რუსეთიდან მართული დარეკლამებული კამპანია პროევროპული პროტესტის წინააღმდეგ
„სამართლიანი არჩევნები” 2022 წლიდან იკვლევს რუსეთიდან მართულ ქსელს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალური მედიის პლატფორმებზე ანტიდასავლურ და პრორუსულ კამპანიას აწარმოებს.1 მართალია, Meta-მ აღნიშნული არაავთენტური ქცევა საკუთარ პლატფორმებზე რამდენჯერმე შეზღუდა,2 თუმცა რუსეთიდან მართული ქსელი ფეისბუქზე დღემდე ახალი გვერდებით ბრუნდება. რუსეთიდან მართულ ქართულენოვან გვერდებზე, პრორუსულ და ანტიდასავლურ ნარატივებთან ერთად, „ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ანტიოპოზიციური კამპანია მიმდინარეობს.3 ქსელი აღნიშნულ გზავნილებს აქტიურად ავრცელებდა საარჩევნო პერიოდშიც.4
ამჯერად რუსეთთან დაკავშირებული ქართულენოვანი ქსელი ფეისბუქზე პროევროპული პროტესტის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს. „სამართლიანი არჩევნები” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში დააკვირდა 3 ასეთ გვერდს - Suluguni Daily, Marketing Modest და Georgian Pulse, რომლებზეც პროტესტის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოქვეყნდა. ამ და რუსულ ქსელთან დაკავშირებულ კიდევ ერთ გვერდზე, სახელწოდებით Tbilisi Chronicles, არჩევნების შემდეგ, ძირითადად, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მადისკრედიტირებელი, „ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ანტიდასავლური პოსტები ვრცელდებოდა. გვერდებიდან ამჟამად მხოლოდ Suluguni Daily იძებნება. მათი ნაწილი თავს საინფორმაციო სააგენტოდ წარმოაჩენდა და პროპაგანდისტულ სტატიებს აქვეყნებდა, ნაწილი კი პროპაგანდისტულ „მიმებს” ან გაყალბებულ მასალებს აწვდიდა ფეისბუქმომხმარებლებს. ამასთანავე, გვერდები დეზინფორმაციულ ნარატივებს ფეისბუქზე გაუმჭვირვალე რეკლამების სახით აქვეყნებდნენ.
რუსეთიდან მართული გვერდების ძირითადი გზავნილები
გზავნილი N1: პროევროპული აქცია მშვიდობიანი არაა
სტატიებში პროევროპული აქცია ძალადობრივად იყო წარმოჩენილი და აღნიშნული იყო, რომ პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ის პოტენციური იარაღი ამოიღო, რომლის გამოყენებაც აქციაზე იგეგმებოდა. ამასთანავე, გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ დასავლეთი აქციის მონაწილეების ქცევის არაძალადობრივად წარმოჩენას ცდილობდა. ამასთანავე, დასავლურ ქვეყნებს აქციების დაშლის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე მიუთითებდნენ. სიტუაციის ესკალაციის ხელშეწყობისთვის აქციის მონაწილეებს ბავშვების გამოყენებაშიც სდებდნენ ბრალს.
„მიტინგებს ძნელად თუ შეიძლება, ვუწოდოთ მშვიდობიანი. [...] აქციის მონაწილეები ქუჩებში გამზადებული გამოდიან: აირწინაღები, საწვიმრები, პიროტექნიკა და ბოთლები ქვებითა და საღებავით — აქციის მონაწილეების უდავო ატრიბუტია. მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია: დაზიანებულია მაღაზიის ვიტრინები, სკვერის სკამები და სანაგვე ურნები გამოიყენება ბარიკადების შესაქმნელად, ზოგიერთს კი ცეცხლი აქვს წაკიდებული. პიროტექნიკა გამოიყენება იარაღად სამართალდამცავების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას იწვევს”.
გზავნილი N2: დასავლეთისა და საქართველოს პრეზიდენტის მიზანი აქციებზე სიტუაციის გამწვავებაა
14 დეკემბერს Suluguni Daily-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ დასავლეთის ინტერესებში შედიოდა პროტესტზე ვითარების ესკალაცია.
გზავნილი N3: საპროტესტო აქციაზე ნარკოტიკებს არიგებენ და ხალხს ნემსით ჩხვლეტენ
13 დეკემბერს გვერდმა Marketing Modest დეზინფორმაციული პოსტი, თითქოს რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებზე ხალხს ნარკოტიკულ საშუალებებს სთავაზობდნენ. მეტად გავრცელებისთვის გვერდმა პოსტი დაასპონსორა.
