ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამირების 5 წელი საქართველოში
ძირითადი მიგნებები
- 2020 წლის აგვისტოში საქართველოში Facebook-ის (ახლანდელი Meta) რეკლამების ბიბლიოთეკა ამოქმედდა, რომელიც პოლიტიკური, საარჩევნო და სოციალური რეკლამების შესახებ მონაცემებს ინახავს. 2020–2025 წლებში Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის 172,577 რეკლამა გამოქვეყნდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 6.8 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა. რეკლამების საშუალო წლიური რაოდენობით საქართველომ, 204 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, მე-40 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ყველა ქვეყანას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც საქართველოს მსგავსია.
- რეკლამების ყველაზე აქტიურად განმათავსებლებს შორის პოლიტიკური გაერთიანებები, მედიასაშუალებები და სამთავრობო უწყებები გამოირჩეოდნენ. პოლიტიკურმა პარტიებმა Meta-ს პლატფორმებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში განთავსებულ 33,875 რეკლამაში არანაკლებ 2.8 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რომელთაგან „ქართული ოცნების“ დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა აღემატებოდა სხვა 32 პარტიის მიერ ჯამურად გამოქვეყნებული დეკლარირებული რეკლამების რიცხვს, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობა ყველა პოლიტიკური გაერთიანების დეკლარირებული სარეკლამო დანახარჯების თითქმის ნახევარს გაუტოლდა.
- მედიასაშუალებებს შორის, Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები, ძირითადად პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა გასწიეს, რაც ჯამურად 660 ათას აშშ დოლარამდეა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „პოს ტვ“ და „იმედი“, რომლებმაც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 566,134 აშშ დოლარის ღირებულების 24,347 რეკლამა გამოაქვეყნეს.
- ცენტრალური მთავრობის, საჯარო უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების გვერდებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ მცირე 852,619 აშშ დოლარის 17,266 რეკლამა განთავსდა. მათ შორის, ყველაზე აქტიურად პოლიტიკური რეკლამები მთავრობის ადმინისტრაციის გვერდებზე გამოქვეყნდა, რომელთა 3,710 რეკლამის ჯამურმა ღირებულებამ 292 ათასამდე აშშ დოლარი შეადგინა.
- მიუხედავად გამჭვირვალობის წესების ამოქმედებისა, ანონიმური გვერდების ქსელები კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა ოპოზიციის დისკრედიტაციისა და მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანიებისთვის, რასაც ხშირად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება ახლდა თან. მთლიანობაში, საქართველოში პოლიტიკური სარეკლამო სივრცე Meta-ს პლატფორმებზე „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული მედიისა და ანონიმური გვერდების მიერ მკვეთრად დომინირებული იყო.
შესავალი
2018 წელს სოციალური მედიის გიგანტმა კომპანიამ, Facebook-მა (ახლანდელი Meta), რეკლამების ბიბლიოთეკა შექმნა, რომლის მიზანიც კომპანიის კუთვნილი პლატფორმების (ფეისბუქი, ინსტაგრამი, მესენჯერი) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის არჩევნებთან, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. 2020 წლის 4 აგვისტოდან Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოშიც ამოქმედდა, რასაც წინ უძღოდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა კომპანიისადმი, საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანიის გაძლიერების პირობებში, ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი ქართული აუდიტორიისთვისაც გამხდარიყო. ამ დღიდან საქართველოში არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებული პოსტების განთავსებისას მომხმარებლებს სავალდებულო ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ. ამასთან ერთად, ბიბლიოთეკაში გამოქვეყნებული რეკლამები და ინფორმაცია მათი განმათავსებლების, რეკლამებზე დახარჯული თანხის, რეკლამების გავრცელების მასშტაბისა და აუდიტორიის დემოგრაფიული შემადგენლობის შესახებ დაინტერესებული პირებისთვის 7 წლის განმავლობაში ინახება.
საქართველოში რეკლამების ბიბლიოთეკის მოქმედების 5 წლის განმავლობაში, 2020 წლის 4 აგვისტოდან 2025 წლის 4 აგვისტომდე, Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის 6,777,698 აშშ დოლარის ღირებულების 172,577 ისეთი რეკლამა განთავსდა, რომელიც დეკლარირებული იყო, როგორც არჩევნებთან, პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული ან პლატფორმის მიერ იქნა იდენტიფიცირებული ამგვარი შინაარსის მქონედ. აღსანიშნავია, რომ 204 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, საქართველო პოლიტიკური და სოციალური რეკლამების საერთო და საშუალო წლიური რაოდენობით მსოფლიოში მე-40 ადგილზეა. ამასთან, ყველა ქვეყანა, რომელსაც საქართველო ამ მაჩვენებლით ჩამორჩება, ამ უკანასკნელს აღემატება მოსახლეობის რაოდენობითაც.
