დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამაშველო და სამძებრო სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის 21 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილ, რომელთა ნაწილიც იდენტიფიცირებულია. დაკარგულთაგან ნაწილს ამ დრომდე ეძებენ, სტიქიის ზონიდან კი 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. სოციალური ქსელები სტიქიის შესახებ მომხმარებლების ინფორმირების მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა აღნიშნული სივრცე კვლავაც იქცა საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების სამიზნედ. „სამართლიანი არჩევნები” გთავაზობთ იმ ძირითად გზავნილებს, რომლებიც 3 აგვისტოდან დღემდე როგორც ანონიმურად მოქმედი ანგარიშების, ისე ოფიციალური წყაროების მხრიდან კონკრეტული პირების დისკრედიტაციისა თუ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით გავრცელდა. 

გელა მთივლიშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები სტიქიის გაშუქებასთან დაკავშირებით

რეგიონული ონლაინმედიის, „მთის ამბების" დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, შოვის სტიქიას ადგილიდან აშუქებს. მედიასაშუალების ფეისბუქგვერდზე 5 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ერთ-ერთი დაკარგული პირის მამის ფოტო გამოქვეყნდა, აღწერაში კი მითითებული იყო, რომ ის ოფიციალურ პირებს განცალკევებით ელოდებოდა და მათგან პასუხს ელოდა, თუმცა კაცთან იმ დღეს არავინ მისულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „მთის ამბები" ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფოტოს გადაღებამდე მამაკაცთან გარკვეული დროის განმავლობაში საუბრობდა. იგივე გაიმეორა მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც და მთივლიშვილის შესახებ თქვა, რომ ის „უბრალოდ კაცი არ არის".  

განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში მთივლიშვილის მადისკრედიტირებელი, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნება ორგანიზებულად დაიწყო. მსგავსი შინაარსის გზავნილები ანონიმურად მოქმედ და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდებზე, ასევე, რამდენიმე ფეისბუქჯგუფში ვრცელდებოდა. მთივლიშვილის საწინააღმდეგო დარეკლამებული პოსტი „ქართული ოცნების” მიერ მართულ გვერდზეც („სინამდვილეში”) გამოქვეყნდა. მთივლიშვილის მადისკრედიტირებელ პოსტებს ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი, ექპერტებად პოზიციონირებადული პირები და მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრები ავრცელებდნენ, რომელთა ნაწილიც მთივლიშვილს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ. პროსახელისუფლებო აქტორები მთივლიშვილს ოპოზიციურ პარტიასთან - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" აკავშირებდნენ და მოითხოვდნენ, რომ „დასჯილიყო ყველა, ვინც ტრაგედიით მანიპულირებს”. მსგავსი შინაარსის პოსტი, რომელიც ანონიმურად მოქმედ გვერდებსა და ანგარიშებზე კოორდინირებულად გავრცელდა, გვერდმა „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails” დაარეკლამა.

გელა მთივლიშვილის მადისკრედიტირებლი ფეისბუქსტატუსი გაავრცელეს იმ კოორდინირებული, არაავთენტური ქსელის წევრებმაც, რომელში შემავალი გვერდები და ანგარიშები რამდენიმე თვეა ავრცელებენ პროსახელისუფლებო და ანტიდასავლურ გზავნილებს. მათ შორის, გამავრცელებელი ანგარიშების ნაწილი ჩართული იყო ბათუმში რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ის ვიზიტთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის დისკრედიტაციის კამპანიასა და „პროგრესული კონსერვატიზმის” სახელით მოქმედი ფეისბუქგვერდის ანტიამერიკული გზავნილების გავრცელებაშიც.   

 

ოპოზიციის ლიდერებისთვის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისა და დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელების დაბრალება 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა  სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვასა და მასშტაბური ტრაგედიის თავიდან აცილების საკითხზე მთავრობა გააკრიტიკეს, პროსახელისუფლებო ექსპერტებად პოზიციონირებულადმა აქტორებმა, პოლიტიკურ-სამოქალაქო მოძრაობების - „ხალხის ძალა” და „საქართველო უპირველეს ყოვლისა” - წევრებმა და ანონიმურმა გვერდებმა ოპოზიცია ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში დაადანაშაულეს. მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ბუნებრივი კატასტროფის შედეგების მასშტაბების კონტროლის უფრო ეფექტიან მექანიზმებზე დისკუსიაში იყო ჩართული, პროსახელისუფლებო აქტორები მიუთითებდნენ, რომ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. 

ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციის ერთ-ერთი თემა სამაშველო ვერტმფრენების გამოყენება იყო. პროსახელისუფლებო ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის ცალკეული წარმომადგენლები (მამუკა ხაზარაძე, კახა ოქრიაშვილი, ვატო წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე, კობა ნაყოფია) აღნიშნულ თემაზე სპეკულირებაში დაადანაშაულა და მიუთითა, რომ თავადაც შეეძლოთ ვერტმფრენებით დახმარების შეთავაზება. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ და ლევან ნიკოლეიშვილმა დეზინფორმაცია უწოდეს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ფეისბუქსტატუსსაც, რომელშიც სტიქიის ზონაში აშენებული კოტეჯების კონტროლზე იყო საუბარი. კობახიძის განცხადებით, კოტეჯები 70-იანი წლებიდან დგას შოვში და გვარამიამ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ტყუილი გაავრცელა. ეს განცხადებები აქტიურად გავრცელდა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდებზე. 

 

ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში ბრალს სდებდნენ პარტიის - „კანონი და სამართალი” - თავმჯდომარეს, თაკო ჩარკვიანსაც მას შემდეგ, რაც მან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია დააანონსა. ჩარკვიანის საწინააღმდეგო პოსტები ანონიმურად მოქმედ გვერდებზეც ვრცელდებოდა. 

 

6 აგვისტოს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიებში" გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა უწევთ ვერტმფრენების გამოყენების, შოვში კოტეჯებზე ნებართვების გაცემის, სამაშველო სამუშაოების დროულად ჩატარებისა და წინა დღეებში წყლის შესაძლო დაგუბების საკითხების შესახებ. „ჩასაფრებულ მზადყოფნაში” სდებდნენ ბრალს ოპოზიციას „ხალხის ძალის” წევრებიც. 

 

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დადანაშაულება, თითქოს შოვის ტრაგედიას პოზიტიურ მოვლენად აღიქვამენ 

4 აგვისტოს ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა (ჟურნალისტების მარგალიტები, ტერენტი გლდანელი, პოლიტიკური სატირა / Political Satire, ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails) ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას ფოტოები მანიპულაციურად გაავრცელეს. ფოტოებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვის დროს იღიმის. გვერდები აპელირებდნენ, რომ ჟურნალისტს, ისევე, როგორც მის სხვა კოლეგებს, ტრაგედია უხაროდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ანონიმურად მოქმედმა ორმა გვერდმა - „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails” და „პოლიტიკური სატირა / Political Satire” ნანუკა ქაჯაიას შესახებ პოსტები დაარეკლამა. 

 

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის საწინააღმდეგო პოსტები სტიქიის ადგილზე ბახილებით მისვლის გამო 

4 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა „ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრის, გოჩა ენუქიძის, მაჟორიტარული ბიუროს უფროსის, გიორგი მახათაძის სტიქიის ზონაში ჩასვლის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა. ფოტოში ჩანდა, რომ მახათაძეს ფეხსაცმელზე ბახილები ეცვა. აღნიშნული ფოტოს გამოჩენის შემდეგ მთავრობის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა ბიუროს უფროსის საწინააღმდეგო პოსტების გავრცელება დაიწყეს. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო გზავნილები ვერტმფრენების შესყიდვაზე წარსულში გაკეთებულ განცხადებაზე მითითებით 

მთავრობის წინააღმდეგ მოქმედმა გვერდებმა და ანგარიშებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ის „ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენების” გაყიდვასა და სამაშველო ვერტმფრენების ყიდვაზე საუბრობდა. გვერდები მიუთითებდნენ, რომ ღარიბაშვილმა პირობა არ შეასრულა და ამის ფონზე მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. 

 

კახა კალაძის დადანაშაულება იმაში, რომ ტრაგედიის შესახებ წინასწარ იცოდა და სახელმწიფო ტრანსპორტი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 

5 აგვისტოს ფეისბუქანგარიშმა Poti Nateli Momavlit ფეისბუქჯგუფებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს სტიქიის შესახებ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. პოსტში ეწერა, რომ შოვის თავზე სტიქიამდე ვერტმფრენი დაფრინავდა, რომელმაც დაინახა დაგუბებული მდინარე და კალაძეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ შეატყობინა.  

მოგვიანებით, ანგარიშმა მარიკა მარი ფეისბუქჯგუფში „გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41“ გაავრცელა კალაძის გაყალბებული ციტატა, რომელშიც, თითქოს, კალაძე აღიარებდა, რომ სამაშველო ვერტმფრენით პირველად მისმა ოჯახმა ისარგებლა. 

ბრალდებაზე საპასუხოდ, 7 აგვისტოს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, თუ როგორ დატოვა კალაძის ოჯახმა შოვი სტიქიამდე მანქანით. 

ამ პერიოდში ფეისბუქ ანგარიში მარიკა მარი ჯგუფში „გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41“ კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის გაყალბებულ ციტატებს აქტიურად ავრცელებდა. ანგარიში გამოირჩევა აგრესიული შინაარსის, ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტებით. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშს პირადი ინფორმაცია არ აქვს მითითებული და მისი შესწავლით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ დგას პროფილის უკან.

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ    

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.