იმავე დღეს გვერდზე მეორე დეზინფორმაციული დარეკლამებული პოსტიც გავრცელდა. ამჯერად გვერდმა გამოაქვეყნა სოციალური მედიის პლატფორმების, X-ისა და ფეისბუქის, რეალური მომხმარებლების გაყალბებული სტატუსები, თითქოს აქციაზე ახალგაზრდებს ნემსით ჩხვლეტდნენ. სინამდვილეში, აღნიშნულ თემაზე სტატუსები ამ ანგარიშებზე არ იძებნება და ცრუ ნარატივის გავრცელების მიზანი პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციაა. აღნიშნული მომხმარებლები სინამდვილეში საკუთარ ანგარიშებზე პროტესტების მხარდამჭერ კონტენტს ავრცელებდნენ. აღნიშნული მომხმარებლების ნაწილი დეზინფორმაციული პოსტის კომენტარებშივე უარყოფს, რომ ასეთი სტატუსები სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოაქვეყნა.
გაყალბებული პოსტების მაგალითები
გზავნილი N4: ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურად ცნობს
რუსული ქსელის გვერდები მიუთითებდნენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, რის მაგალითადაც მოჰყავდათ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი.
ამასთანავე, სტატიებში აღნიშნული იყო, რომ ქართველმა ხალხმა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება ვერ გაიგო. ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერება წარმოჩენილი იყო, როგორც საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარებისთვის დროის გამოყოფა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი:
„იმის გაუგებლობა, თუ რა გადაწყვეტილება გაახმოვნა გუშინ საქართველოს მთავრობამ, საპროტესტო აქცია გამოიწვია. საკუთარი აზრის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ არა მხოლოდ ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც აქციები პროფესიულ საქმიანობად იქცა. და მშვიდობიანი პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. რა გაიგეს ასეთი საქართველოს მოქალაქეებმა და რატომ?
გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიეცეს ეკონომიკის განვითარების დრო მომავალი ევროინტეგრაციისთვის, გაგებული იქნა ოპოზიციის მიერ, როგორც ევროატლანტიკური გზის სრული უარყოფა. ასეთი განმარტებისთვის მადლობა ოპოზიციას, რომელმაც რამდენიმე წუთში გაავრცელა ინფორმაცია თავის რესურსებზე და დაიწყო მიტინგის მოწყობა. სიტუაციაში გარკვევა არავის დაუწყია. საპროტესტო ტალღა დაჭერილი იყო”.
გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურად ცნობს, რაზეც მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა მიუთითებდა.
გზავნილი N5: დასავლეთის, ოპოზიციის, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაციაა, ევროკავშირი საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს
18 დეკემბერს Suluguni Daily-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დასავლეთი, კერძოდ კი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობაში იყო დადანაშაულებული. იგივე ბრალდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგაც იყო გაჟღერებული. რუსეთიდან მართული გვერდი სტატიაში წყაროდ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს იმოწმებდა. ამასთანავე, სტატიაში რუსული კანონის მხარდამჭერი გზავნილებიც იყო გავრცელებული.
გვერდზე Georgian Pulse 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ევროკავშირი საქართველოზე ზეწოლაში იყო დადანაშაულებული. კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ ევროპა საქართველოს უკვე ნახევარი წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით ემუქრება და ამით ზეწოლას ახორციელებს როგორც შიდა, ისე გარე საკითხებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, სტატიაშივე აღნიშნული იყო, რომ „ქართული ოცნება" საქართველოს სუვერენიტეტზე ზრუნავდა:
„დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, თუ რას იცავენ — ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს, რომელიც შევა ევროკავშირში, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, რომელსაც პატივს სცემენ, თუ როგორც მორიგი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ხმის უფლება. ჩვენი მთავრობა მოგვიწოდებს სწორედ საამაყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩენას!”.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს, რუსეთიდან მართულმა გვერდებმა ეს ნაბიჯი დესტაბილიზაციისა და პოლიტიკურ კრიზისში ჩათრევის მცდელობად წარმოაჩინეს. ამასთანავე, სტატიებში აღნიშნული იყო, რომ ოპოზიციის მიზანია ამ ნაბიჯებით ევროკავშირისგან მეტი დაფინანსების მოპოვება, რადგან აშშ ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ მათ ნაკლებ დაფინანსებას გამოუყოფს.
