსეთთან კავშირი დაეფარათ. 

პარალელურად, უცვლელია გვერდების უკან მდგომთა ტაქტიკა, დაფარონ კვალი სასურველი გზავნილების აუდიტორიამდე მიტანის შემდეგ. კერძოდ, რეკლამების აქტივობის ვადის გასვლის შემდეგ გვერდები პოსტებს სოციალური ქსელიდანაც აქრობენ ან კონტენტს მხოლოდ რეკლამის სახით აქვეყნებენ. 

 

ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანია 

რუსეთთან დაკავშირებულ გვერდებზე აქტიური დასპონსორებული კამპანია წარიმართება საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად და ოპოზიციის წინააღმდეგ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციული ოჯახის დამცველებად წარმოჩინდებიან, მისი კრიტიკოსები, მათ შორის, ოპოზიციური პარტიები კი ევროკავშირის მიერ მართულებად. მსგავსი ნარატივები, მნიშვნელოვანწილად, ჰომოფობიური გზავნილების კონტექსტში ვრცელდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის, პიარკამპანიის პარალელურად, ვრცელდება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის, საწინააღმდეგო გზავნილები მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიისგან განსხვავებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დასავლეთის ყველანაირი სურვილის ხორცშესხმის“ მსახურებაშია დადანაშაულებული. პრორუსული აქტორები მას, აგრეთვე, ოპოზიციური ძალების მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.  

 

„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის - ე.წ. „რუსული კანონის“ მხარდამჭერი კამპანია  

მიმდინარე წლის აპრილის თვეში რუსეთთან დაკავშირებულ გვერდზე “Sakartvelo Today News” აქტიურად წარიმართებოდა დასპონსორებული კამპანია „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის - ე.წ. „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად. გვერდზე რეკლამების სახით განთავსდა შესაბამის ვებსაიტზე - sakartvelo-today.org განთავსებული მასალები, რომლებშიც გზავნილები საქართველოს მოქალაქეების სახელით იყო წარმოდგენილი. რუსული კანონის მხარდასაჭერად გავრცელებული ძირითადი პროპაგანდისტული ნარატივები იყო: 

  • წარმოჩენილი იყო, თითქოს საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საინფორმაციო სააგენტოებთან მოლაპარაკებებს, რათა შემუშავებულიყო მექანიზმი, რომელიც ამ სტრუქტურების საქმიანობას უფრო მეტ ღიაობასა და გამჭვირვალობას შესძენდა; 
  • აპელირება ხდებოდა იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ ფინანსური დეკლარაციის დროულად წარდგენა მოეთხოვებოდათ და კანონი არანაირად არ შეზღუდავდა მათ მუშაობას; 
  • ქართული კანონპროექტი ბევრად უფრო ლიბერალურად სახელდებოდა, ვიდრე ამერიკის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)“; 
  • დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა სახელმწიფოში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვასა და მხოლოდ  საკუთარი და დონორების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას მიეწერებოდა; 
  • დასავლური ქვეყნები დადანაშაულებული იყვნენ ორმაგ სტანდარტებში საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასების გამო. 

ვებგვერდზე sakartvelotoday.org გამოქვეყნდა მანიპულაციური ინტერაქტიული შეკითხვა, რომელშიც მკითხველს ეკითხებიან, საჭიროა თუ არა საქართველოში მასმედიისა და არაკომერციული ორგანიზაციების შემოსავლების წყაროების გამჟღავნება, თუ ისინი სხვა სახელმწიფოდან ფინანსდებიან. კითხვას თან ახლავს მხოლოდ ორი პასუხის კატეგორია, რომელთაგან ერთი თანხმობას გამოხატავს, მეორე კი მიუთითებს, რომ თავად ორგანიზაციის საქმეა, საიდან იღებს დაფინანსებას და არ არის სავალდებულო, ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს. დასმული კითხვა და პასუხის კატეგორიები არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა.

