ზიზღის ენიდან ფიზიკურ ძალადობამდე: როგორ ებრძვის პროპაგანდისტული ეკოსისტემა იუმორისტებსა და ციფრულ სივრცეს
საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და მმართველი გუნდის - პარტია „ქართული ოცნების” - მიერ ხელისუფლების სრული კონსოლიდაციის შემდეგ რეპრესიების სამიზნე გახდა ყველა ჯგუფი, რომელიც კრიტიკული პოზიციის ღიად დაფიქსირებას არ ერიდება. პროპაგანდისა და საინფორმაციო კამპანიების სამიზნე ხშირად არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია, აქტივისტები და დამოუკიდებელი მედია, არამედ მწერლები, კულტურის სფეროსა და ციფრული სივრცის წარმომადგენლები ხდებიან.
ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო მანქანა სულ უფრო მგრძნობიარე ხდება ალტერნატიული აზრისა და დამოუკიდებელი აქტორების მიმართ. კულტურის სფეროსა და ციფრულ სივრცეში მოღვაწე პირები ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან მათ შესწევთ უნარი, ტრადიციული პოლიტიკური სივრცის მიღმა მყოფ ფართო საზოგადოებრივი ჯგუფებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მიწვდნენ. იუმორი, სატირა, მხატვრული ტექსტები თუ ვიზუალური კონტენტი ხშირად ბევრად უფრო ეფექტურად ახერხებს არსებული რეჟიმის მანკიერებებისა და აბსურდულობის გამოაშკარავებას, ვიდრე სტანდარტული პოლიტიკური განცხადებები.
სწორედ ამიტომ, კრიტიკულად განწყობილი ხელოვანებისა და კონტენტ კრეატორების წინააღმდეგ ბრძოლა პროპაგანდისტული ეკოსისტემის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. ბოლო წლებში, მსგავსი კამპანიები სოციალური მედიის პლატფორმებს გასცდა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. კულტურისა და გასართობი სფეროს წარმომადგენლებზე თავდასხმა მიზნად ისახავს საზოგადოებაში თვითცენზურის დამკვიდრებასა და შიშის დანერგვას.
წინამდებარე ბლოგ პოსტში აღწერილია კრიტიკულად განწყობილი ხელოვანებისა და კონტენტ კრეატორების წინააღმდეგ „ქართული ოცნების” მიერ ბოლო დროს წარმოებული პროპაგანდისტული კამპანიები.
1. „Punchline თერაპიის“ ქეისი: ონლაინ ბულინგიდან ფიზიკურ თავდასხმამდე
18 ივლისს იუმორისტული პოდკასტის, Punchline თერაპიის, წინააღმდეგ სოციალურ მედიაში კოორდინირებული მადისკრედიტირებელი კამპანია გააქტიურდა. „ქართული ოცნების” მედიასაშუალებებმა და ანონიმურმა ანგარიშებმა აქტიურად დაიწყეს პოდკასტის ერთ-ერთი ვიდეომონაკვეთის გავრცელება და მტკიცება, რომ მისი მონაწილეები ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ამ ნარატივის გავრცელების პარალელურად, დისკრედიტაციის მთავარ სამიზნედ იქცნენ ხუმრობის ავტორი ონისე ოქრიაშვილი და პოდკასტის თანაწამყვანი ანასტასია ბენდუქიძე. კომიკოსთან დაკავშირებით პროპაგანდა ძირითადად მის ხუმრობებსა და სამოქალაქო აქტივიზმზე აპელირებდა და საზოგადოებაში მას ანტიეროვნულ და რადიკალურ ფიგურად წარმოაჩენდა. პროპაგანდისტული მედია პოდკასტის ვიდეოფრაგმენტების გავრცელებისას ონისეს ხშირად „ოპოზიციის აქტივისტად” მოიხსენიებდა და ხუმრობებსაც პოლიტიკურ კონტექსტში აქცევდა.