ამასთანავე, ცალკე სტატია მიეძღვნა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას. მას ბრალს სდებდნენ კონსტიტუციის დარღვევაში, მსჯავრდებულების პირადი სარგებლობისთვის შეწყალებასა და კორუფციაში. ამასთანავე, აღნიშნული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
გზავნილი N6: ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოსთვის სანქციების დაწესებით დესტრუქციულ უმცირესობაზე ზრუნავს
რუსული ქსელი აკრიტიკებდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 პირის მიმართ სანქციების დაწესების გამო. სტატიაში ვრცელდებოდა დეზინფორმაციული გზავნილი, თითქოს ზელენსკიმ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ დააწესა და ამით იმ უმცირესობაზე ზრუნავდა, „რომელიც ისედაც იღებს ფულს დასავლეთიდან მათი დესტრუქციული საქმიანობისთვის". ამასთანავე, აღნიშნული იყო, რომ საქართველო უკრაინას ომის დროს ეხმარებოდა.
გზავნილი N7: „ქართული ოცნება” ლეგიტიმური მთავრობაა, მიხეილ ყაველაშვილი კი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ რუსულმა ქსელმა მხარდაჭერა გამოხატა „ქართული ოცნების" მიმართ. სტატიაში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად იყო გამოცხადებული და აღნიშნული იყო, რომ მისი ლეგიტიმურობა ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აღიარეს:
„არჩევნების ლეგიტიმურობა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაადასტურა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ჩატარებულად, ხოლო არჩეული პარლამენტი კანონიერად აღიარეს. არჩევნების შედეგები ასევე დაადასტურა ISFED-მა, მან განაცხადა, რომ ისინი შეესაბამება მათ მიერ ჩატარებულ კვლევას”.
რუსული ქსელი მხარს უჭერდა მიხეილ ყაველაშვილსაც და მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებდა. ამასთანავე, ხდებოდა დასავლელი დიპლომატებისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია არჩევნების არაღიარების გამო:
„მაგრამ არჩევნები გაიმართა, პრეზიდენტი არჩეულია და მალე თავის მოვალეობებს შეუდგება. ახალი სახელმწიფოს მეთაურმა უკვე დაიწყო უცხოელი კოლეგებისგან მილოცვების მიღება. მიხეილ კაველაშვილს პირველმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცა.
აქვს თუ არა უფლებამოსილება პრეზიდენტს, რომლის ვადა ამოიწურა, და სკანდალურ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში ცდილობენ გავლენის მოხდენას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ჩვენი ქვეყნისთვის პირობების კარნახის უფლება?”.
რუსულ ქსელთან დაკავშირებული გვერდები, რომლებიც არჩევნების შემდეგ მოქმედებენ
„სამართლიანმა არჩევნებმა” არჩევნების შემდეგ მოქმედი 6 ქართულენოვანი გვერდი აღმოაჩინა, რომლებიც რუსულ ქსელთან იყვნენ დაკავშირებული. მათგან პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციას 3 ქართულენოვანი გვერდი ეწეოდა: Suluguni Daily, Marketing Modest და Georgian Pulse. ამასთანავე, ანტიდასავლური, ოპოზიციისა და პრეზიდენტის საწინააღმდეგო პოსტებით გამოირჩეოდა გვერდიც Tbilisi Chronicles. ამჟამად მათგან 1 მოქმედებს: Suluguni Daily, დანარჩენი 3 კი აღარ იძებნება. აღნიშნული გვერდების ნაწილი იუმორისტულ „მიმებს” აქვეყნებდა, რომელთაც პროპაგანდისტული შინაარსი აქვთ, ნაწილი კი საინფორმაციო სააგენტოებად პოზიციონირებდა. სტატიების გასავრცელებლად გამოიყენება ტელეგრამის მიერ შექმნილი პორტალი https://telegra.ph/, რომელიც პროპაგანდისტული სტატიების შეფარულად გასავრცელებლად გამოიყენება. გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამები გაუმჭვირვალედ, Meta-ს წესების დარღვევით ქვეყნდებოდა. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის თანხა იხარჯება რეკლამებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გვერდებს სულ რამდენიმე გამომწერი ჰყავთ, დარეკლამებული პოსტები კი მალევე წვდება დიდ აუდიტორიას.