Meta-ს პლატფორმებზე რეკლამების აქტიურად განმათავსებელი გვერდები
არჩევნებთან, პოლიტიკასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული რეკლამების 35% ქვემოთ მოცემულ 20 ფეისბუქგვერდზე განთავსდა. ყველაზე აქტიურად რეკლამები გამოქვეყნდა მედიასაშუალებების - „ტაბულას“, „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის გვერდებზე. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კი რეკლამირების სიხშირით „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი გამოირჩეოდა.
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე 5 წლის განმავლობაში განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამებისთვის სულ დახარჯული თანხის 54% ქვემოთ მოცემულ 20 გვერდზე მოდიოდა. მათი უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს ეკუთვნის. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა - 627,306 აშშ დოლარი - „ქართული ოცნების“ ოფიციალური ფეისბუქგვერდის რეკლამებისთვის დაიხარჯა. ამ გვერდის სარეკლამო დანახარჯმა თითქმის ორჯერ გადააჭარბა რიგით მეორე ყველაზე დიდი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდის რეკლამების ღირებულებას. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ძირითად ოფიციალურ გვერდებს შორის, ბოლო 5 წლის განმავლობაში სარეკლამო დანახარჯებით „ძლიერი საქართველოს“ („ლელო საქართველოსთვის“), „ევროპული საქართველოს“, „ახალის“ („კოალიცია ცვლილებისთვის“), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გირჩის“ ფეისბუქგვერდები გამოირჩეოდნენ. პოლიტიკოსებს შორის კი, ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებზე ყველაზე მეტი თანხა ნიკა მელიას, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, შალვა პაპუაშვილის, გიორგი გახარიასა და ბადრი ჯაფარიძის გვერდებზე დაიხარჯა.
პოლიტიკური პარტიების დეკლარირებული რეკლამები
პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ოფიციალურ გვერდებზე, უმეტეს შემთხვევაში, სარეკლამო ხარჯების დეკლარირება Meta-ს წესების დაცვით ხდებოდა. ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ რეკლამებზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, თანხის ძირითად გადამხდელს პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენდა როგორც პარტიულ, ისე პოლიტიკოსების გვერდებზეც. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში პოლიტიკური რეკლამის გადამხდელად თავად პოლიტიკოსი იყო მითითებული.
რეკლამების ბიბლიოთეკაში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული 33,875 დეკლარირებული რეკლამა იძებნება, რომლის დისკლეიმერიც შეიცავდა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო კამპანიის სახელწოდებას ან/და რიგით ნომერს. ამ რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ არანაკლებ 2.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, „ქართული ოცნების“ დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა აღემატებოდა ყველა სხვა პარტიის (32 პოლიტიკური გაერთიანება) მიერ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული დეკლარირებული რეკლამების რიცხვს, ხოლო რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობა ყველა პოლიტიკური გაერთიანების დეკლარირებული სარეკლამო დანახარჯების 48%-ს გაუტოლდა.
შენიშვნა: წარმოდგენილია იმ რეკლამებზე დახარჯული თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელთა განმათავსებლის შესახებ ინფორმაცია შეიცავდა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო კამპანიის სახელწოდებას ან/და რიგით ნომერს.
საჯარო უწყებების რეკლამები Meta-ს პლატფორმებზე
Meta-ს პლატფორმებზე ცენტრალური მთავრობის, საჯარო უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების გვერდებზე 2020 წლის 4 აგვისტოდან 2025 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში სულ მცირე 852,619 აშშ დოლარის 17,266 რეკლამა განთავსდა. მათ შორის ყველაზე აქტიურად პოლიტიკური რეკლამები მთავრობის ადმინისტრაციის გვერდებზე გამოქვეყნდა. აღნიშნულ გვერდებზე განთავსებული 3,710 რეკლამის ჯამურმა ღირებულებამ 292 ათასამდე აშშ დოლარი შეადგინა. გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობითა და სარეკლამო დანახარჯებით ასევე გამოირჩეოდნენ სხვადასხვა სამინისტროს სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციისა და თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ოფიციალური გვერდები.