კომიკოსი იუმორისტულ გადაცემაში მონაწილეობამდეც არაერთხელ გამხდარა პროპაგანდისტული მედიის ყურადღების საგანი. ოქრიაშვილი საზოგადოებამ წარსულში „ერთი კაცის აქტივიზმით“ გაიცნო. ის აქტიურად გადაადგილდებოდა ავტობუსებსა და მეტროში პოლიტიკური და სოციალური გზავნილების შემცველი ბანერებით, მათ შორის, ბანერით „ანწუხელიძე უკვდავია“ და საზოგადოებრივ სივრცეებში მოქალაქეებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრებოდა. ამგვარი შეხვედრებისას იგი, მათ შორის, პოლიტპატიმრების მდგომარეობასა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ამახვილებდა ყურადღებას. მისი აქტივიზმის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ პოლიტიკური საკითხების შესახებ საუბარი მხოლოდ „რუსთაველზე” მიმდინარე საპროტესტო აქციებით არ უნდა შემოფარგლულიყო და საზოგადოებრივ სივრცეებშიც უნდა გაგრძელებულიყო. ოქრიაშვილის მსგავსი აქტივობები სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, თუმცა ამავე დროს პროპაგანდისტული მედიის ყურადღებასაც იქცევდა. „ქართული ოცნების” მედიასაშუალებები მის საჯარო გამოსვლებს ხშირად „ოპოზიციის აქტივისტის პროვოკაციად“ წარმოაჩენდნენ. პროპაგანდა ქმნიდა წარმოდგენას, თითქოს ოქრიაშვილის აქტივიზმი მოქალაქეებს აღიზიანებდა.
პროპაგანდისტულ გზავნილებში ანასტასია ბენდუქიძე უმეტესად წარმოდგენილი იყო არა როგორც პოდკასტის ავტორი და თანაწამყვანი, არამედ, პირველ რიგში, როგორც კახა ბენდუქიძის შვილი. ამგვარი ჩარჩო მისი დისკრედიტაციისთვის ოჯახის სახელისა და კახა ბენდუქიძის მიმართ საზოგადოებაში არსებული პოლარიზებული დამოკიდებულებების გამოყენებას ემსახურებოდა. პარალელურად, ვრცელდებოდა გზავნილები, რომელშიც თავისუფალი უნივერსიტეტის მფლობელობაზე აპელირებდნენ. მსგავსი მტკიცებებით იქმნებოდა ნარატივი, თითქოს ანასტასიას პოზიციები არა პირადი შეხედულებების, არამედ თავისუფალი უნივერსიტეტისა და მასთან დაკავშირებული იდეოლოგიური გავლენების გამოხატულება იყო.
კამპანიის ერთ-ერთი პირველი პოსტი გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ქეთევან მიქიაშვილის“ სახელით მოქმედი არაავთენტური ანგარიშის მიერ. მოგვიანებით, სწორედ აღნიშნული პოსტი აქტიურად გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა, რამაც კამპანიის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა.