გვერდებზე გამოქვეყნებული მაღალინტერაქციული, დარეკლამებული პოსტების მაგალითები
ორგანიზაციის დაკვირვებით, რუსულ ქსელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი გვერდი, Tbilisi Insider, რომელმაც რელიგიური შინაარსის დარეკლამებული პოსტი და სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი სტატია გამოაქვეყნა.
„სამართლიანმა არჩევნებმა” გამოიყენა რუსულ ქსელთან დაკავშირებული სხვა გვერდებიც, რომლებიც აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ოპერირებენ და ამ ქვეყნების აუდიტორიაზე მუშაობენ. კერძოდ, აზერბაიჯანულ ენაზე მოქმედებს 3 ფეისბუქგვერდი: Xəbərlər və hadisələr, Azerbaijan Daily და Bizim Azərbaycan, სომხურ ენაზე კი 1 გვერდი: Verlutsaban. აღნიშნული გვერდებიც ქართულენოვანი გვერდის მსგავს ტაქტიკებს იყენებენ.
რუსული ქსელის მოქმედების ტაქტიკებისა და გზავნილების ევოლუცია
საქართველო რუსული საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე მრავალი წელია ხდება. ბოლო წლებში რუსეთი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის განსაკუთრებით აქტიურად იყენებს სოციალური მედიის პლატფორმებს. 2023 წლის დასაწყისში „სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნა ანგარიში რუსეთიდან მართული ქსელის შესახებ, რომელიც 2022 წლიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალ ქვეყნებში სოციალური მედიის პლატფორმებზე ადგილობრივ ენებზე ოპერირებდა.5 პირველ ეტაპზე ქსელში სულ მცირე 6 ფეისბუქგვერდი, 4 ინსტაგრამ ანგარიში, 3 ტელეგრამ არხი, 1 ტიკტოკ ანგარიში და 2 ვებგვერდი შედიოდა. ამ პერიოდში ქსელის მიზანი, ძირითადად, პრორუსული და ანტიდასავლური ნარატივების შეფარულად გავრცელება იყო. ქსელში შემავალი გვერდების ნაწილი ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედებდა6 - თავს ვალიდურ საინფორმაციო სააგენტოდ წარმოაჩენდა, სინამდვილეში კი მხოლოდ შერჩევით, პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებდა. გვერდების ნაწილი კი იუმორისტული შინაარსის ე.წ. მიმებს ავრცელებდა, რომლებსაც გაუმჭვირვალედ არეკლამებდა და ამით უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლას ცდილობდა. ამასთანავე, გვერდების პოსტები კოორდინირებულად, არაავთენტური ანგარიშების საშუალებით სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდებოდა. გვერდები ქვეყნების ადგილობრივ კონტექსტზე კარგად იყვნენ მორგებული, მგრძნობიარე საკითხებზე აპელირებდნენ და ცდილობდნენ, ერთი მხრივ, რუსეთი რეგიონის მთავარ მოკავშირედ, ხოლო მეორე მხრივ დასავლეთი მთავარ საფრთხედ წარმოეჩინათ. მოგვიანებით Meta-მ „სამართლიანი არჩევნების” რეპორტინგის საფუძველზე აღნიშნული ქსელი საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა.
შეზღუდვის მიუხედავად, რუსული ქსელი ფეისბუქზე დაბრუნებას ცდილობს და პერიოდულად ახალ გვერდებს ქმნის. ისინი მეორედ განსაკუთრებით გააქტიურდნენ მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო. ქსელის იმდროინდელი ამოცანა იყო სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელება. ამ პერიოდში ქართულ ენაზე მოქმედებდა 5 ფეისბუქგვერდი, 1 ინსტაგრამ ანგარიში, 1 ტელეგრამ არხი და 1 ახალი ვებგვერდი (sakartvelo-today.org). ქსელი კვალსაც მალავდა - პოსტებს მხოლოდ რეკლამების სახით აქვეყნებდნენ და ვადის გასვლის შემდეგ ის გვერდზე პოსტის სახითაც აღარ იძებნებოდა. ქსელი ავრცელებდა გზავნილებს, თითქოს ევროკავშირში გაწევრება ქართულ ტრადიციულ ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო და საქართველოს გაწევრება ფუჭ დაპირებას წარმოადგენდა.7
2024 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ რუსული საინფორმაციო ოპერაცია უკვე მმართველი პარტიის ღიად მხარდამჭერ კამპანიაში გადაიზარდა. გაუმჭვირვალედ დასპონსორებული კამპანია, ერთი მხრივ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონისა და „ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, მეორე მხრივ კი ევროკავშირის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამასთანავე, კამპანია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი იყო.8
Meta-მ 2024 წელს საკუთარი პლატფორმებიდან რუსეთიდან მართული ქსელი წაშალა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კომპანიის წესების დარღვევით მოქმედებდა. Meta-ს 2024 წლის აგვისტოს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, გვერდების რეკლამებში ჯამურად 77 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა. კომპანია ანგარიშში წერდა, რომ ანონიმური ქსელი ღიად უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას” და რუსული კანონის საპროტესტო აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ეწეოდა.