„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან - ე.წ. „რუსულ კანონთან“ ერთად, სარეკლამო კამპანია წარიმართა „ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის მოტივით მომზადებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებითაც. ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი წარმოჩინდებოდა, როგორც მომავალი თაობების „ლიბერალური ფასეულობების თავზე მოხვევისა“ და არატრადიციული სიყვარულისა და სქესის შეცვლის პროპაგანდისგან“ თავის დაცვის გზა. აღსანიშნავია, რომ დარეკლამებული პოსტის აღწერა შეიცავს სტილისტურ შეცდომასაც. მაგალითად, კონსტიტუცია მოხსენიებულია, როგორც ქვეყნის მთავარი „საბუთი“. ქართულ ენაში გავრცელებულია მისი მოხსენიება უმაღლეს/უზენაეს/მთავარ კანონად ან დოკუმენტად, თუმცა ამ შემთხვევაში საბუთი არ წარმოადგენს ამ სიტყვების ეკვივალენტურ ჩანაცვლებას. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს, რომ ტექსტი სხვა ენიდან, სავარაუდოდ რუსულიდან, ელექტრონული თარგმნის ინსტრუმენტის გამოყენებით  არის ნათარგმნი.

 

 

ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია  

ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის პარალელურად, ევროკავშირი კვლავაც წარმოადგენს რუსული საინფორმაციო ოპერაციის ერთ-ერთ ძირითად სამიზნეს. ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივი, მნიშვნელოვანწილად, ისევ ჰომოფობიური გზავნილების კონტექსტში ვრცელდება და იგი ტრადიციული ოჯახის რღვევასთან, გენდერული და სექსუალური იდენტობის თავსმოხვევასთან იგივდება. ამავდროულად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფუჭ გზად წარმოჩინდება.

გვერდმა “The perfect figure” ევროკავშირის წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მიზნით, მანიპულაციურად დაარეკლამა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის, მიერ X-ის (ყოფილი ტვიტერი) პლატფორმაზე გამოქვეყნებული ტვიტის ეკრანის ანაბეჭდი (screenshot), რომელზეც საქართველოს ნაცვლად, ინგლისის დროშა იყო გამოყენებული. გვერდმა სურათს თან დაურთო შემდეგი სარკასტული აღწერა: კლაარმა შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ვერ მოახერხა საქართველოს დროშის დამახსოვრება: სიყვარული და ყურადღება ევროპის კავშირისგან“. აღსანიშნავია, რომ გვერდს არაფერი უხსენებია კლაარის მომდევნო ტვიტის შესახებ, რომელშიც მან წინა ტვიტში დაშვებული შეცდომა თავადვე გაასწორა და მისი მიზეზი ახსნა. 

დასკვნა  

წინამდებარე კამპანია აჩვენებს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის ამოცანა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული ნარატივების წარმოება და გავრცელება, არამედ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაცაა. ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო უწყვეტი პროპაგანდისტული კამპანიის პარალელურად, ფეისბუქისა და ინსტაგრამის ქართული აუდიტორია ამჯერად შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული გარე მანიპულაციების სამიზნეცაა. თუკი მანამდე შიდა პოლიტიკის საკითხებისა და არჩევნების შესახებ ანონიმური კამპანიების ძირითადი კვალი მხოლოდ ადგილობრივ აქტორებთან მიდიოდა, ამჯერად ეს ყოველივე რუსული ჰიბრიდული ომის ამოცანებს შორისაც ღიად მოექცა. რუსეთთან დაკავშირებული ანონიმურად მოქმედი აქტორები ახლა უკვე ცდილობენ, უზრუნველყონ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტების მიმართ მხარდაჭერა და ამავდროულად, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ დადებითი იმიჯის ფორმირებას, ისე მისი კრიტიკოსების, მათ შორის პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, დისკრედიტაციას. ქსელის მიერ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე განთავსებული რეკლამების პოლიტიკური შინაარსის მიუხედავად, გაუმჭვირვალეა დახარჯული თანხების ოდენობა და წარმომავლობაც, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან და გარე ჩარევასთან ერთად, კომპანია „მეტას“ მიერ მის კუთვნილ პლატფორმებზე აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს.

 

[1] სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ რეკლამა არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება, რაც რეკლამის განმათავსებლის/საფასურის გადამხდელის, მისი საკონტაქტო ინფორმაციის, დახარჯული თანხის ოდენობისა და მნახველთა აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემების გამჭვირვალობას ითვალისწინებს.

 

 

 

 

პუბლიკაცია შექმნილია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს zivik Funding Programme of the ifa Institut für Auslandsbeziehungen-ის მხარდაჭერით. ის ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.