პარალელურად, კოორდინირებული პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის მორალურ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა გზავნილი, რომ ნოდარ დუმბაძის „შეურაცხმყოფელი“ ქართველი ხალხისგან „ღირსეულ პასუხს“ მიიღებდა. პროპაგანდისტული მედია და ანონიმური აქტორები სხვადასხვა პოსტში კომიკოსს ეკლესიისა და ეროვნული სიმბოლოების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას მიაწერდნენ, ამტკიცებდნენ, თითქოს ის „შვილმკვდარ დედებს დასცინოდა“ და „ეკლესიების ნგრევაზე ოცნებობდა“. ამგვარი გზავნილები ოქრიაშვილის მიმართ მტრულ განწყობებს აძლიერებდა და მის წინააღმდეგ ძალადობის გამართლების ნიადაგს ქმნიდა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა აქტიურად გაავრცელეს იმედის ტელეწამყვანის, ჯაბა ხუბუას, კომენტარიც, რომელიც კომიკოსს ქრისტიანების, იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.








22 ივლისს, ონისე ოქრიაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტის შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიის ფოკუსი შეიცვალა. თუ თავდასხმამდე მთავარი აქცენტი ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაციაზე იყო, შემდეგ პროპაგანდამ თავდამსხმელის დაცვისა და ძალადობის ლეგიტიმაციისკენ გადაინაცვლა. პარალელურად, „ქართული ოცნების" მხარდამჭერი გვერდები კომიკოსის წინააღმდეგ საზოგადოების წაქეზებას განაგრძობდნენ.
კომიკოსზე თავდასხმის შემდეგ, 23 ივლისიდან, სოციალურ ქსელებში დაიწყო ერთ-ერთი დამნაშავის, ნიკო ხურცილავას, მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია. „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ცრუ ექსპერტებმა და ანონიმურმა აქტორებმა კოორდინირებულად დაიწყეს ნოდარ დუმბაძის გამოსახულებით ქარდების „ვინც დუმბაძეს იცავს, ციხეში არ უნდა იჯდეს!“ გავრცელება. პროპაგანდისტები მოძალადის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის საზოგადოებრივ მხარდაჭერას ითხოვდნენ.
სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის შვილიშვილების სხვადასხვა პოზიცია გავრცელდა. „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი" დაწერა ფეისბუკზე ნოდარ თოფურიძემ. აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტულმა მედიამ მხოლოდ მეორე შვილიშვილის, ნოდარ მაჭარაშვილის კომენტარი გაავრცელა. იგი თავდასხმას „ღირსებისთვის ბრძოლას” უწოდებდა. პროპაგანდა აპელირებდა, რომ ნოდარ დუმბაძის ოჯახი ნიკო ხურცილავას გვერდით იდგა.
ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ ანონიმური აქტორები კომიკოსის გამოსვლების ვიდეოფრაგმენტებს მანიპულაციურად კვლავ ავრცელებდნენ. პოსტებს ძირითადად შეურაცხმყოფელი შეფასებები ახლდა თან.








ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე შესწავლილი პოსტების ნაწილში ონისე ოქრიაშვილის იუმორს ქვეყნის გარედან დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდის ნაწილად წარმოაჩენდნენ. აქტიურად ვრცელდებოდა „ქართული ოცნების” პროპაგანდისტებისა და თავად თავდამსხმელის კომენტარი, რომელშიც კომიკოსს მოღალატედ და „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად” ასახელებდნენ. აღნიშნულ ნარატივს თან ახლდა მუქარის შემცველი რიტორიკაც.



აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში, „ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდი „საერთო გაზეთი” ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მასალებს აქტიურად არეკლამებდა.


თავდამსხმელის ქმედების ლეგიტიმაციისა და მისი პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად, პროპაგანდისტულმა მედიამ აქტიურად გაავრცელა ნიკო ხურცილავას დედის კომენტარიც, რომელიც საკუთარ შვილს პატრიოტად, მართლმადიდებლად და ეროვნული ღირებულებების ერთგულ ახალგაზრდად მოიხსენიებდა. მსგავსი შინაარსის პოსტები მოძალადის მიმართ თანაგრძნობის გაღვივებასა და მისი ქმედების გამართლების მცდელობას ემსახურებოდა.
24 ივლისს „ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ ნიკო ხურცილავას მხარდაჭერა გამოუცხადა. მან განაცხადა, რომ მზადაა „დეპუტატის მანდატი” გამოიყენოს და ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს თავდებში ჩაუდგეს, რათა ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
25 ივლისს ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მას 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ონისე ოქრიაშვილის მადისკრედიტირებელი კამპანია კი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის მიერ კვლავ გრძელდება.