რუსული ქსელი აქტიურად მოქმედებდა საარჩევნო პერიოდშიც.9 ამ პერიოდში „სამართლიანი არჩევნები” 4 მოქმედ გვერდს დააკვირდა: “Georgia Breaking News”, “L’s Magazine”, “Tbilisi Chronicles” და “Georgian Pulse”. მათი ნაწილი პროპაგანდისტულ „მიმებს” არეკლამებდა, ნაწილი კი საინფორმაციო სააგენტოდ პოზიციონირებდა. ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების საწყის ეტაპზე რუსულ ქსელთან დაკავშირებული იყო ვებგვერდი Sakartvelonews.com, რომლის გავრცელებაც, სავარაუდოდ, მალევე შეიზღუდა. ამის შემდეგ ქსელმა ახალი ტაქტიკის გამოყენება დაიწყო - ახალი ამბების სტატიებს ვებგვერდის https://telegra.ph/-ის საშუალებით აზიარებს. აღნიშნული პორტალი ტელეგრამის მიერაა შექმნილი და ანონიმურად სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობას იძლევა. მსგავსი ტაქტიკის გამოყენების მიზანი, სავარაუდოდ, Meta-ს შეზღუდვებისგან თავის არიდებაა. საარჩევნო პერიოდში გვერდები კვლავ იყენებდნენ გაუმჭვირვალე დარეკლამების ტექნიკას. გვერდები საარჩევნო პერიოდში აქტიურად ავრცელებდნენ გზავნილს, რომ თითქოს არჩევნების შემდეგ აშშ და ევროკაშირი საქართველოში ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის დახმარებით ფერადი რევოლუციის მოწყობას აპირებდნენ.
შეჯამება
რუსული გავლენის ოპერაციების ბოლოდროინდელი ტენდენციები აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული გზავნილები არამხოლოდ საქართველოს საგარეო კურსს, არამედ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც აქტიურად ეხება. აშკარაა, რომ რუსული პროპაგანდისტული კამპანიები სწორედ იმ პერიოდებში აქტიურდება, როცა ქვეყნის პოლიტიკური გარემოსთვის მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. აღნიშნული ოპერაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიის სოციალური მედიის პლატფორმებზე 2022 წლის გაზაფხულიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დაიწყო, აქტიურობდა ქვეყანაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის დროს, შემდეგ კი წინასაარჩევნო პერიოდში ანტიოპოზიციური და „ქართული ოცნების” მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო. ამჟამად გვერდების მთავარი სამიზნე პროევროპული აქციებია. მსგავსი ანონიმური, კოორდინირებული კამპანიების მიზანია საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე პოლარიზაციის გაღვივება, რისთვისაც რუსული ქსელის უკან მდგარი ჯგუფის მხრიდან ფინანსური რესურსი იხარჯება.
[1] ISFED, 2023. რუსული საინფორმაციო ოპერაცია სამხრეთ კავკასიაში: სოციალურ ქსელებში მოქმედი ანგარიშები და მათი გზავნილები. https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/rusuli-sainformatsio-operatsia-samkhret-kavkasiashi-sotsialur-qselebshi-moqmedi-angarishebi-da-mati-gzavnilebi-
[2] Meta Quarterly Adversarial Threat Report Q2 2024. https://transparency.meta.com/metasecurity/threat-reporting
[3] ISFED, 2024. რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ევროკავშირის წინააღმდეგ https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/rusuli-sainformatsio-operatsia-saqartveloshi-mmartveli-partiis-sasargeblod-da-evrokavshiris-tsinaaghmdeg
[4] ISFED, 2024. სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში (27 აგვისტო - 20 სექტემბერი). https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/sotsialuri-mediis-monitoringis-pirveli-shualeduri-angarishi-27-agvisto-20-seqtemberi