დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული გზავნილები 16-22 დეკემბერი

ვოლოდიმირ  ზელენსკის საწინააღმდეგო გზავნილები მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ 

20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება. განცხადებას პროსახელისუფლებო პირების (ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, „აი იას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე) გამოხმაურება მოჰყვა, რომლებმაც ზელენსკის მიმართვა მიუღებლად მიიჩნიეს. ისინი ზელენსკის ბრალს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ხელშეწყობაში სდებდნენ . მათივე თქმით, ზელენსკის აღნიშნული განცხადება ზეწოლის ახალი საბაბია და უკრაინის პრეზიდენტი უკმაყოფილოა, რადგან საქართველოში ომის მეორე ფრონტი არ გაიხსნა. მედიასაშუალება POSTV-მა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სიუჟეტი აღწერით „მიშას განთავისუფლების სპეცოპერაცია - სააკაშვილის გასათავისუფლებელ სპეცოპერაციაში უკრაინელი მაღალჩინოსნები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ჩაერთო". 

 

 

ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულება 2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს „მოღალატეობრივი რეზოლუციის“ ხელმოწერაში   

16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე  გამოძიების ეტაპი დაასრულა. 

პროსახელისუფლებო ექსპერტები და „ხალხის ძალის“ წევრები ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდნენ. წინა ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთვის მტკიცებულებების დამალვასა და ევროსაბჭოს „მოღალატეობრივი რეზოლუციის“ ხელმოწერაში სდებდნენ ბრალს, რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო.  

 თეა წულუკიანის საწინააღმდეგო პოსტები მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ  

15 დეკემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მისთვის ჩალის ფასი აქვს და სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან „ეს არის რეზოლუცია, რომელიც ამბობს, თურმე საქართველომ თავზე ხელი უნდა გადაუსვას კრიმინალ სააკაშვილს“. 20 დეკემბერს წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი მხოლოდ საპატიმროშია. ხელისუფლების მადისკრედიტირებელ ანონიმურ გვერდებზე წულუკიანის საწინააღმდეგო პოსტები ამ განცხადებების შემდეგ გამოქვეყნდა.  ჰააგის გამოძიების დასრულების პარალელურად, ამ გვერდებზე წულუკიანსა და ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებაშიც სდებდნენ ბრალს. 

 

მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებელი პოსტები სასამართლოზე დისტანციურად ჩართვის შემდეგ 

2022 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ექსპრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილის გამოჩენის შემდეგ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებსა და ანგარიშებზე აქტიურად გავრცელდა პოსტები, სადაც მას საკუთარი მდგომარეობის განზრახ დამძიმებასა და სიმულანტობაში სდებდნენ ბრალს. პროცესზე სააკაშვილის დისტანციურად ჩართვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ იდენტური გზავნილი გაავრცელა. ირაკლი კობახიძემ ნანახს „უნიჭო სიმულაცია" უწოდა. 

 

მამუკა ხაზარაძის დაცინვა უკრაინაში გენერატორების გაგზავნის შემდეგ, რომლებზეც კირილიცაზე შესრულებული წარწერა იყო  

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის” უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის 25 გენერატორი, შეაგროვა. ანტიოპოზიციურ ფეისბუქგვერდებზე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ტვირთავს მამუკა ხაზარაძე გენერატორებს, რომელთა შეფუთვაზე კირილიცაზე შესრულებული წარწერაა. მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო გზავნილების მიხედვით, ხაზარაძე უკრაინაში რუსულ პროდუქციას გზავნის.  

 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ  

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები. 

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge 

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს. 

  

  

 

[1]„მხარდაჭერით შენიღბული დისკრედიტაციის კამპანია Facebook-ზე”, ISFED, 2021 https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/mkhardacherit-shenighbuli-diskreditatsiis-kampania-feisbuqze