2. სოლიდარობის დისკრედიტაცია და იუმორისტების საწინააღმდეგო კამპანიის გაფართოება
უფრო ფართო ნარატივის ფარგლებში თავდასხმის ობიექტებად იქცნენ სხვა კომიკოსებიც და ყველა ის პირი, ვინც პოდკასტის მონაწილეებს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ „პროვოკატორებად“ და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებდნენ.
23 ივლისს იუმორისტული თოქ-შოუს, „კაცების”, წამყვანებმა სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერა შემდეგი სიტყვებით გამოუცხადეს:
„ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს, მისი ხუთტომეულიდანაც ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს, ღმერთს, მოხუცებს, ცალთვალებს და სმენადაქვეითებულებს. ნუ დაუჯერებ პროპაგანდას. ჩვენი მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს.”
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა „ექსპერტებმა“ „კაცების” პოსტი იმავე დისკრედიტაციის ჩარჩოში მოაქციეს და მათი პოზიცია პოლიტიკური მიკერძოებით ახსნეს. აღსანიშნავია, რომ პოსტების ნაწილი კაცების მიერ ერთ-ერთ გადაცემაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის (ე.წ. „რუსული კანონის”) წინააღმდეგ დაფიქსირებულ პოზიციასაც ეხებოდა. „ექსპერტები” წამყვანების კრიტიკულ შეფასებებს „ფაქტების” მიზანმიმართულ უგულებელყოფას მიაწერდნენ. ამასთან ერთად, გავრცელებულ გზავნილებში წამყვანების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საჭიროებაზე მიუთითებდნენ.


აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი კომიკოსებისა და იუთუბერების დისკრედიტაცია უფრო ფართო და ხანგრძლივი ტენდენციის ნაწილია. სხვადასხვა დროს, ონისე ოქრიაშვილისა და სხვა კომიკოსების დისკრედიტაციის მიზნით, პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდა „შეურაცხმყოფელი იუმორის“ სახელწოდებით მომზადებულ მასალებს. მათში კრიტიკული ან ხელისუფლებისთვის არასასურველი პოზიციის მქონე კომიკოსები წარმოჩენილნი იყვნენ როგორც უცხოური პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები და, ამავდროულად, „ამორალური“ და საზოგადოებისთვის მიუღებელი ფიგურები. აღსანიშნავია, რომ „ტვ იმედმა“ ოქრიაშვილის წინააღმდეგ ასეთი მასალა რამდენჯერმე გაავრცელა. ერთ-ერთი მათგანის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს კი კომიკოსს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავდასხმის შემდეგ „ტვ იმედზე” კომიკოსის დისკრედიტაცია არ შეწყვეტილა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელევიზია 24 ივლისს, როდესაც მოძალადის წინააღმდეგ უკვე აღძრული იყო საქმე, კვლავ ავრცელებდა ოქრიაშვილის მადისკრედიტირებელ ახალ მასალებს.