შენიშვნა: სამინისტროების რეკლამები მოიცავს შესაბამისი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გვერდების რეკლამებსაც.
შენიშვნა: სამინისტროების რეკლამები მოიცავს შესაბამისი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გვერდების რეკლამებსაც.
მედიასაშუალებების რეკლამები არჩევნების, პოლიტიკისა და სოციალური საკითხების შესახებ
Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები, მედიასაშუალებებს შორის, ძირითადად პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა გასწიეს, რაც ჯამურად 660 ათას აშშ დოლარამდეა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „პოს ტვ“ და „იმედი“, რომლებმაც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 566,134 აშშ დოლარის ღირებულების 24,347 რეკლამა გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ „პოს ტვ“-ის მიერ რეკლამები არაერთ გვერდზე განთავსდა, რომელთა შორისაა: „POSTV“, „POSTV - ანალიტიკა“, „POSTV - ახალი ამბები“, „POSTV - პოლიტიკა“, „POSTV - რეალობა“, „POSTV News“, „დამუხტე“, „ევროკრატია - ყოფილი ევროპა“, „ევროპის დაისი“, „ლიბერალიზმის ანატომია“, „მედია რენტგენი“, „ევროკრატია“ და „კონსერვატორია“. უკანასკნელ პერიოდში „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის რეკლამების უმრავლესობა შეიცავდა ღია აგიტაციას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულმა სარეკლამო კამპანიამ მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და მოცემულ მედიასაშუალებებს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, წაშალა. ამასთან ერთად, რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავდა.
არაოფიციალური/ანონიმური სარეკლამო კამპანია
2020 წლის 4 აგვისტოს რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების მიუხედავად, ანონიმურმა გვერდებმა დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლა მოახერხეს. მათ მიერ გამოქვეყნებულ რეკლამებზე მითითებული ინფორმაცია ძირითადად არ იძლეოდა რეკლამის განმათავსებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგისა და გამოძიების შედეგად, კოორდინირებული ანონიმური გვერდების ნაწილის უკან მდგომ სუბიექტთა იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა, რაც ნაწილობრივ Facebook-ის/Meta-ს მიერაც დადასტურდა. მათ შორის, ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მადისკრედიტირებელი ანონიმური გვერდების „არქივი • Archive“ და „პოლიტიკური მოთვალთვალე“ უკან 2020 წელს ია მეტრეველისა და სხვა პირების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის „დავასრულოთ“ კვალი გამოიკვეთა. 2023 წელს კი ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული გვერდების ქსელს შორის აღმოჩნდა ანონიმური ფეისბუქგვერდებიც „არ აგარევინებთ“ და „აგენტურა“.
ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ მცირე 164 ანონიმურ გვერდზე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ან/და მადისკრიდიტირებელი 11,378 რეკლამა განთავსდა. ამ რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ არანაკლებ 223,860 აშშ დოლარი შეადგინა. მოცემულ გვერდებზე განთავსებული რეკლამების 93% ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად იყო მიმართული. მათზე დახარჯული თანხის ოდენობა კი ანონიმური გვერდების საერთო სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 90%-ს გაუტოლდა.
ანონიმური მადისკრედიტირებელი და მხარდამჭერი გვერდების ნაწილს ერთი და იგივე სახელი და გვარი მიეთითა. თუმცა, მითითებული ინფორმაციის ავთენტურობის დადგენა შესაძლებელი არ არის. მათ შორის, რეკლამის განმათავსებლად Giorgi Beridze იქნა მითითებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე: „დავით გარეჯი საქართველოა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“, „მე ქრისტიანი ვარ“, „უფლის რწმენა გადაგვარჩენს“ და „ქართული გენი უკვდავია“. აღსანიშნავია, რომ რეკლამები ამავე სახელითა და გვარის მითითებით განთავსდა ცრუ მხარდამჭერ ფეისბუქგვერდზე „ჩვენ გვიყვარს მიშა“, რომელიც თავს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ გვერდად წარმოაჩენდა. Giorgi Kvaratskhelia-ს სახელით განთავსდა რეკლამები ანტიოპოზიციურ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ 7 გვერდზე: „ვადაგასული პოლიტიკოსები“, „მიმების გამავრცელებელი საზოგადოება“, „ნაცები, შმაცები და შმაცუნები“, „პოლიტ ამბები / Polit-News“, „ჟურნალისტების მარგალიტები“, „ქართული ოცნების ამომრჩევლები“, „შუბლის ძარღვ გაწყვეტილები“. „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მოქმედ კიდევ 4 გვერდზე რეკლამები Manana Kaxidze-ის სახელით გამოქვეყნდა: „არჩევნები 2021 / Elections 2021“, „პოზიტიური სიახლეები / Positive News“, „საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog“, „ქართული ოცნების მხარდამჭერები“. Natela Kiladze-ის სახელით განთავსდა რეკლამები 5 ანტიოპოზიციურ გვერდზე, რომელთა შორისაა: „აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა” / Ban the 'National Movement'“, „მიხეილ გახარია“, „პოლიტიკური აბსურდი“, „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails“ და „წალენჯიხის არმიმდინარე პროექტები“. გვერდზე „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails“ რეკლამების ნაწილი Ramaz Beridze-ის მითიტებიტ გამოქვეყნდა, რომელიც ამავდრიულად რეკლამების განმათავსებლად იქნა მითიტებული გვერდზე „პოლიტიკური აბსურდი“.