3. სისტემური ტენდენცია: თავდასხმების ქრონოლოგია და მეთოდოლოგია
ონისე ოქრიაშვილის შემთხვევამდე სოციალურ ქსელებში დაწყებული აგრესიული კამპანიის ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ესკალაციის არაერთი მაგალითი უკვე არსებობდა. 2025 წლის მარტში პროპაგანდის სამიზნე მუსიკალური ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” გახდა. აქტიურად გავრცელდა ვიდეოფრაგმენტები, რომელშიც ვანიკო თარხნიშვილის ბენდი ერთ-ერთ ბარში „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულ სიმღერას ასრულებდა. სიმღერა შეიცავდა პოლიტიკური პარტიის მისამართით უცენზურო სიტყვებს, რომელსაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე ხშირად სკანდირებდნენ. ამ პერიოდში სოციალურ ქსელებში ვიდეოს გავრცელებას „ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირებისა და ანონიმური აქტორების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა.
2025 წლის 3 მარტს მუსიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტ დავით „ტორნადო” გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით „ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ მესხმა დაადასტურა, რომ მუსიკოსს სახეში მუშტი თავად დაარტყა.
6 ივლისს ვანიკო თარხნიშვილს საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ თავს. მოგვიანებით მუსიკოსმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და სახეზე დაზიანებების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. მან თავდასხმა რამდენიმე თვით ადრე პაბში ზემოხსენებული სიმღერის შესრულებას დაუკავშირა.
8 ივლისს მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) დაესხნენ თავს. მუსიკოსმა Instagram-ზე დაპოსტა, რომ 4-5 ადამიანი აგინებდა და მისდევდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში მუქარებს იღებდა. Kodrz-ის მადისკრედიტირებელი პოსტები სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად ვრცელდება. მუსიკოსის წინააღმდეგ მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველ რიტორიკას ხშირად იყენებს „ქეთევან მიქიაშვილის” სახელით მოქმედი „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ყალბი ანგარიში.
ხელოვანებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ონისე ოქრიაშვილის მსგავსად, ამ შემთხვევებშიც თავდასხმებს წინ უძღოდა სამიზნე პირების მადისკრედიტებელი კამპანია. მუსიკოსების „რადიკალებად“, „პროვოკატორებად“ და სხვა უარყოფითი იარლიყებით წარმოჩენა ხელს უწყობდა მათ მიმართ სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას. თავდასხმების შემდეგ კი პროპაგანდისტული აქტორები ხშირად მოძალადეებს დადებით ან გამამართლებელ კონტექსტში წარმოაჩენდნენ, ხოლო თავდასხმის მსხვერპლთა მიმართ ნეგატიურ გზავნილებს აგრძელებდნენ.















მსგავსი ესკალაციის შემთხვევების მიუხედავად, სოციალურ ქსელებში პროპაგანდისტული მედიისა და ანონიმური აქტორების მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიები არ წყდება და სამიზნე პირების მიმართ სხვადასხვა ფორმით კვლავ გრძელდება. ამგვარი კამპანიების განგრძობითი ხასიათი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ძმები ცხადაძეების შემთხვევაშიც. ონისე ცხადაძე პროევროპულ აქციებისას 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ, რასაც კომიკოსი არ აღიარებდა. მას შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში ონისე ცხადაძე არაერთხელ გამხდარა პროპაგანდისტული გზავნილებისა და დისკრედიტაციის სამიზნე. პარალელურად, პროპაგანდისტული ეკოსისტემა საპროტესტო აქციებისას პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების ოჯახის წევრებსაც უპირისპირდებოდა. ამგვარი კამპანიის სამიზნედ, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძეც იქცა.
ოქრიაშვილის მსგავსად კომიკოსი ძმების დისკრედიტაცია ძირითადად პოლიტიკური იარლიყების გამოყენებით ხდებოდა, თუმცა, სხვადასხვა დროს, სანდრო ცხადაძის შემთხვევაში, პროპაგანდისტული მედია მისი ხუმრობების ვიდეოფრაგმენტებსაც აქტიურად ავრცელებდა. კონტექსტიდან ამოღებული და დამახინჯებული ფორმით წარმოდგენილი მასალა კომიკოსის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებოდა.
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი პროპაგანდისტული ტელევიზია „პოსტივი” წლების წინ კომიკოსის ხუმრობების პოპულარიზაციას თავად ეწეოდა. 2018 წელს სანდრო ცხადაძე, „პოსტივის” პროექტ „Stand up ერის" მონაწილე იყო. მისი მონოლოგები და ხუმრობები ტელევიზიის ეთერში და ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ვრცელდებოდა. მოგვიანებით, როცა სანდრო ცხადაძემ „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული პოზიციები დააფიქსირა, იმავე ტიპის იუმორისტული მასალები „პოსტივიმ” მისი დისკრედიტაციის კონტექსტში გამოიყენა. კომიკოსის 2018 წლის გამოსვლები ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე დღემდე იძებნება.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების” მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და მასთან დაკავშირებული ანონიმური აქტორების კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე, ასევე, იყვნენ სპორტული მიმომხილველები და ე.წ. „იუთუბერები“ გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე, რომელთა წინააღმდეგ გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილები „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა.