სარეკლამო დანახარჯების ოდენობით პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური გვერდები გამოირჩეოდნენ. გვერდების ნაწილი Meta-ს წესების დარღვევის გამო არაერთხელ გაუქმდა, თუმცა მალევე იდენტური ან მსგავსი სახელწოდებით აღდგა. მათ შორის, გვერდის სისტემა „არ აგარევინებთ“, რომელიც ვატო შაქარიშვილთან და მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობასთან არის დაკავშირებული, ფეისბუქიდან წაშლის შემდეგ 4-ჯერ აღდგა პლატფორმაზე. ფეისბუქის რეკლამებისთვის დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდნენ შემდეგი გვერდები/გვერდის სისტემები: „Bidzina Ivanishvili for Georgia“, „არ აგარევინებთ“/„არ აგარევინებთ • ar agarevinebt“, „ქართული ოცნება ჩემი არჩევანია“, „რა კეთდება“/„ქართული ოცნების მხარდამჭერები“, „Irakli Garibashvili 4 Georgia“, „შიგ ევროპაში“ და სხვ. თითოეულ ამ გვერდზე 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების რეკლამა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი გვერდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმავდროულად ანტიდასავლური, ევროკავშირის საწინააღმდეგო აქტიური კამპანიის წარმოების როლიც შეითავსა.
სარეკლამო დანახარჯებით ლიდერი ანონიმური გვერდები
რეკლამების გეოგრაფიული განაწილება
ბოლო 5 წლის განმავლობაში Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯების ნახევარზე მეტი (52.5%) დედაქალაქ თბილისის აუდიტორიაზე მოდიოდა. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებოდნენ, რომელთა ჯამური წილი მთლიან სარეკლამო დანახარჯებში დაახლოებით 20%-ს გაუტოლდა.
არჩევნებთან, პოლიტიკასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული რეკლამების მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ აღწერს კომპანია Meta-ს პლატფორმებზე, ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და მესენჯერში, ქართული აუდიტორიისთვის განთავსებული იმ რეკლამების მახასიათებლებს, რომლებიც ეხება არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. ანგარიში ეფუძნება Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Meta Ad Library) მონაცემებსა და სოციალური მედიის მონიტორების დაკვირვების შედეგებს. გვერდების კატეგორიზაციისთვის „სამართლიანი არჩევნები“ ღია წყაროებსა და საკუთარ განახლებად ბაზას ეყრდნობა.
კომპანია Meta სოციალურ საკითხებთან, არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეკლამებად მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც:
- შედგენილია საჯარო თანამდებობის კანდიდატის, პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური კამპანიის დამფინანსებელი კომიტეტის ან საჯარო თანამდებობის არჩევნების შედეგების დამცველის მიერ, მისი სახელით ან მის შესახებ;
- დაკავშირებულია არჩევნებთან, რეფერენდუმთან ან კენჭისყრის ინიციატივის ხსენებასთან, მათ შორის, არჩევნებზე წასვლის მოწოდებასთან ან წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანიებთან;
- დაკავშირებულია ნებისმიერ სოციალურ საკითხთან (მგრძნობიარე თემები, რომლებზეც მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას) ნებისმიერ ადგილას, სადაც რეკლამა გადის;
- რეგულირებულია, როგორც პოლიტიკური რეკლამა.
Meta-ს წესების თანახმად, სოციალურ საკითხებთან, არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ რეკლამა ზემოხსენებულ თემებს ეხება. ამასთან ერთად, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს.
რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ საკითხებთან, არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.